ჩოგბურთი

11:39 | 16.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერის მიღწევებს ბოლო არ უჩანს

 როჯერ ფედერერმა ცინცინატის Western & Southern Open-ის მეოთხედფინალში შოტლანდიელ ენდი მარეის 6:3, 7:5 მოუგო და კიდერ ერთი სარეკორდო მიღწევის ავტორი შეიქნა. 33 წლის შვეიცარიელი ჩოგბურთის ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელიც 10 სეზონის განმავლობაში კლასიფიკაციის ტოპათეულის წარმომადგენლებს ყოველწლიურად მინიმუმ 10-ჯერ ამარცხებს.

ფედერერისა და მარეის პაექრობა საათსა და 33 წუთს გაგრძელდა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში როჯერმა 5 ბრეიკი და 3 ეისი განახორციელა, ენდისთან პირადი შეხვედრების ანგარიში კი გააყაიმა – 11:11. ფედერერი მეხუთედ გავიდა ცინცინატის “მასტერზ1000”-ის ნახევარფინალში. წინა 4 შემთხვევაში საბოლოოდ როჯერმა ტიტულის მოგება მოახერხა (2005, 2007, 2010, 2012).

“მეორე სეტში რიტმის გრძნობა დავკარგე. უკანა ხაზიდან მარეი კარგად თამაშობდა. თუმცა, 2 ბრეიკის შესრულების შემდეგ ენდის გეიმი ხელიდან “ავაცალე”. საკუთარი ასპარეზობით მთლიანობაში კმაყოფილი ვარ. ამასთან ბურთის გათამაშებისას უფრო ეფექტურად ვმოქმედებდი, ვიდრე მოწოდებისას”, - განაცხადა ფედერერმა ნახევარფინალში გასვლის შემდეგ.

ნახევარფინალში ფედერერი კანადელ მილოშ რაონიჩს შეხვდება. ამ უკანასკნელმა მეოთხედფინალში იტალიელ ფაბიო ფონინის სძლია. შეგახსენებთ, წლევანდელი უიმბლდონის ნახევარფინალში ფედერერმა რაონიჩის დამარცხება შეძლო.

0.125725