გულშემატკივრის სვეტი

15:23 | 2.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

ფერგიუსონის სამი სიცოცხლე

სამი სიცოცხლე რომ ჰქონდეს კაცს, შეიძლება მაინც ვერ მიაღწიოს ისეთ აღიარებასა და დაფასებას, რასაც სერ ალექს ფერგიუსონმა თავისი შვიდათეულწლიანი ცხოვრების განმავლობაში მიაღწია. მის მიერ “წითელ ეშმაკებთან” ერთად მოპოვებული ურიცხვი ტიტულების გარდა, ფერგიუსონმა აღიარება თავისი განსაკუთრებული ბუნებითა და სამყაროს ხედვითაც დაიმსახურა. განა, ბევრ ადამიანს იცნობთ თქვენს გარშემო, რომელსაც შეუძლია, რომ იყოს ერთდროულად მკაცრიცა და ლმობიერიც, მხიარულიცა და გულჩათხრობილიც, მშვიდიცა და ფეხბურთელების გამსილაქებელიც? ძალიან ცდება ის, რომელიც ფიქრობს, რომ ალექს ფერგიუსონის მრავალმხრივობა მის შოტლანდიურ ფესვებსა და საერთოდ – ეთნო-გენეტიკურ წიაღსვლებში უნდა ვეძიოთ. “ფერგიმ” თავისი პიროვნება საკუთარი ჯაფითა და ტალანტით შექმნა, რომელსაც არაერთი საფირმო ნიშანი აქვს - არაორდინარულობა, შემოქმედებითი ჩარჩოების არქონა, დროის შესაბამისი ცვლილებების წინმსწრები გრძნობა, უმაღლესი პროფესიონალიზმი და ა.შ.
 როდესაც ამა თუ იმ მწვრთნელზე რაიმეს წერენ, ან სადმე საუბრობენ, ყოველთვის ხაზს უსვამენ იმას, თუ რომელი საფეხბურთო ფილოსოფიის მიმდევარია ეს კაცი და  რომელ სტილსა თუ მიდგომებს აღიარებს. ფერგიუსონზე საუბარი ამ კუთხითაც ძალზე ძნელია, რადგან სერ ალექსი ის იშვიათთაგანია, რომელმაც თავისი საფეხბურთო ფილოსოფია ჩამოაყალიბა. ”ფერგის” ფილოსოფია არ გახლავთ მიხელსის, ანდა, ლუის მენოტის შეხედულებების დარად ერთსახოვანი და “ერთ ხაზზე” გაჭიმული. განა, ტყუილად ამბობდა ფერგიუსონის ერთ-ერთი ყოფილი შეგირდი ტედი შერინგემი, რომ თავიდან არ ესმოდა ფერგიუსონისა, რომელიც ერთი თამაშის წინ ფეხბურთელებს სხვა რამეს ეჩიჩინებოდა, მეორე მატჩისათვის მზადების პერიოდში კი, “თავისივე თავის წინააღმდეგ” მიდიოდა და სულ სხვა რამეს ქადაგებდა. ფერგიუსონის ფილოსოფია ყველა სტილსა და ხედვას მოიცავს, რაც კი აქამდე ყოფილა და რაც, ალბათ, ჯერ ბევრისათვის ახალია. მას სიცილად არ ჰყოფნის, როდესაც ინგლისელი ჟურნალისტები არასასურველი შედეგით დასრულებული რომელიმე თამაშის შემდეგ, “საკუთარი სტილის ღალატის” გამო აკრიტიკებენ. დაუჯერებელია, მაგრამ ეს ხნიერი კაცი ბევრად უფრო ნოვატორია და უფრო მარტივად ლახავს ახალ-ახალ საფეხბურთო გამოწვევებს, ვიდრე სხვა ბევრი ახალგაზრდა მწვრთნელი, რომლებიც წესით, თავად უნდა იყვნენ ნოვატორები და მხრცოვან მწვრთნელებს მოძველებულ სტრატეგიებს უწუნებდნენ.
სერ ალექს ფეგიუსონმა, თავისი მანჩესტერული მოღვაწეობის განმავლობაში ოთხი ფორმაციის “მანჩესტერ იუნაიტედის” ჩამოყალიბება მოასწრო. “იუნაიტედის” ქომაგებმა, რა თქმა უნდა, ჩემზე კარგად იციან, რომელი ფორმაციის გუნდი იყო უკეთესი და იორკი-კოულის წყვილი ჯობდა, თუ რონალდუ-რუნისა, თუმცა, წითელცხვირა შოტლანდიელის მთელი სიდიადე განსაკუთრებით მაშინ იჩენს ხოლმე თავს, როდესაც გუნდიდან ბექჰემისა და რონალდუს მსგავსი უდავო ლიდერები მიდიან, მაგრამ თითქოს არაფერი მომხდარაო – “მანჩესტერ იუნაიტედი” კვლავ ხარისხიან ფეხბურთს თამაშობს და კვლავ ახალ-ახალ სიმაღლეებს ეპოტინება.
 არაერთხელ გვინახავს გუნდის ლიდერის წასვლის გამო დაქცეული და დაჩაჩანაკებუული კლუბები. ასეთ კლუბებს, თითქმის ყველა ევროპულ ეროვნულ პირველობაზე დღესაც ნახავთ და ამ კუთხით, “იუნაიტედი” ყოველთვის გამორჩეული იყო. ალექს ფერგიუსონმა თავისი ქომაგებიც კი დაარწმუნა იმაში, რომ გუნდი, მხოლოდ ერთი, ან თუნდაც რამდენიმე საუკეთესო ფეხბურთელი არ არის. როდესაც დევიდ ბექჰემი მადრიდის “რეალში” გადაბარგდა, “მანიუს” ფანებმა, ჩემი აზრით, “ოლდ ტრაფორდზე” ისტორიული პლაკატები გამოფინეს. პლაკატებზე ეს მოკლე წინადადება ეწერა: “ვინ არის დევიდ ბექჰემი? ჩვენ ასეთს არავის ვიცნობთ!”. ეს არ იყო მხოლოდ გუნდის დამტოვებელ ფეხბურთელთან ფანების მხრიდან ნიშნის მოგება. ეს იყო მტკიცე რწმენა იმისა, რომ “ფერგის” ყველაფერი შეეძლო და მას უბექჰემოდაც ხელეწიფებოდა წარმატებების მიღწევა. და ვერ შეძლო?ვერ აიყვანა გუნდი მეორედ ევროპის უმთავრეს საფეხბურთო ოლიმპზე? ვერ დაამტკიცა, რომ ნიჭსა და ტალანტს სიბერე ვერაფერს აკლებს?
 დამერწმუნეთ, “ფერგი” ბებერი არ არის და ის არც არასოდეს დაბერდება. მას უბრალოდ წლები ემატება. წლები, რისიც ასე ძალიან ეშინოდა ინგლისის მეფე რიჩარდს და არასოდეს შეეშინდება ფერგიუსონს - ეს კაცი ხომ წლებსაც იმორჩილებს...
 

 

ლევან სეფისკვერაძე

 

0.115014