ფილიპო ინძაგიმ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობა განიზრახა და “მილანის” ახალგაზრდული გუნდის დამრიგებელი გახდა. “როსონერის” ხელმძღვანელობა პიპოს ერთწლიანი მუშაობით კმაყოფილია და ყოფილ ფორვარდს 2016 წლამდე გაუხანგრძლივა კონტრაქტი. ინძაგიმ ფეხბურთელთაგან პირველმა მოახერხა ყველა საკლუბო ტურნირში (კონტინენტის გათამაშებებსა და მსოფლიოს საკლუბო პირველობას ვგულისხმობთ) გოლის გატანა, 68 გოლით ევროთასების ისტორიაში რაულთან ერთად ყველაზე შედეგიანი ფორვარდია, “მილანის” თავდამსხმელთაგან ევროტურნირებზე ყველაზე მეტი (39) გოლი აქვს გატანილი, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული აქვს მოპოვებული ნაკრებთა და კლუბთა შორის, ჩემპიონთა ლიგაც მოუგია და სკუდეტოც. “მილანის” ვეტერანი გოლეადორი ფილიპო ინძაგი პლანეტის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი აპენინელი ფეხბურთელია და მის ინტერვიუს გულშემატკივრები გულისყურით ეცნობიან.
- მწვრთნელის პროფესიაში ყველაზე მეტ სირთულეს რა წარმოადგენს?
- “მილანის” ახალგაზრდულ გუნდთან მუშაობა სუფთა ფურცლიდან დავიწყე. ჩემი აზრით, კარგად მოვახერხე სადამრიგებლო შტაბთან საერთო ენის გამონახვა და თვითკრიტიკულიც ვარ. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ბიჭებთან ურთიერთნდობაზე აწყობილი დამოკიდებულება მაქვს. შარშან მაისში ძალიან გამიჭირდა ფეხბურთიდან წასვლის გადაწყვეტილების მიღება. მოგვიანებით ეს ნაბიჯი ადრიანო გალიანის, მეუღლისა და ძმის რჩევის შემდეგ მივიღე. სწორედ მათ დამარწმუნეს, რომ სამოთამაშეო კარიერისთვის წერტილი უნდა დამესვა. მათ ამისთვის მადლობას ვუხდი – მწვრთნელად გახდომის შემდეგ ფეხბურთში დავრჩი და ბედნიერი ვარ.
- თქვენი ყოფილი თანაგუნდელი ჯენარო გატუზო ახალი სეზონიდან სამხრეთულ “პალერმოს” გაწვრთნის. როგორ გგონიათ, ისეთ მძიმე პიროვნებასთან, როგორიც კუნძულელთა პრეზიდენტი ძამპარინია, რინო საერთო ენას გამონახავს?
- ვფიქრობ, რინომ სწორი არჩევანი გააკეთა. გატუზოს ყველა საიმისო თვისება აქვს, რაც მას კარგ მწვრთნელად ჩამოყალიბებაში დაეხმარება. საამისოდ “პალერმო” მშვენიერი ვარიანტია.
- თქვენი სადამრიგებლო კარიერა სულ რაღაც წელიწადს ითვლის. მწვრთნელობა “მილანის” ახალგაზრდულ სექტორში მუშაობით დაიწყეთ, ცოტა ხნის წინათ კი პრიმავერას ხელმძღვანელად გადაგიყვანეს და ხანგრძლივი კონტრაქტიც გაგიფორმეს. მოვლენათა ამგვარ განვითარებას ელოდით?
- ამ ჟესტით კლუბმა კიდევ ერთხელ მაგრძნობინა, რომ მენდობა. ხელშეკრულების გაგრძელებამ გამახარა, მაგრამ ყველაფერს რეალურად ვუყურებ და ვიცი, ახალ ამპლუაში თანდათან უნდა მოვუმატო. ასე იყო ფეხბურთელობისას – წარმატებას ნაბიჯ-ნაბიჯ ვაღწევდი. “მილანში” დიდი ხნით ვაპირებ დარჩენას. ჩემთვის “როსონერის” მაისური ლამის მშობლიური გახდა. ყოველმხრივ ვცდილობ, ბიჭებს “მილანისადმი” პატრიოტული გრძნობა გავუღრმავო.
- ახალი საფეხბურთო სეზონიდან მასიმილიანო ალეგრისა და “მილანის” ძირითად გუნდთან მჭიდრო ურთიერთობა მოგიწევთ...
- მილანელოში მუშაობა უდიდეს სიამოვნებას მომანიჭებს. ჩემთვის ეს ყველასგან გამორჩეული და განსაკუთრებული ადგილია. როდესაც ერთწლიანი პაუზის შემდეგ აქ დავბრუნდი, აღელვებისგან მუხლები ამიკანკალდა. კლუბმა გადაწყვიტა ნიჭიერი ახალგაზრდა თაობა თავად აღზარდოს. ალეგრის უკვე ვესაუბრე. მასიმილიანოსთან ერთად ვარჯიშებს სამშაბათობით და ხუთშაბათობით ჩავატარებ. ეჭვიც არ მეპარება, ალეგრისთან ნაყოფიერი თანამშრომლობა მექნება.
- წარმოიდგინეთ, რომ რომელიმე უცხო ადამიანმა გთხოვათ, პიპო ინძაგი დამიხასიათეო, რა პასუხს გასცემთ?
- ვეტყვი, რომ მის წინაშეა ადამიანი, რომელსაც საკუთარი ძალიან საქმე უყვარს და მთელი არსებით ემსახურება. ხანდახან მეჩვენება, რომ ფეხბურთო ზომაზე მეტად მიყვარს. სწორედ ესაა ჩემი წარმატებული საფეხბურთო კარიერის საიდუმლო. ჩემი საფეხბურთო ბიოგრაფიის ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი კი საკუთარი შესაძლებლობებისადმი ურყევი რწმენა იყო და რთულ პროფესიას, მწვრთნელობასაც, ამ განწყობით მოვეკიდე.