ფიფას პრეზიდენტის მოახლოვებულ არჩევნებს რომ მხოლოდ ფიქციის სახე აქვს და მსოფლიო ფეხბურთს, მომავალი 4 წლის განმავლობაში კვლავ ზეპ ბლატერი რომ უხელმძღვანელებს, ეს ყველასათვის ნათელია. შესაბამისად, ყველა ფიქრობს, რომ ფიფას არჩევნები მონოტონურად და ”ტაშის გრიალში“ ჩაივლის (ყატარელ მოჰამედ ბინ ჰამანს, რომელიც ბლატერის კონკურენტია, მხარს დელეგატების მხოლოდ 15% უჭერს), რადგან ბოლო პერიოდში ფიფას მიმართ ხმამაღალი საყვედური მხოლოდ ინგლისელმა საფეხბურთო ჩინოსნებმა გამოთქვეს და სულ ეს იყო... თუმცა, აღმოჩნდა, რომ ფიფა მთლად მშვიდად ვერ ჩაატარებს ფიქციად ქცეულ არჩევნებს და ამ ყველაფერს ისეთი ოდოიზური ადამიანები დაუპირისპირდებიან, როგორებიც ევროპელი ანტიგლობალისტები არიან.
ანტიგლობალისტების დიდი დაჯგუფებები კოორდინირებულად ეცდებიან გააპროტესტონ ფიფას (როგორც გლობალისტური ფენომენის) არსებობა და იქ მიმდინარე არჩევნებიც. ფიფას აღნიშნული შეხვედრა, რა თქმა უნდა, შვეიცარიაში გაიმართება და იქაური სამართალდამცავები დახმარებას უკვე სთხოვენ მეზობელ ქვეყნებს, რომ შვეიცარიაში არ გადმოუშვან ნაგიჟარი ანტიგლობალისტები. თუმცა, ევროკავშირის მოღიავებული საზღვრების პირობებში, ძალიან ძნელი იქნება ამის მოხერხება.
როგორც ანტიგლობალისტები იმუქრებიან, ფიფას არჩევნებს მთელი ევროპიდან შვეიცარიაში ჩასული 300 ათასი ანტიგლობალისტი გააპროტესტებს და თუკი მათ უსაზღვრო ფანტაზიასა და არეულობისადმი მიდრეკილებას გავითვალისწინებთ, ფიფას მაღალჩინოსნებს მთლად მშვიდად ყოფნის იმედი მაინცადამაინც არ უნდა ჰქონდეთ.