ფიბა-მ იმ 4 "ვაილდ ქარდის" მფლობელთა ვინაობა დაასახელა, რომლებიც მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატს შეავსებენ. მუნდიალზე დარჩენილი 4 ვაკანტური ადგილი მსოფლიო კალათბურთის მმართველმა ორგანომ საკუთარი შეხედულებისამებრ შეავსო.
ამ 4 საგზურიდან 3 ევროპულ ქვეყანას ერგო, რაც იმას ნიშნავს, რომ "ველური ბარათების" მფლობელები ევრობასკეტ 2015-ის შესარჩევ ტურნირში მონაწილეობას არ მიიღებენ.
ეს სამი იღბლიანია ფინეთი, საბერძნეთი და თურქეთი. ეს ნაკრებები 3 თებერვალს გასამართ ევრობასკეტ 2015-ის შესარჩევი ტურნირის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
ამ ქვეყნებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურებთან ერთად ავტომატურად მიიღეს უკრაინაში გასამართი კონტინენტის პირველობის საგზურებიც (მე-4 "უაილდ ქარდი" ბრაზილიამ მიიღო).
აქვე ვთქვათ, რომ "ვაილდ ქარდის" მიღებაზე ფიბა-ში ევროპიდან განაცხადი (და გვარიანი თანხა) ჰქონდათ შეტანილი რუსეთს,
ამგვარად, ევრობასკეტ 2015-ზე ასპარეზობის უფლება მოპოვებული აქვთ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასულ 10 ევროპულ გუნდს (ესპანეთი, ხორვატია, საფრანგეთი, უკრაინა, სერბეთი, ლიტვა, სლოვენია, თურქეთი, საბერძნეთი, ფინეთი) და პლიუს ესტონეთს, რომელმაც გასულ აგვისტოში ევრობასკეტ 2013-ის მიღმა დარჩენილ გუნდებში გათამაშებული 2015 წლის საგზური მოიგო.
ევრობასკეტ 2015-ის 11 საგზურის მფლობელი ცნობილია, შესაბამისად დარჩენილია 13 საგზური, რომელთა მოსაპოვებლად ქვემოთ მოყვანილი 26 გუნდი იბრძოლებს. ბოლოში გთავაზობთ ნაკრებების ჩამონათვალს ფიბა-ევროპას მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით. სიიდან ფინეთისა და საბერძნეთის ამოვარდნით (თურქეთი ქართველებზე დაბლა იყო რეიტინგში) საქართველომ მე-14 ადგილიდან მე-12-ზე აინაცვლა.
ფიბა-ევროპამ გუშინ გამოაცხადა, რომ შეიქმნება 4-გუნდიანი ჯგუფები. რაკი "ვაილდ ქარდი" 3-მა ნაკრებმა მიიღო, კენჭისყრაში მონაწილე გუნდების რაოდენობა 29-დან 26-ამდე შემცირდა და თუ რა რაოდენობის და რამდენგუნდიანი ჯგუფი შეიქმნება, ამას ევროკალათბურთის მმართველ ორგანოში გადაწყვეტენ. სავარაუდოდ, 4 ოთხგუნდა და 2 ხუთგუნდა ჯგუფები გაკეთდება.
საქართველოს ნაკრები მეორე კალათაში იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ჯგუფში არ მოხვდება რუსეთი, ისრაელი, მაკედონია, დიდი ბრიტანეთი და შესაძლოა, ჩეხეთიც. თუმცა ცოტაც და ყველაფერს დაწვრილებით შევიტყობთ - 3 თებერვალს, ბარსელონაში მდებარე სასტრუმო "მეჯისტიკში" ევრობასკეტ 2015-ის კენჭისყრა გაიმართება. ღონისძიება თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.
ფიბა-ევროპის მიმდინარე რეიტინგი
იტალია
ბელგია
გერმანია
ჩეხეთი
დიდი ბრიტანეთი
მაკედონია
ისრაელი
რუსეთი
საქართველო
შვედეთი
პოლონეთი
ბულგრეთი
ბელარუსი
შვეიცარია
ავსტრია
ისლანდია
პორტუგალია
სლოვაკეთი
დანია
უნგრეთი
რუმინეთი
ჰოლანდია
ლუქსემბურგი
www.gbf.ge