სამწლიანი პაუზის შემდეგ როჯერ ფედერერი მონტე კარლოს Monte-Carlo Rolex Masters-ზე იასპარეზებს, დღეს კი მეორე წრეში შვეიცარიელის მოწინააღმდეგე გაირკვა. გრიმალდების საგრაფოს შეჯიბრებას როჯერი (პირველ წრეში იგი თავისუფალი იყო) ჩეხ რადეკ შტეპანეკთან პაექრობით დაიწყებს. სასტარტო სტადიაზე 35 წლის შტეპანეკმა ხორვატ თანატოლ ივო კარლოვიჩს 6:1, 6:2 მოუგო.
რადეკმა 57 წუთი სათამაშო დროის განმავლობაში 4 ბრეიკი და ეისი შეასრულა, კარლოვიჩთან პირადი შეხვედრების ანგარიში კი 4:1 გახადა.
როჯერ ფედერერი სამჯერ გავიდა მონტე კარლოს “მასტერზ1000”-ის ფინალში და სამივეჯერ რაფა ნადალთან დამარცხდა. 2005-2012 წლებში ამ ტურნირზე ერთის მიყოლებით სწორედ ნადალი იმარჯვებდა, შარშან კი რაფამ პირველობისთვის გამართული ორთაბრძოლა სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან დათმო.
“ჩემთვის სეზონის ყველაზე სასიამოვნო პერიოდი დგება. ბოლო 8-10 წლის განმავლობაში სწორედ ამ მონაკვეთში ვაღწევდი ყველაზე მეტ წარმატებას. მონტე კარლოსთან მეტად თბილი მოგონებები მაკავშირებს. საერთოდ, გრუნტის კორტის ტურნირები ძალიან მიყვარს, თავს ყოველთვის დამაჯერებლად ვგრძნობ და ეს მადრიდისა და რომის შეჯიბრებებსაც სრულად ეხება”, - 27 წლის ნადალის ეს სიტყვები ATP-ის ოფიციალურ ვებგვერდს მოჰყავს.