რაგბი

15:08 | 11.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ფედერალ 1” ქართული ლელოთი და 6 ქულით გაიხსნა

 

გასულ შაბათ-კვირას სტარტი აიღო საფრანგეთის რანგით მესამე, ნახევარდპროფესიულ “ფედერალ 1”-ის გათამაშებამ რაგბიში, სადაც 40-იდან 21 კლუბში 32 ქართველი ლეგიონერი თამაშობს.

პირველ ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერანმა გიორგი ჩხაიძემ ლელო გაიტანა, ხოლო ლაშა მალაღურაძემ გუნდს 6 ქულა შესძინა.

შეგახსენებთ, რომ “ფედერალ 1”-ში 40 კლუბი 4 ჯგუფშია გადანაწილებული და ისინი ორ წრედ თამაშობენ. რეგულარული პირველობის 18 ტურის დასრულების შემდეგ, თითოეული ჯგუფის ოთხ-ოთხი საუკეთესო პლეი ოფში გადის, ორი საუკეთესო კი, მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ის საგზურს იღებს.

ჩხაიძემ “ლილში” საკუთარი დებიუტი ლელოთი აღნიშნა - ანგარიში მე-4 წუთზე გახსნა, მაგრამ მისი და გიორგი სორდიას “ლილი” “ნევერთან” სტუმრად 16:38 დამარცხდა. ავთო კოპალიანის “ბობინმა” “ლიბურნე” პრემიალური ქულით 38:24 დაამარცხა. ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 38-ე წუთზე გაასინბინეს, ხოლო მე-60-ეზე შეცვალეს. მასპინძლებმა ტაიმი 13:15 დათმეს და მერე ჯარიმა მიიღეს, თუმცა, მეორე ნახევარში გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს.

ბაჩუკი გუჯარაიძისა და ბექა ურჯუკაშვილის “ლიმოჟმა” თედო ზიბზიბაძისა და გიორგი ოზგებაშვილის “პერიგოს” 34:23 სძლია. ქართველ ლეგიონერთაგან მატჩში მონაწილეობა მხოლოდ ურჯუკაშვილმა მიიღო და ის შეცვლაზე 68-ე წუთზე შევიდა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებს 53-ე წუთისთვის ოთხი უპასუხო ლელო ჰქონდათ გატანილი და 34:9 იგებდნენ, მაგრამ დასკვნით 13 წუთში ორჯერ დაისაჯნენ საჯარიმო ლელოთი და პრემიალური ქულა დაკარგეს.

გიორგი გაბელიასა და რევაზ ჟღენტის “ბერჟერაკი” საკუთარ მოედანზე ირაკლი ნატრიაშვილისა და გიორგი მენაბდიშვილის “ტულესთან” 13:20 დამარცხდა. გაბელიას სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს, ხოლო ჟღენტი თამაშში სწორედ შესვენების შემდეგ ჩაერთო. სტუმართა განაცხადში მხოლოდ მენაბდიშვილი იყო და ის მოედანზე 56-ე წუთიდან გამოჩნდა. ირაკლი ნინიძის “ლორმონი” ასევე საკუთარ მოედანზე რეზო გიგაურის, მერაბ კვირიკაშვილისა და ლევან მოდებაძის “მონლუსონთან” 3:10 დამარცხდა. ქართველ ლეგიონერთაგან მატჩში მონაწილეობა მხოლოდ ნინიძემ მიიღო.

მეორე ჯგუფში საბა ქართველიშვილის “შამბერიმ” “ლა ვულე” 36:18 დაამარცხა. საბა შეცვლაზე 47-ე წუთზე შევიდა. გურამ კავთიძის “მაკონიმ” “ობნას” 33:20 სძლია და ქართველმა პირველხაზელმა პირველიდან 52-ე წუთამდე ითამაშა. გიორგი ჯაშიტაშვილისა და მიხეილ გაჩეჩილაძის “კარკერანს” ნოდარ ჭეიშვილის “ლა სეინმა” სტუმრად 18:16 სძლია. განაცხადში აქაც მხოლოდ ერთი ქართველი იყო - გაჩეჩილაძემ შეცვლაზე დასკვნითი 19 წუთი ითამაშა. გიორგი სულუაშვილის “ბურგ ან ბრესმა” ასევე სტუმრად 18:10 დაამარცხა თემურ გელანტიას “ტრიკასტინი”. მასპინძელთა შორის გელანტიამ 74 წუთი ითამაშა.

მესამე ჯგუფში ქართველი ლეგიონერების მხოლოდ ერთი გუნდია და დევი დათუნაშვილისა და ტარიელ დონაძის “როდეზმა” “ჟან დე ლუზი” სტუმრად 22:13 დაამარცხა. დონაძემ შეცვლაზე 55-ე წუთიდან ითამაშა.

მეოთხე ჯგუფში ლაშა მალაღურაძის “ბანიერმა” ლადო გუნიავას “აგდე” სტუმრად 12:9 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მგეზავმა შუამარბად სრულად ითამაშა და პირველ ტაიმში ორი ჯარიმა გაიტანა. მეორე ტაიმში დარტყმის უფლება სხვამ გადაიბარა და მანაც ორი ჯარიმა გაიტანა. გუნიავა განაცხადში არ იყო. ვახტანგ მაისურაძის, ნიკა პატარაიასა და გიორგი ზაქაშვილის “ექს-ან-პროვანსი” “მოლეონს” სტუმრად ფრედ 18:18 ეთამაშა. ზაქაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 48-ე წუთზე შეცვალეს.

ბექა ბურდიაშვილის “გროლე” ქართველი ლეგიონერის გარეშე “ბლანიაკს” ასევე ფრედ - 9:9 ეთამაშა. თორნიკე ლომიძის “ოშმა” ქართველის გარეშე “ლენემეზანს” სტუმრად 26:13 აჯობა. სიმონ მაისურაძის “ვალანსმა” “ოლორონს” უმასპინძლა და 13:9 აჯობა. მაისურაძე შეცვლაზე 71-ე წუთზე შევიდა.

თეგებიფედერალ 1
0.11366