ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი რიო ფერდინანდი, რომელიც ამჟამად "ქუინზ პარკ რეინჯერსში" თამაშობს, მშობლიური ნაკრების გაწვრთნაზე ოცნებობს.
"ყველას ოცნებაა ინგლისის ეროვნულ ნაკრებში ითამაშოს, კარიერის დასრულების შემდეგ, ჩემი ოცნება ინგლისის გაწვრთნა იქნება. აღნიშნული პოსტის შანსს ახლა ნამდვილად არ ველოდები." _ აცხადებს ფერდინანდი.
მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედში" შთამბეჭდავად გატარებული წლების შემდეგ, 35 წლის მცველმა ქპრ-ს თავისუფალი აგენტის სტატუსით მიაშურა. ფერდინანდს სჯერა, რომ ინგლისი ახალგაზრდა მწვრთნელების პრაქტიკას გამოიყენებს.
"იოახიმ ლიოვი და იურგენ კლინსმანი გერმანიის ეროვნული ნაკრების სათავეში ახალგაზრდულ ასაკში მივიდნენ. აქვე შეგვიძლია მარკო ვან ბასტენის, ჟოზე მოურინიოს, პეპ გვარდიოლას და ლუის ენრიკეს მაგალითებიც მოვიშველიოთ, რომლებმაც ადრეულ ასაკში დაიწყეს მწვრთნელობა. ახალგაზრდული სულისკვეთება მნიშვნელოვანია, ასე რომ, ჩვენ ინგლისის ფეხბურთის განვითარებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ."
ასეთი ღია განცხადებების ფონზე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ფერდინანდის ხილვა მწვრთნელის რანგშიც შეგვეძლება.
გიორგი ბალახაძე