ფეხბურთი

20:44 | 25.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

FIFA დიეგო კოსტას ბრაზილიის ნაკრებში გამოძახებას უარყოფს

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო FIFA უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ნოემბერში გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის, ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუიშ ფელიპე სკოლარიმ ეროვნულ გუნდში დიეგო კოსტას უხმო.

როგორც იცით, ბოლო დროს, ესპანელებსა და ბრაზილიელებს შორის დავის საგანი მადრიდის “ატლეტიკოს” სამხრეთ ამერიკელი და მოგვიანებით გაესპანელებული თავდმსხმელი დიეგო კოსტაა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ესპანელებს კოსტას ნაკრებში გამოძახება ნამდვილად სურთ, ხოლო ბრაზილიელთა ამოცანა მათთვის მიზნის მიღწევაში ხელის შეშლაა. აღნიშნულის ვარაუდის კიდევ ერთ საფუძველს ის გვაძლევს, რომ ახლახანს, ლუიშ ფელიპე სკოლარიმ დიეგო კოსტას ნაკრებში გამოძახების შესახებ განცხადება გააკეთა, ხოლო ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ საჭირო საბუთები FIFA-ში უკვე გადაგზავნილია, მაგრამ ეს ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა.

ინფორმაციის გადასამოწმებლად, მადრიდულმა AS-მა FIFA-ს წერილობით მიმართა და პასუხად მიიღო, რომ ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციიდან, დიეგო კოსტას ნაკრებში გამოძახებასთან დაკავშირებით, არანაირი დოკუმენტი არ მიუღიათ. “სკოლარიმ უნდა განმარტოს, რატომ თქვა მან, რომ დოკუმენტები გამოგზავნილია. ჩვენთვის, ამ განცხადების მიზეზი უცნობია.” – ვკითხულობთ FIFA-ს პასუხში.

0.117102