ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური “ფალავნობა 2009”-ში მონაწილეობას ვერ მიიღებს. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ოლიმპიური ჩემპიონი წინასწარი განაცხადიდან ავადმყოფობის გამო ამოიღეს.
“ნაკრების შეკრებაზე ვარ ბაკურიანში, მაგრამ ორი დღის წინათ გავცივდი და მცირე დატვირთვით ვარჯიშსაც კი ვერ ვახერხებ. ქართული ჭიდაობა ჩემთვის ყველაფერია. რა ტურნირი უნდა იყოს, რომ მონაწილეობა არ მივიღო. “ფალავნობა” კი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრია და ამ ტიტულის მოსაპოვებლად სიამოვნებით მოვირგებდი ფორმას, მაგრამ სამწუხაროდ ბრძოლაში ჩართვის შანსიც აღარ მაქვს”, - უთხრა ზვიადაურმა “სპორტულ ამბებს”.
“ფალავნობა 2009” დღეს, 17 დეკემბერს, დიღომში მდებარე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში გაიმართება. წინასწარი შეხვედრები 12 საათიდან დაიწყება. ფინალური ბრძოლები კი, სავარაუდოდ, 17 საათისთვის გაიმართება. ტატამზე საჭიდაო სახეობებში სახელმოხვეჭილი თითქმის ყველა ქართველი სპორტსმენი გავა. მათ შორის, რეკორდსმენი, 8-გზის ფალავანი ალექსი დავითაშვილი.
ტურნირი ახალი დიზაინის საჭიდაო ფორმით ჩატარდება. ქართული ჭიდაობის ფედერაციამ საუკუნის წინანდელი ტრადიცია აღადგინა და უმკლავებო ჩოხები სახელოებიანით ჩაანაცვლა.
ოთარ მაღლაკელიძე