თამაშგარე

11:02 | 12.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთი და ალკოჰოლი

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფეხბურთის მატჩის ტრანსლაციისას გულშემატკივრებს ალკოჰოლური სასმელების რეკლამით აბრუებენ: თამაშის მსვლელობისას თითქმის ყოველ წუთს გვხვდება ამა თუ იმ სასმლის ფარული რეკლამა. გამოკვლევა ნიუკასლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს. მათ 2011-2012 წლების სეზონის 6 მატჩის ჩანაწერს უყურეს და დაადგინეს, რომ 18,5 საათის განმავლობაში ეკრანზე 2042-ჯერ გაიელვა სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელის რეკლამამ.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მატჩის მიმდინარეობისას საათში 100-ზე მეტი გამოსახულება ჩნდება სპირტიანი სასმელის სახელწოდებით ან ლოგოტიპით, ასევე წუთში 2-ჯერ ახსენებენ ლუდის, ღვინის ან სხვა სასმელის სახელს. მატჩის ტრანსლაციისას რეკლამას ნახავთ დიდ მონიტორებზე, მოთამაშეთა მაისურებზე და სხვა მრავალ ადგილას. შედარებისთვის, მეცნიერებმა დაითვალეს მხოლოდ 17 ტრადიციული  სარეკლამო რგოლი, რომელიც მატჩის სარეკლამო პაუზისას გადიოდა და არანაირ ფარულ რეკლამას არ შეიცავდა. ეს კი ყველა ნანახი მატჩის სრული დროის მხოლოდ 1%-ს წარმოადგენს.

მეცნიერები იმასაც აღნიშნავენ, რომ ასეთი ფარული რეკლამა კანონით უნდა რეგულირდებოდეს, დღეს კი ბრიტანეთში სპორტული თამაშების ტრანსლაციისას მსგავსი რეკლამები არ იზღუდება. 

 

0.204158