კალათბურთი

13:55 | 22.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფინეთი მსოფლიოზე ვეტერანებით მიდის

ფინეთის საკალათბურთო ნაკრების ხელმძღვანელობამ ის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა, რომელიც ქვეყნის ღირსებას 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დაიცავს.

ესპანეთში დაგეგმილ ტურნირზე, რომელიც 30 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე პერიოდში შედგება, შოუნ ჰაფი (ლუდვიგსბურგი, გერმანია), მიკო კოივისტო (თავ. აგენტი), პეტერი კოპონენი (ხიმკი, რუსეთი), ტუუკა კოტი (ბიზონსი), ჯერალდ ლი (პლოეშტი, რუმინეთი), ანტერო ლეჰტო (ტამპერე), ერიკ მერფი (კლივლენდი, აშშ), კიმო მუურინენი (თავ. აგენტი), ჰანო მოტოლა (თავ. აგენტი), მატი ნუუტინენი (ბიზონსი), ტეემუ რანიკო (კატაია) და სასუ სალინი (ოლიმპია, სლოვენია) ითამაშებენ.

როგორც ხედავთ, ფინეთის ნაკრებში ეროვნული ჩემპიონატიდან 4 კალათბურთელია, კიდევ 3 კი ამჟამად უგუნდოდ იმყოფება. კვლავაც გუნდში არიან ფინელთა უბერებელი ვეტერანები – ჰანო მოტოლა და ტეემუ რანიკო. საინტერესოა, რომ ორივე ამ კალათბურთელს დაბადების დღე 9 სექტემბერს აქვს – მოტოლა 38 (!) წლის ხდება, რანიკო კი – 34-ის.

ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ბოლო წამს გამოირიცხა ფინეთის ნაკრებში “ვაშინგტონ უიზარდსის” ფორვარდ დრიუ გუდენის თამაში. ამ უკანასკნელს დედა ფინელი ჰყავს და ორმაგი მოქალაქეობის მიღებას ცდილობდა, თუმცა, გარკვეული პროცედურების გავლა ვერ მოასწრო.

შეგახსენებთ, რომ ფინეთი მსოფლიო პირველობაზე C ჯგუფში მოხვდა, სადაც თამაში აშშ-ს, თურქეთის, უკრაინის, ახალი ზელანდიის და დომინიკის რესპუბლიკის ნაკრებთა წინააღმდეგ მოუწევს.

0.117031