ძიუდო

21:37 | 3.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფავორიტებმა იფავორიტეს, ახალმა თაობამაც იყოჩაღა

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონის ტიტულის მოპოვებიდან ერთ კვირაში ისევ მოირგეს კიმონოები. ამჯერად თბილისში, სპორტკომპლექს “არენაში” გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე და მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ ნაკრებში დასამკვიდრებელ შიდა კონკურენციაში თავისზე უფროსებთან მოუხდათ დაჭიდება, მაინც დაამტკიცეს, რომ მთავარ გუნდს მათი სახით ღირსეული ახალი თაობა ჰყავს - შვიდი წონითი კატეგორიიდან ოთხში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე სწორედ ახალგაზრდული ნაკრების წევრები ავიდნენ. ლუხუმ ჩხვიმიანისა (60 კგ) და ფრიდონ გიგანის (73 კგ) მიღწევა გურამ თუშიშვილმა (100 კგ) და ლევან მატიაშვილმა (+100 კგ) გაიმეორეს.

დღეს სულ ოთხ წონით კატეგორიაში: 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები. პირველ ორ წონაში შეჯიბრება ლოგიკური ფინიშით დასრულდა. ავთანდილ ჭრიკიშვილი 81 კილოგრამში არათუ საქართველოში, მსოფლიოს რეიტინგშიც საუკეთესოა და ცხადია, მისგან ყველა ოქროს მედალს ელოდა. ასეც მოხდა – ჭრიკიშვილმა შთამბეჭდავად იჭიდავა და დამსახურებულად გაჩემპიონდა. ალეკო ქურასბედიანს, გიორგი პაპუნაშვილსა და იოსებ ჩილინდრიშვილს ულამაზესი სუფთა გდებებით გასცდა. ფინალში კი მთელი დღის ერთ-ერთ საუკეთესო და დაძაბულ შეხვედრაში ახალგაზრდული ნაკრების წევრ უშანგი მარგიანს აჯობა.

ჭრიკიშვილმა მომგებიანი ვაზარი ზედ საფინალო სირენისას შეასრულა. იმ მომენტში ერთი გაფრთხილებით იგებდა და მარგიანს ისღა დარჩენოდა, უკანმოუხედავად შეეტია. რისკი კი მეტოქის ვაზარად დაუჯდა. არადა ამ გდებამდე ახალგაზრდა ძიუდოისტს მართლაც არაერთი ბრწყინვალე შანსი ჰქონდა – თავისზე ბევრად გამოცდილი და ტიტულოვანი მოწინააღმდეგე ხუთი წუთის განმავლობაში რამდენიმეჯერ აიტაცა ჰაერში, მაგრამ მომენტი ილეთით ვერაფრით დააგვირგვინა. ერთხელ კი მტკივნეულის გაკეთებაც სცადა და ისიც ამაოდ. წაგებული სპორტსმენი მაყურებლებმა არენიდან ტაშით გააცილეს. ბრინჯაოს მედლებს გიორგი პაპუნაშვილი და ლაშა ზურაბიანი დაეუფლნენ.

ჩემპიონატში მონაწილეობა არ მიუღია ნაკრების გამოცდილ წევრ ლევან წიკლაურს. “მსოფლიო სპორტმა” შეიტყო, რომ მიზეზი ფეხის ტრავმაა, რომლის გამოც წიკლაურს რამდენიმე თვე გაუცდება.

90 კილოგრამში ყველა ვარლამ ლიპარტელიანისა და ბექა ღვინიაშვილის ფინალს ელოდა. ნაკრების ლიდერმა და ახალგაზრდებს შორის ევროპის და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ბრწყინვალედ დაიწყეს და ნახევარფინალამდე ეჭვიც არავის გასჩენია, რომ საქმე ნანატრი ფინიშისკენ მიდიოდა, ვიდრე ბექა ღვინიაშვილი პაატა ღვინიაშვილთან დაპირისპირების პირველსავე წუთზე შებოჭვაზე არ მოყვა.

ლიპარტელიანმა პაატა ღვინიაშვილს ეფექტური გდებით აღებული ვაზარი შებოჭვით დაუსრულა და შიდა კონკურენციაში თავისი ლიდერობა ერთხელაც დაამტკიცა. ფინალამდე ლიპარტელიანმა ილია ქემერტელიძე, იასონ ნემსაძე და ლაშა ტაველური ისე ჩამოიშორა, სრული საჭიდაო დრო ერთხელაც არ დასჭირვებია. მესამე საპრიზო ადგილები ბექა ღვინიაშვილმა და ზვიად გოგოჭურმა დაიკავეს.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობამ უკვე ტრადიციად დაამკვიდრა, საქართველოს ჩემპიონატზე კომისრად საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის წევრს იწვევს. ეს ნაბიჯი უსამართლო გადაწყვეტილებათა რიცხვსაც მინიმუმამდე ამცირებს და შესაბამისად, ხმაურისა და აყალმაყალის საშიშროებაც მინიმუმამდეა დაყვანილი.

