ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია დიტმარ ჰამანის “ბოლტონიდან” “მანჩესტერ სიტიში” ტრანსფერს შეისწავლის. გერმანელმა ფეხბურთელმა “ქალაქელებს” 2006 წელს მიაშურა, გამოძიება კი ამ ტრანსფერიდან 7 წლის შემდეგ დაიწყო.
აქამდე ცნობილი იყო, რომ 2006 წლის ზაფხულში, ჰამანი “ლივერპულიდან” “ბოლტონში” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, ხოლო ერთი დღის შემდეგ, 400 ათასი ევროს სანაცვლოდ, “სიტის” მიაშურა.
გამოძიების დაწყების მიზეზი “ბოლტონის” პრეზიდენტის, ფილ გარტსაიდის განცხადება გახდა. მისი თქმით, “სიტიმ” ფეხბურთელში თანხა ტყუილად გადაიხადა.
“როდესაც ჰამანი ჩვენთან მოვიდა, მან “სიტიში” გაშვება ითხოვა. ჩვენ ეს თხოვნა ისე შევასრულეთ, რომ ფეხბურთელთან არანაირი დოკუმენტი გაფორმებული არ გვქონდა. გამოდის, რომ “სიტიმ” 400 ათასი გადაგვიხადა ფეხბურთელში, რომელიც ჩვენ არ გვეკუთვნოდა.” – ციტირებს გარტსაიდის სიტყვებს The Guardian-ი.