ინტერვიუები

17:27 | 6.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

ფერნანდო ტორესი: “ბლექპულს” გოლს გავუტან”

დასავლეთლონდონურმა “ჩელსიმ” “ლივერპულს” მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ფორვარდის, ფერნანდო ტორესის შესაძენად 50 მილიონი გირვანქა გადაუხადა, მაგრამ ესპანელს “სტემფორდ ბრიჯზე” მისვლის შემდეგ, გოლი ვერ გააქვს. მართალია, “არისტოკრატთა” იტალიელი დამრიგებელი კარლო ანჩელოტი აცხადებს, რომ პირენელი ახალწვეულის თამაშით კმაყოფილია, მაგრამ “ჩელსის” გულშემატკივრებს ეს პასუხი არ აკმაყოფილებთ და ისინი ტორესისგან გოლებს ითხოვენ. თავად ფერნანდოს კი, იმედი აქვს, რომ ხვალ “ბლექპულის” კარს აიღებს, რაც მისი მომავალი მაღალი შედეგიანობის საწინდარი გახდება.

- ფერნანდო, ინგლისურ პრესაში არ წყდება საუბარი იმის თაობაზე, რომ “ჩელსის” მაისურით თამაშისას გოლის გატანას ვერა და ვერ ახერხებთ. ეს გულშემატკივრებსაც აშფოთებს...
- მშვენივრად მესმის, “ჩელსიმ” იმიტომ მიყიდა, გოლები რომ გავიტანო. “სტემფორდ ბრიჯზე” თამაშისას ჩემი უპირველესი ფუნქციაც სწორედ ესაა. იმედი მაქვს, მალე გამოვიჩენ თავს, ჩემი ასპარეზობაც უფრო დამაჯერებელი გახდება, გულშემატკივრები კი დამშვიდდებიან.
- “არისტოკრატებთან” შეთამაშების სირთულე ხომ არ შეგექმნათ? იქნებ ეს მომენტია თქვენი “მშრალი თამაშის” მიზეზი?
 - ვცდილობ, ახალ გუნდს შეძლებისდაგვარად მალე გავუშინაურდე. სადღეისოდ თავს უკეთ ვგრძნობ, ვიდრე “სტემფორდ ბრიჯზე” მისვლის მომენტში. ეს “მანჩესტერ იუნაიტედთან” მატჩმაც დაადასტურა. ყოველ შემთხვევაში, ფიზიკურადაც მოვუმატე და ჩემი მოქმედებები უფრო მწვავე გახდა.
- ორშაბათს “ბლექპულთან” თამაშობთ. უნდა ველოდოთ თქვენ გოლს?
- ამის იმედი მაქვს, ვფიქრობ, საფუძვლიანიც.
- ლონდონში ოჯახის წევრები უკვე გადაიყვანეთ?
- ჯერ არა. გარკვეული საორგანიზაციო საკითხები კიდევაა გადასაჭრელი, რაშიც კლუბი მეხმარება, შემდეგ კი ოჯახის წევრებს დედაქალაქში ჩამოვიყვან.
- კარლო ანჩელოტი ხშირად ფლანგებზე გაწევას გთხოვთ. ეს უხერხულობას არ გიქმნით?
- მაღალი კლასის ფეხბურთელი მწვრთნელის დავალებას უნდა ემორჩილებოდეს და რაც მთავარია, ნებისმიერ პოზიციაზე ერთნაირად წარმატებით თამაშობდეს. მზად ვარ, დამრიგებლის ნებისმიერი მოთხოვნა შევასრულო და ფლანგზეც კარგად ვიასპარეზო. “ჩელსიში” ძალიან დიდი კონკურენციაა და თუკი მწვრთნელის დავალებების შესრულება ვიუარე, ძირითადში ფეხის მოკიდება შეუძლებელი გახდება.
 

მოამზადა გოჩა კაჭარავამ


 

0.118547