კალათბურთი

22:54 | 3.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფიბა-ს რეიტინგში საქართველოს 53-ე ადგილი უკავია

კონტინენტური ჩემპიონატების დასრულების შემდეგ, მსოფლიო კალათბურთის მმართველმა ორგანიზაციამ (ფიბა) სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც 85 ქვეყანა ფიგურირებს.

საქართველოს ეროვნული გუნდი, რომელმაც გასულ ევრობასკეტზე პირველ ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩა, კლასიფიკაციაში 3 ადგილით დაქვეითდა და 10.0 ქულით 53-ე პოზიცია უკავია.

ქართველ კალათბურთელთა წინ 10.8 ქულით ყაზახეთია, უახლოესი მდევარი კი კაბო-ვერდეა (!), რომელსაც 9.8 ქულა გააჩნია.

ევროპულ გუნდთაგან ყველაზე დიდი პროგრესი ბელგიის ნაკრებმა განიცადა, რომელიც 26 საფეხურით დაწინაურდა და 11.0 ქულით 50-ე ადგილს უწია.

ცხადია, რომ რეიტინგის სათავეში აშშ-ს ნაკრები იმყოფება 940 ქულით, მეორეადგილოსანი ესპანეთის აქტივში კი 885 ქულაა. ეს გუნდები მე-3 პოზიციაზე მყოფ არგენტინას (490 ქულა) საგრძნობი უპირატესობით უსწრებენ.

თუკი ცალკე ევროპულ რეიტინგს ავიღებთ, ამ შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები 23-ეა და მხოლოდ ბოსნია-ჰერცეგოვინას, შვედეთს და ჩერნოგორიას უსწრებს.

ევროპაში ესპანეთის უახლოესი მდევრები ლიტვა (432), საბერძნეთი (376), რუსეთი (353), თურქეთი (294), საფრანგეთი (280), სერბეთი (194), სლოვენია (158), გერმანია (144) და ხორვატია (137) არიან.

0.112204