კალათბურთი

16:44 | 13.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფავორიტები კი ვართ, მაგრამ მეტოქე მაინც საშიშია

დღეს, 13 აგვისტოს, ევრო 2015-ის ფინალური ტურნირის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის მატჩები გაიმართება. რაღა თქმა უნდა, ქართველ გულშემატკივართა გამორჩეულ ინტერეს E ჯგუფის ლიდერთა მატჩი იწვევს, სადაც ერთმანეთს უნგრეთისა და საქართველოს ნაკრები გუნდები დაუპირისპირდებიან. აღნიშნულ შეხვედრას უნგრეთის ქალაქი კეჩკემეტი უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება, რომლის პირდაპირ ტრანსლირებას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი აწყობს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში შესუსტებული შემადგენლობის მიუხედავად „ჯვაროსნებმა“ ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტს ჩეხეთის ნაკრებს უმასპინძლეს და 11 ქულის სხვაობით 73:62 მოუგეს. რაც შეეხება ამავე ტურის მეორე შეხვედრას, უნგრეთმა პორტუგალიას გასვლაზე მოუგო, თანაც საკმაოდ დიდი 20 ქულიანი სხვაობით - 58:38. აღნიშნულიდან ანგარიშიდან ნათლად ჩანს, რომ ჩვენი დღევანდელი მეტოქე გამორჩეულ ყურადღებას დაცვაში თამაშს ანიჭებს. სამწუხაროდ, ნაკრებში მყოფი კალათბურთელებიდან საქართველოს შერმადინი არც ამჯერად ეყოლება. რაც შეეხება კიდევ ერთ ტრავმირებულ ოთო ფხაკაძეს, მან ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს. ამ ყველაფრის მიუხედავად უნგრეთი-საქართველოს დღევანდელ შეხვედრაში ფავორიტად  მაინც სტუმრები ითვლებიან, რომლებსაც მასპინძლებისაგან განსხვავებით ბევრად უფრო ცნობილი კალათბურთელები ჰყავს. მარტო ფაჩულია რად ღირს, რომელსაც ნბა-ში თამაშის რამდენიმე წლიანი გამოცდილება აქვს. მართალია, კალათბურთელები მეტოქეზე უკეთესი გვყავს, მაგრამ გუნდმა რომელმაც გასვლაზე 20 ქულის სხვაობით მოიგო, მაინც ძალიან საშიშია და მოდუნების უფლება ერთი წამითაც არ გვექნება. ის ფაქტიც გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ნაკრები ტრადიციულად საკუთარ მოედანზე უკეთ თამაშობს, ვიდრე გასვლაზე.

ჩეხეთთან ჩატარებულ და დღევანდელ გასამართ შეხვედრასთან დაკავშირებით „მსოფლიო სპორტი“ დაუკავშირდა და კომენტარის გაკეთება ვეტერან კალათბურთელებს, საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრებისა და სუპერლიგის მონაწილე „შსს აკადემიას“ მთავარ მწვრთნელ არჩილ ჟღენტს, საკალათბურთო კლუბ „ოლიმპის“ ერთ-ერთ მწვრთნელ ზაზა ცაგარეიშვილს და სუპერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ „არმიას“ კაპიტანს, გამოცდილ კალათბურთელ ზვიად ბაბიაშვილს სთხოვა.

არჩილ ჟღენტი: „მიუხედავად იმისა, რომ ჩეხეთთან შეხვედრაში გამოცდილი კალათბურთელები (მარკოიშვილი, ჰიკმანი, შერმადინი...) გვაკლდა, საქართველოს ნაკრებმა მაინც კარგად ითამაშა და ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტი დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა. ახალგაზრდებიდან მომეწონა სანაძე და ბურჯანაძე. წინა წლებისაგან გასხვავებით კარგად ითამაშა ფაცაციამ. ჩვენი ნაკრები ძირითადად ზონურ დაცვას თამაშობდა, რათა დაეგდო ტემპი, რომელიც მეტოქის კოზირია. ძირითადი დატვირთვა გუნდის ლიდერ ზაზა ფაჩულიაზე გადავიდა, რომელმაც ეს ფუნქცია შესანიშნავად შეასრულა.

რაც შეეხება, ჩვენს დღევანდელ მეტოქეს უნგრეთის ნაკრებს, ამ გუნდს არ ვიცნობ და დაწვრილებით ვერაფერს გეტყვით. თუ გავითვალისწინებთ, რომ გასვლაზე მეტოქეს მხოლოდ 38 ქულა გააკეთებინა, გამოდის რომ დაცვით კალათბურთს თამაშობს. ფავორიტად საქართველოს ვთვლი, მაგრამ მაინც დიდი სიფრთხილე გვმართებს...“

ზაზა ცაგარეიშვილი: „სასიხარულოა, რომ ევროპის შესარჩევი ტურნირი ქვეჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტთან მოგებით დავიწყეთ. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან კალათბურთელებისთვის ეს დიდი სტიმულია. სამწუხაროდ, კალათბურთელები, რომლებიც ამ ეტაპზე ნაკრებს ვერ ეხმარებიან, ყველა დიდი დანაკლისია. სამწუხაროდ, არ მოხერხდა ჰიკმანისა და მარკოიშვილის შემცვლელის მოძებნა, მხედველობაში მაქვს ნატურალიზებული კალათბურთელი. აღნიშნულიდან გამომდინარე ნაკრებს მსროლელის პრობლემა აქვს. არ გვყავს ისეთი მსროლელი, რომელსაც რთულ სიტუაციაში დაეყრდნობი. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, შემადგენლობიდან გამომდინარე ჩვენი გუნდი ფავორიტია და მიუხედავად იმისა, რომ გასვლაზე სუსტად ვთამაშობთ აუცილებლად უნდა მოვიგოთ...“

ზვიად ბაბიაშვილი: „რა თქმა უნდა, შედეგით კმაყოფილი ვარ. ნაკრების ყველა წევრმა ბოლომდე იბრძოლა და საწადელსაც მიაღწიეს. რაც შეეხება უნგრეთთან გასვლაზე თამაშს, იმედია, მოვიგებთ. მიუხედავად იმისა, რომ გასვლაზე სუსტად ვთამაშობთ, მაინც უნდა მოვიგოთ, რადგან მეტოქეზე კარგი შემადგენლობა გვყავს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ არა მარტო ევროპაში, არამედ მსოფლიოში კალათბურთის დონემ საკმაოდ აიწია. მაგალითად, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის მატჩებიც კმარა, სადაც აუტსაიდერად მიჩნეულმა შვეიცარიამ რუსეთს მოუგო, ხოლო ისლანდიამ დიდი ბრიტანეთი დაამარცხა. აღნიშნულიდან გამომდინარე მოდუნების უფლება არ გვაქვს და ისევე როგორც თბილისში ჩეხეთთან, ბიჭებმა უნგრეთთანაც წარმატების მისაღწევად ბოლომდე უნდა იბრძოლონ...“

0.117515