კალათბურთი

13:13 | 13.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას “მილუოკის” მოგება და მარცხი

ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” უქმეებზე 2 მატჩი მოილია და თუკი შაბათს “კლივლენდ კავალიერსთან” ნანატრი გამარჯვება (119:116) იზეიმა, ვაშინგტონში “უიზარდსთან” 91:104 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების ცენტრი ორივე შეხვედრაში სასტარტო ხუთეულში იყო. კლივლენდელებთან მატჩში ფაჩულიამ მოედანზე 29:59 წუთი გაატარა და მასპინძლებს 16 ქულა, 8 მოხსნა (5 შეტევაში), 4 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. ზაზამ 13-დან 6 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

დედაქალაქში გამართულ მატჩში “ბაქსმა” მასპინძლებს პირველ ტაიმში ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია და მხოლოდ 3 ქულით დამარცხდა, საბოლოოდ, კი “უიზარდსმა” მაინც დამაჯერებლად იმარჯვა.

ფაჩულიამ მოედანზე 24:21 წუთი გაატარა და აქტივში 9 ქულა, 6 მოხსნა (3 შეტევაში) და 5 პასი ჰქონდა. ქართველმა ცენტრმა 9-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა, 4 შეცდომა დაუშვა და ერთხელ დაჯარიმდა.

ვაშინგტონელთა პოლონელმა ცენტრმა მარჩინ გორტატმა 33:16 წუთს ითამაშა და ორმაგი დუბლი შეასრულა. მან 12-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო მიითვალა და 13 ქულას ამდენივე მოხსნა წაამატა.

“მილუოკის” 15 მოგების წილ 65 მარცხი მოუგროვდა, რაც კლუბის ისტორიაში უარესი მაჩვენებელია. ფაჩულიას გუნდს სეზონის ბოლომდე 2 მატჩი დარჩა ჩასატარებელი: 15 აპრილს “ტორონტო რეპტორზთან”, ხოლო 17-ში – ზაზას ყოფილ კლუბ “ატლანტა ჰოუქსთან”.

0.121501