ფეხბურთი

22:40 | 15.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

დუშან უჰრინი: “დიდხანს ველოდით...”

“დინამო” იწყებს

სამშაბათს, 16 ივლისს, “დინამო არენაზე”, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში თბილისის “დინამო” ფარერების “სტრეიმურს” უმასპინძლებს. თითქოს განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ წლეულს გულშემატკივრებს რაღაც სხვაგვარი მოლოდინი აქვთ და ამ მოლოდინს გარკვეული ლოგიკაც ახლავს. შარშანდელთან შედარებით, როცა დინამოელები საერთოდ ვერ მოხვდნენ ევროთასებზე, ბევრი რამ შეიცვალა. დუშან უჰრინის თავკაცობით გუნდი გუნდს დაემსგავსა, ეროვნული ჩემპიონატი დამაჯერებლად მოიგო, ამას ზედ ქვეყნის თასიც დაამატა და ყველას დაანახა, რომ რეალურ ქართულ საფეხბურთო სინამდვილეს გვარიანად გაუსწრო. საკონტროლო მატჩებმაც ცხადყო - დღევანდელ “დინამოს” ევროპის საშუალო გუნდებთან ტოლ-სწორად თამაში შეუძლია. აკი უჰრინმა თქვა კიდეც პრესკონფერენციაზე: ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრააო. აბა გავიხსენოთ, რომელი იყო ბოლოს “დინამოს” მწვრთნელი, ვინც ასეთი სიტყვები თქვა? ალბათ ვერ გავიხსენებთ, რადგან მიზანი ოდენ ერთი-ორი ეტაპის გავლა იყო ხოლმე. რა მოხდება წლეულს, ჯერ არავინ იცის, მაგრამ ის რაღაც სხვაგვარი, იმედიანი მოლოდინი უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს.

ორშაბათ საღამოს “დინამო არენას” მედიაცენტრში ორივე გუნდის წარმომადგენლებმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართეს. ჟურნალისტებთან თავიდან სტუმართა მთავარი მწვრთნელი რუნი ნოლსე და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი, 25 წლის ლევი ჰანსენი წასდგნენ. ჰანსენმა წინა წრეში ანდორულ “ლუზიტანოსს” ორ მატჩში 3 გოლი გაუტანა (ერთიც პენალტი გააცუდა) და თავის დამრიგებელს ნოლსეს ხუმრობანარევი სიამაყით ათქმევინა: იცნობდეთ, თქვენს წინაშე წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირიაო. შემდეგ კი ოდნავი ირონიით მოგვიგო, ვეცდები “დინამოსაც” გავუტანოო. მანამადე კი ჟურნალისტებს მთავარმა მწვრთნელმა უპასუხა.

რუნი ნოლსე: მატჩისთვის სერიოზულად ვემზადებით. ვიცით, რომ საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან გვიწევს თამაში. მაგრამ შევეცდებით, ჩვენთვის მისაღები შედეგით დავასრულოთ შეხვედრა.

- რას გულისხმობთ მისაღებ შედეგში?

- ვფიქრობ, ფრე შესანიშნავი იქნება ჩვენთვის.

...შემდეგ ჟურნალისტებთან “დინამოს” დამრიგებელი დუშან უჰრინი და გამოცდილი მცველი დავით კვირკველია წარსდგნენ.

დუშან უჰრინი: ამ დღეს დიდი ხანია ველოდით. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს, თუმცა საკმაოდ უხერხული გუნდია. ეს იქნება ჩვენი პირველი ნაბიჯი, რადგან საბოლოოდ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრას ვაპირებთ.

- მეტოქის თამაში თუ ნახეთ?

- დიახ, 2 მატჩი ვნახეთ. გეტყვით, რომ “სტრეიმურში” ფარერების ნაკრების ბევრი ფეხბურთელი თამაშობს და შეუფასებლობა ძვირად დაგვიჯდება.

- ვინ დაიკავებს ტრავმირებული პეტერ გრაიციარის ადგილს და რას გვეტყვით ახალწვეულ კოტდ’ივუარელ პატრიკ ვუოზე?

- გრაიციარი მართლაც მძიმედ დაშავდა, თუმცა ჩვენ გვყავს მისი შემცვლელები. კონკრეტულად ამას ხვალ ნახავთ. რაც შეეხება ვუოს. ადრე შეტევაში ჩისკო, მერებაშვილი და დვალი გვყავდა. მათი დაშავების შემთხვევაში პრობლემები გვექმნებოდა ხოლმე. მართალია, გვყავს ახალგაზრდა, ნიჭიერი ხოჭოლავა, მაგრამ ის ჯერ გამოუცდელია. პატრიკი კი ცოტა სხვა ყაიდის მოთამაშეა, ხსენებული სამეულისაგან განსხვავებით, უფრო საჯარიმოს ფეხბურთელია. ფიზიკურად ძლიერია. სწორედ ასეთი თავდამსხმელი გვაკლდა.

დავით კვირკველია: მეტოქის შეუფასებლობა არაფრით შეიძლება. როგორი დონის მოწინააღმდეგეც უნდა იყოს, აუცილებელია სრული მობილიზება. ხვალ მინდორზე მოსაგებად გავალთ, რადგან სერიოზული მიზნები გვაქვს და ოდნავი მოდუნებაც არ შეიძლება.

...ერთიც ვთქვათ, რომ “სტრეიმური” 1993 წელს დაარსებულა ორი კლუბის: “ეიდის ბოლტფელაგისა” და 1976 წელს შექმნილი “სტრეიმურის” ბაზაზე. ორჯერ მოუგიათ კუნძულების პირველობა (2008, 10), ოთხჯერ თასი (2007, 08, 10, 11) სამჯერაც ფარერების სუპერთასი (2011, 12, 13). ევროთასებზე კი მეშვიდედ მონაწილეობენ და ყველაზე წარმატებული მათთვის წლევანდელი სეზონი გამოდგა, რადგან პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ანდორული “ლუზიტანოსი” დაამარცხეს (2:2, 5:1) და შემდგომ ეტაპზე გავიდნენ. აქამდე ისინი ერთთავად პირველივე ეტაპზე მარცხდებოდნენ ხოლმე.

დაბოლოს, ფარერულ გუნდთან “დინამოს” ადრეც უთამაშია. ზუსტად 5 წლის წინათ, 2008 წლის 16 ივლისს, ასევე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე,  დინამოელებმა შინ გურამ კაშიას, ოლეგ გველესიანისა და დავით ოდიკაძის გოლებით 3:0 დაამარცხეს “რუნავიკი,” საპასუხო შეხვედრა თბილისელებმა 0:1 დათმეს, მაგრამ შემდგომ ეტაპზე მაინც გავიდნენ.

მატჩს მალტელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი ალან მარიო სანტი, თანამსაჯები: ალან კამილერი და რობერტო ველა იქნებიან. შეხვედრა 20 საათზე დაიწყება და ბილეთები 3-5 ლარი ეღირება.

0.293384