მაისის ბოლოდან საქართველოს კალათბურთის ფედერაცია და მწვრთნელთა კავშირი მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის განხორციელებას იწყებს.
თუ როგორი სისტემით ჩატარდება აღნიშნული პროგრამა, ამის შესახებ დღეს კალათბურთის ფედერაციისა და მწვრთნელთა კავშირის ხელმძღვანელებმა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე ისაუბრეს.
შეხვედრას მრავალი მწვრთნელი დაესწრო როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან. დამსწრეებს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე, გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი კახა შენგელია და გადამზადების პროგრამის ხელმძღვანელი ირაკლი მაღლაკელიძე ესაუბრნენ.
მწვრთნელებს არაერთი კითხვა ჰქონდათ, რომლებსაც ფედერაციის ხელმძღვანელობამ ამომწურავად უპასუხა და იმ დეტალებზე ისაუბრა, რომელიც გადამზადების პროგრამას ახლავს.
ლიცენზირების პროცესი 30 თვეს გასტანს, რომლის განმავლობაშიც, ნებისმიერ მწვრთნელს შეეძლება მასში მონაწილეობის მიღება. ლიცენზირება 3-ეტაპიანია. სუპერლიგის გუნდებში მუშაობის მსურველებს სამივე ეტაპის გავლა მოუწევთ, ხოლო თუკი მწვრთნელს მხოლოდ მინი კალათბურთში, ანაც გარკვეულ ასაკობრივ დონემდე სურს მუშაობა, შესაბამისად პირველი, ან მე-2 ეტაპის ლიცენზიაც საკმარისი იქნება.
ლიცენზიის მისაღებად ტესტირებებზე გასვლა არაა შეზღუდული. გამოცდები ჩატარდება ფიბა-ს მიერ შედგენილი სპეციალური პროგრამით, რადგან სწორედ კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნაა, რომ მისი წევრი ქვეყნების მწვრთნელებმა აღნიშნული ტესტირებები გაიარონ და შესაბამისი ლიცენზიები მიიღონ.
პროგრამა 28 მაისს 1 ეტაპიდან დაიწყება. 5 დღის განმავლობაში მონაწილეებს ჩაუტარდებათ თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები, რის შემდეგაც გაიმართება ტესტირება. მორიგი სემინარები სექტემბრის თვეში გაიმართება და როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროგრამა 30 თვეს გასტანს და სემინარ-ტესტირებებს პერმანენტული ხასიათი ექნებათ.
www.gbf.ge