მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო (FIFA) ბრაზილიის სასამართლომ 210 ათასი ამერიკული დოლარით დააჯარიმა. ამის მიზეზი კონფედერაციის თასის დროს ბილეთების გაყიდვის ცუდად ორგანიზებაა.
ბრაზილიის სასამართლოში სარჩელი ფეხბურთის 8 გულშემატკივარმა აღძრა, რომლებმაც, ბილეთების შეძენის მიუხედავად, კუთვნილ ადგილზე დაჯდომა ვერ მოახერხეს. ეს ფაქტი 16 ივნისს, ესპანეთსა და ურუგვაის შორის გამართულ შეხვედრაში დაფიქსირდა. მომჩივანთა ადვოკატის განცხადებით, გულშემატკივართა ნაწილი იძულებული იყო თამაშისთვის თვალი კიბიდან ედევნებინა, ხოლო რამდენიმე მათგანმა სტადიონი დატოვა.