ჩოგბურთი

11:47 | 14.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი “დებიუტანტი ნახევარფინალისტის” წინააღმდეგ

 როჯერ ფედერერს ინდიან უელსის “მასტერზ1000” სარეკორდოდ, ოთხჯერ (2004, 2005, 2006, 2012) აქვს მოგებული, დღეს დილით კი 32 წლის შვეიცარიელი კიდევ ერთხელ გავიდა კალიფორნიის შტატის შეჯიბრების ნახევარფინალში. როჯერმა მეოთხედფინალში სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონს 7:5, 6:1 მოუგო.

მატჩი საათსა და 9 წუთს გაგრძელდა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში ფედერერმა 3-3 ბრეიკი და ეისი განახორციელა, სადღეისოდ კლასიფიკაციაში 18-ე საფეხურზე მყოფ ანდერსონთან პირადი შეხვედრების ანგარიში კი 2:0 გახადა.

“მატჩის ბედი პირველი სეტის მოგებამ და მეორეში ადრეულმა ბრეიკმა გადაწყვიტა. როდესაც კევინის მოწოდება ავიღე, მივხვდი, მოგებას ხელიდან რომ არ გავუშვებდი. ამის შემდეგ ასპარეზობა ჩემი კარნახით მიმდინარეობდა. საკუთარი თამაშითა და შედეგით მეტად კმაყოფილი ვარ”, - ნახევარფინალში გასვლის შემდეგ ფედერერს სიხარული არ დაუმალავს.

როჯერისა და ანდერსონის მატჩს ლეგენდარული შვედი ჩოგბურთელი შტეფან ედბერგიც დაესწრო. “ინდიან უელსში ფედერერს შევხვდი. ვისაუბრეთ და სეზონის ბოლომდე თანამშრომლობაზე შევთანხმდით. ჩვენი ურთიერთობის პირველი ეტაპი დასრულდა, ამიერიდან ახალ საფეხურზე გადავალთ. ვფიქრობ, თანამშრომლობა ორივესთვის სასარგებლო იქნება”, - განაცხადა ედბერგმა.

ნახევარფინალში ფედერერი უკრაინელ ოლეკსანდრ დოლგოპოლოვს დაუპირისპირდება. შავიზღვისპირელმა საათსა და 19 წუთში კანადელ მილოშ რაონიჩს 6:3, 6:4 სძლია და კარიერის განმავლობაში პირველად გააღწია “მასტერზ1000”-ის ნახევარფინალში.

0.118116