- როგორ საასპარეზო სტრატეგიას ელით “ინტერისგან” - ყველანი დაცვაში?
- ჟოზე მოურინიომ მართლაც საათის მექანიზმივით აწყობილი დაცვის ხაზი ჩამოაყალიბა. მილანელთაგან, დაახლოებით ისეთსავე თამაშს ველი, როგორიც მათ ბარსელონას “კამპ ნოუზე” აჩვენეს. მეტოქე 3 ფორვარდით იასპარეზებს, მუდმივად მოძრაობაში იქნებიან, ოღონდ, გუნდის შემტევები დიდ დროს დაცვით ოპერაციებსაც დაუთმობენ.
- “ინტერს”, “ბარსელონაზე” უფრო ძლიერ გუნდად მიიჩნევთ?
- მილანელებმა ფინალისკენ მიმავალი გზიდან “ბარსელონაც” ჩამოიცილეს და “ჩელსიც”. თქმა არ უნდა, მოურინიომ შთამბეჭდავი ანსამბლი შეკრა, მაგრამ, უნდა ვაღიარო – ფინალში კატალონიელებთან დაპირისპირებას, მაინც ჩრდილოაპენინელებთან შებმა გვერჩივნა.
- ყველაზე მეტად, მეტოქის რომელ ფეხბურთელს უფრთხით?
- “ინტერი” უფრო კოლექტიური თამაშითაა ძლიერი, ვიდრე ინდივიდუალური შემსრულებლებით, ამიტომაც, მთლიანად გუნდის განეიტრალება გვმართებს და არა ცალკეული ფეხბურთელების.
- რიბერის დისკვალიფიკაცია დიდი დანაკლისია?
- სეზონის განმავლობაში არაერთი წამყვანი წევრი გვყავდა ტრავმირებული, მაგრამ ნებისმიერის შეცვლას სათანადოდ ვახერხებდით. ტურინსა და ლიონში მოპოვებულმა გამარჯვებებმა ყველა დაარწმუნა, “ბაიერნის” თამაში ფრანკზე დამოკიდებული რომ არაა.
- ლუის ვან გაალისა და ჟოზე მოურინიოს სადამრიგებლო დაპირისპირებაზე რას იტყოდით?
- ჩვენი მწვრთნელი მეტოქის დამრიგებელზე 10 წლით უფროსია, გამოდის, უფრო გამოცდილიც.
- მათი საფეხბურთო ფილოსოფიები დიდად განსხვავდება ერთმანეთისგან?
- მოურინიო “ბარსელონაში” ვან გაალის ასისტენტი იყო, მასწავლებელსაც კი უწოდებდა. მაგრამ, შემდგომში, თანდათანობით, პორტუგალიელმა საკუთარი სტილის შემუშავება-დანერგვას წარმატებით მიჰყო ხელი. მოურინიო, ვან გაალისგან განსხვავებით, განსაკუთრებულ ყურადღებას დაცვაში თამაშს უთმობს. პირენელის დამოძღვრილი გუნდები დიდ ყურადღებას არ აქცევენ ბურთის ფლობას, მოწინააღმდეგის შეცდომას უდარაჯდებიან და მეტოქის ლაფსუსს სათავისოდ იყენებენ.
- ხომ არაა საიმისო საშიშროება, “ბაიერნი” შებოჭილად რომ ითამაშებს?
- არა. გაიხსენეთ ჩვენი ბოლო მატჩი. გერმანიის თასის ფინალში “ვერდერის” წინააღმდეგ, შედეგზე მეტად, თამაშისგან სიამოვნების მიღებაზე ვფიქრობდით და ბრემენელებს 4:0 ვძლიეთ. ისე, არც საფეხბურთო გონიერება დაგვიკარგავს და შედეგად, დუბლი გავიფორმეთ. ახლა, ჯერი ჰეთ-თრიკზეა.
- “ბაიერნის” საამსეზონო ტრიუმფის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი რაა?
- თამაშის ხარისხი და დისციპლინა. სწორედ ამ თვისებების კიდევ უფრო გაუმჯობესებით, სამომავლოდ, კიდევ უფრო უკეთ ავთამაშდებით.
- მომქანცველ სეზონს უმთავრესი შეხვედრით ასრულებთ. “ინტერთან” დაპირისპირებისას, დაღლილობა ხელს არ შეგიშლით?
- ფეხბურთი ძალიან მიყვარს, მისგან არასდროს ვიღლები, ენერგიის აღდგენას კი, მატჩებს შორის პაუზით ვახერხებ.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