ჭიდაობა

18:24 | 31.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფედერაციის პრეზიდენტი სპორტის მინისტრს შეხვდება

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე 19 საათზე სპორტის სამინისტროში მივა და მინისტრს – ლევან ყიფიანს შეხვდება. სასაუბრო თემა, რაღა თქმა უნდა, გუშინდელი ინციდენტი იქნება.
სპორტის სამინისტროს წინ კი, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი მწვრთნელები, მოქმედი მწვრთნელები და ყოფილი მოჭიდავეები იკრიბებიან.
ჭიდაობის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტ, ლეგენდარულ მოჭიდავე ლევან თედიაშვილსა და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილ თავკაც ზაზა თურმანიძეს შორის მცირე შეკამათება მოხდა, თუმცა სიტუაცია სწრაფადვე განიმუხტა.
“მსოფლიო სპორტი” ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ბაკურ გოგიტიძესაც ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ გაუგებრობა დიდხანს არ გაგრძელდება.
“ყველაფერი შერიგებისკენ მიდის და მალე ყველაფერი მოგვარდება” – გვითხრა გოგიტიძემ.
ამავე საკითხზე კომენტარი ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ თემურ ყაზარაშვილსაც ვთხოვეთ და იგი სიტუაციის გამოსწორების პერსპექტივას ჯერჯერობით ვერ ხედავს.
“ლუკა კურტანიძემ შეურაცხყოფა არა მარტო გუშინ, დღესაც მომაყენა, როდესაც ტელევიზიებს აბსოლუტურად ცრუ კომენტარი მისცა და შესაბამისად, მასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად ვერანაირ წინაპირობას ვერ ვხედავ” – განაცხადა თემურ ყაზარაშვილმა.
 

ოთარ მაღლაკელიძე


 

0.121608