ჩოგბურთი

22:15 | 22.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფერერმა მწვრთნელი შეიცვალა

 სადღეისოდ მსოფლიო კლასიფიკაციის მესამე ნომრის, დავიდ ფერერის მწვრთნელი ბოლო 15 წლის განმავლობაში ხავიერ პილესი გახლდათ. დამრიგებელ-ჩოგბურთელი კარგა ხნის განმავლობაში შეხმატკბილებულად მუშაობდნენ, 2013-ის სეზონი კი ვალენსიელი მოთამაშისთვის წარმატებული იყო, რასაც ფერერის მიერ მოპოვებული ტიტულები და რეიტინგსიაში დაწინაურება ადასტურებს. ყოველივე ამის მიუხედავად, ფერერმა ბევრისთვის მოულოდნელად საჯაროდ განაცხადა, რომ პილესთან სამწვრთნელო კონტაქტი გაწყვიტა.

“უახლოეს საათებში ოფიციალურ განცხადებას გავაკეთებ და ხავიერთან კონტრაქტი გაუქმდება. ამას დანანებით ვადასტურებ, რადგან ჩვენი ურთიერთობა ოჯახურთან მიახლოებული გახლდათ. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვთანამშრომლობდით, მაგრამ ახლა ამგვარი გადაწყვეტილების მიღების დრო დადგა. მე და ხავიერი ერთმანეთს უპრობლემოდ დავშორდით. 2014 წელს ჩემი დამრიგებელი ხოსე-ფრანსისკო ალტური იქნება”, - დავიდს მწვრთნელთან დაშორების მიზეზი არ დაუახელებია.

შეგახსენებთ, 2013 წელს დავიდ ფერერი პირველად გავიდა სადიდსლემო ტურნირის ფინალში – მან “როლან გაროსის” გადამწყვეტი მატჩი რაფა ნადალთან დათმო.

0.1124