ამჯერად პირველობაზე მსაჯობა მარიან ჰეფკამ და ტონინო პასკუალემ გააკონტროლეს და მათი გადაწყვეტილებებით თითოოროლა გამონაკლისის გარდა უკმაყოფილო არავინ დარჩენილა. ერთადერთი ეპიზოდი, როდესაც დარბაზში შეკრებილთა უმრავლესობამ მიიჩნია, რომ სპორტსმენი დაიჩაგრა, 100 კილოგრამის ფინალი იყო. იოსებ მსხალაძემ ახალგაზრდებს შორის ევროპის მოქმედი ჩემპიონი გურამ თუშიშვილი ვაზარზე დააგდო. მსაჯმა შეხვედრა შეაჩერა, მაგრამ მას შემდეგ, რაც თუშიშვილმა მეტოქის ილეთს შებოჭვა მოაყოლა, კომისრების მითითებას დაემორჩილა და ათვლა დაიწყო. ბევრმა ჩათვალა, რომ ამ ეპიზოდში ტატამის მსაჯის მიერ ნათქვამი “მატე” აღმოჩნდა გადამწყვეტი, რადგან მსხალაძე მოდუნდა და თავის დაცვა ვეღარ შეძლო. იგივეს ამტკიცებდა წაგებული სპორტსმენი ფინალის შემდეგ, მაგრამ ამაოდ.

ფინალის გზაზე გურამ თუშიშვილმა გიგა თაყაძე, რევაზ ჩიკოიძე და დავით ლორიაშვილი იპონ-იპონ დაამარცხა. მსხალაძემ კი ბექა წყალობაშვილს, თორნიკე ოთინაშვილსა და გიორგი ნოზაძეს აჯობა. ბრინჯაოს პრიზიორები ლორიაშვილი და ჩიკოიძე გახდნენ.

მძიმე წონაში მხოლოდ 13 მონაწილე შეიკრიბა. მათ შორის არ იყვნენ ადამ ოქრუაშვილი და გიორგი ზაქარიაძე. ნაკრების გამოცდილმა წევრმა ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე თავი შეუძლოდ იგრძნო და ტატამზე გასვლა გადაიფიქრა. ახალგაზრდული ნაკრების ძიუდოისტს კი ხელი მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღებულმა ტრავმამ შეუშალა.

ყველას კი ლევან მატიაშვილმა აჯობა. 21-წლამდელთა გუნდის წევრი საჩემპიონო აღმართს დიმიტრი გუგულაშვილის სუფთად ძლევით შეუყვა. იპონითვე გასცდა გიორგი ლაზუაშვილსა და სლავა რეზესიძეს, ხოლო ფინალში როსტომ ხახალეიშვილს ეფექტური გდებით მოუგო.

მესამე ადგილები ონისე ბუღაძემ და გიგა გელაშვილმა დაიკავეს.

 

ძიუდო

საქართველოს ჩემპიონატი

თბილისი

3 ნოემბერი

 

81 კგ

1 ავთანდილ ჭრიკიშვილი (ქვემო ქართლი)

2 უშანგი მარგიანი (იმერეთი))

3 ლაშა ზურაბიანი (მცხეთა-მთიანეთი)

3 გიორგი პაპუნაშვილი (შიდა ქართლი)

 

90 კგ

1 ვარლამ ლიპარტელიანი (აჭარა)

2 პაატა ღვინიაშვილი (შიდა ქართლი)

3 ზვიად გოგოჭური (კახეთი)

3 ბექა ღვინიაშვილი (შიდა ქართლი)

 

100 კგ

1 გურამ თუშიშვილი (თბილისი)

2 იოსებ მსხალაძე (შიდა ქართლი)

3 რევაზ ჩიკოიძე (აჭარა)

3 დავით ლორიაშვილი (ქვემო ქართლი)

 

+100 კგ

1 ლევან მატიაშვილი (თბილისი)

2 როსტომ ხახალეიშვილი (იმერეთი)

3 ონისე ბუღაძე (იმერეთი)

3 გიგა გელაშვილი (შიდა ქართლი)

0.594066