ინტერვიუები

11:50 | 26.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

ფერნანდო გაგო: "მოურინიოსთან საუბრის დეტალებს ვერ გაგიმხელთ"

მადრიდის “რეალის” არგენტინელი ლეგიონერი ფერნანდო გაგო ბოლო მომენტამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლის კანდიდატი იყო, თუმცა ბოლო მომენტში ალბისელესტეს დამრიგებელმა დიეგო არმანდო მარადონამ “ბლანკოსის” მეხუთე ნომერზე უარი იმ მოტივით თქვა, რომ გაგო სეზონის განმავლობაში მადრიდელთა ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად არ ჩნდებოდა. საბოლოოდ დიეგომ ფერნანდო სამუნდიალე განაცხადში არ შეიყვანა და დასძინა, გაგოს გული ნუ დასწყდება, თავის დროზე ლუის მენოტიმ მეც მსოფლიოს ჩემპიონატზე არ წამიყვანა, რეალელს კი სამომავლოდ აუცილებლად მიეცემა ნაკრებში თავის გამოჩენის შანსიო. სადღეისოდ კი გაგო თანაგუნდელებთან ერთად მონდომებით შეუდგა ახალი სეზონისთვის მზადებას და იმედოვნებს, რომ სანტიაგო ბერნაბეუელებთან ერთად ტიტულებს მოიხვეჭს, ამასთან, მძაფრი კონკურენციის მიუხედავად, ახალი დამრიგებელი ჟოზე მოურინიო სასტარტო შემადგენლობაში თამაშს მიანდობს.   
- როგორც წესი, წინასასეზონოდ “რეალის” მიერ განხორციელებული და სავარაუდო ტრანსფერების თაობაზე ინტენსიურად საუბრობენ. ხომ არ გაშფოთებთ ის ფაქტი, რომ ჟოზე მოურინიომ რამდენიმე ფეხბურთელს დაუმიზნა, რომლებიც თქვენ პოზიციაზე თამაშობენ?
- ეს ამბავი არათუ მანერვიულებს, მახარებს კიდეც. კონკურენციისთვის თავი არასდროს ამირიდებია და თუკი “რეალი” მაღალი კლასის ფეხბურთელებს დაიმატებს, მათთან სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრისთვის ჭიდილში ჩემი სათამაშო კლასი ამაღლდება.
- რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, ჟოზე მოურინიო გუნდის უკლებლივ ყველა ფეხბურთელს განცალკევებით გაესაუბრა. თუ საიდუმლო არაა, რა გითხრათ პორტუგალიელმა სპეციალისტმა?
- ძალიან პროდუქტიული საუბარი გვქონდა, დეტალებზე კი ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან ორმხრივი შეთანხმებით ჩვენი დიალოგი პრესისა და გულშემატკივრებისთვის უცნობად უნდა დარჩეს. მხოლოდ იმას გაგიმხელთ, რომ მომავალი გრძელი სეზონის განმავლობაში ოპტიმალური ასპარეზობის გზები განვიხილეთ და დავსახეთ. “რეალის” ნებისმიერი წევრი მოტივირებულია და ძირითად შემადგენლობაში ფეხის მყარად მოკიდებისთვის იბრძოლებს.
- რა სხვაობას ამჩნევთ მოურინიოსა და თქვენ წინა დამრიგებელ, ჩილელ მანუელ პელეგრინის შორის?
- ნებისმიერი მაღალი დონის მწვრთნელს მუშაობის საკუთარი, განუმეორებელი სტილი აქვს, ფეხბურთელი კი მათ გადაწყვეტილებებს გაგებით უნდა მოეკიდოს. მოურინიოს რაც შეეხება, მან დროის მოკლე ხანში ჩვენი თავდაჯერებულობა კიდევ უფრო აამაღლა.
- რა სიტუაციაა ბენზემას, რაულსა და გუტისთან დაკავშირებით?
- ქარიმი საოცარი მონდომებით ემზადება ახალი სეზონისთვის. მას ბრწყინვალე საფეხბურთო მონაცემები აქვს და დარწმუნებული ვარ, მალე პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდად ჩამოყალიბდება. რაულსა და გუტის რაც შეეხება, ისინი, ალბათ, დაგვტოვებენ (გუტიმ ოფიციალურად დატოვა `რეალი~). “რეალის” ლეგენდა რაული ორშაბათს (დღეს _ რედ.) საგანგებო პრესკონფერენციას მოიწვევს და საკუთარი  გადაწყვეტილების თაობაზე ფართო საზოგადოებას ჩააყენებს საქმის კურსში.
- რამდენიმე დღის წინ ბოიან კრკიჩმა განაცხადა, რომ “რეალი” საუკეთესო ფეხბურთელებით შემადგენლობის გაძლიერებას ვერ მოახერხებს, რადგან უძლიერესები უკვე “ბარსელონას” წევრები არიან...
- ბოიანისგან ამგვარი განცხადება სულაც არ გამკვირვებია. ყველას თავისი გუნდი მოსწონს, კრკიჩს კი სერიოზული საფუძველი აქვს ამგვარი რამის სათქმელად. ჩემი მხრივ კი მინდა ვთქვა, რომ საუკეთესო მოთამაშეები სწორედ “რეალში” ვართ თავმოყრილნი. ამის დამტკიცებას ტიტულები მოპოვებით ვაპირებთ.
- ესპანურ პრესას თუ ვერწმუნებით, შესაძლოა, კაკა იბრაჰიმოვიჩზე გაიცვალოს...
- ჩემთვის ამის თაობაზე არაფერია ცნობილი, მხოლოდ იმას მოგახსენებთ, რომ ბრაზილიელს “რეალისთვის” დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია. თუკი თქვენ მიერ ნახსენები გაცვლა განხორციელდა, იბრაც კარგად ჩაეწერება “სანტიაგო ბერნაბეუზე”.  
- ვარჯიშებზე ხანდახან ერთდროულად 2 კარს უტევთ. მოურინიო შემტევი სტილით თამაშისკენ მოგიწოდებთ და გამზადებთ?
- ხანდახან ჩამწკრივებულ 4 კარსაც კი ვუტევთ, მაგრამ ამის მიხედვით გუნდის სამომავლო სათამაშო სტილზე საუბარი ძნელია. ეს მხოლოდ მწვრთნელმა იცის, გულშემატკივარი კი სეზონის დასაწყისში შეიტყობს.
 

გოჩა კაჭარავა

0.105253