„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი ფილ ჯონსი ინგლისის ეროვნული ნაკრების დამრიგებელმა როი ჰოჯსონმა სამუნდიალე განაცხადში შეიყვანა. ალბიონელთა უპირველესი საფეხბურთო გუნდის უკანახაზელს ჟურნალისტებმა ბლიც-ინტერვიუ ჩამოართვეს, რომელიც ჩვენი ვებგვერდის მკითხველსაც გვინდა შევთავაზოთ.
- რას ნიშნავს თქვენთვის ინგლისის ეროვნული ნაკრების მაისურათი ბრაზილიაში, მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრება?
- უდიდესი პატივია, მ სოფლიოს უპირველეს საფეხბურთო ფორუმზე საკუთარ ქვეყანას წარმოადგენდე. ამაზე ნებისმიერი ფეხბურთელი ოცნებობს. მოხარული ვარ, როი ჰოჯსონმა სამუნდიალე შემადგენლობაში რომ შემიყვანა.
- თქვენი აზრით, საფეხბურთო მცველი უპირველესად რით უნდა იყოს გამორჩეული?
- ალბათ, მაინც კონცენტრაციით. ფეხბურთელს მინდორზე ბევრი თვისების წარმოჩენა სჭირდება, მაგრამ თუკი ყურადღება წამით მოადუნა, ამან შესაძლოა დამღუპველად იმოქმედოს მატჩის საბოლოო შედეგზე.
- ინგლისში პრემიერლიგის მოთამაშეები ბევრ ნომინაციაში ავლენენ საუკეთესოს. გამონაკლისი არც ლამაზი და ეფექტური გოლების კონკურსია. თქვენ რომელ გოლს მიეცით ხმა?
- ამ შემთხვევაში არჩევნის გაკეთება არ გამჭირვებია. უეინ რუნის მიერ „ვესტ ჰემის“ კარში შეგდებული ბურთი სეზონის საუკეთესო გოლია. პატრის ევრას მიერ მიუნხენში გატანილ გოლსაც აღვნიშნავდი, თუცა, რუნის საფეხბურთო შედევრს პირველ ადგილზე ვაყენებ.
- ვარჯიშზე ამ გოლზე უკეთესი არ გინახავთ?
- ფანტასტიკური ბურთი გაიტანა რაიან გიგზმა. გუნდის ორმხრივი თამაშისას მან მარცხენათი ბურთი გასაოცარი ტრაექტორიით მოჭრა და ცხრიანში გაახვია. საერთოდ, ვარჯიშებისას გიგზს უამრავი დასამახსოვრებელი ბურთი აქვს გატანილი.