კალათბურთი

14:20 | 4.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიამ მხოლოდ ერთხელ ააცილა

14 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი “იუტასთან” მატჩში


ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და შინაურ “ჰარის ბრედლი სენთერში” “იუტა ჯაზი” 114:88 გაანადგურა, რაშიც ქართველმა ცენტრმაც სოლიდური წვლილი შეიტანა.

ფაჩულია ამჯერადაც სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 25:39 წუთის განმავლობაში მეტოქის ფარს მაქსიმალურად აკურატულად უტევდა. ზაზამ 4-დან 3 ორქულიანი და 8-ვე საჯარიმო ჩააგდო და 14 ქულას 6 მოხსნა (2 მეტოქის ფარზე), 5 პასი და 1 დაფარება წაამატა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში კი “მილუოკიმ” “იუტაზე” 26 ქულით მეტი ჩააგდო.

გასულ მატჩში “ბაქსის” რიგებში საუკეთესო თურქი ფორვარდი ერსან ილიასოვა იყო, რომელმაც თამაშიდან 14-დან 13 ტყორცნა გამოიყენა და 31 ქულის ავტორი გახდა. აღსანიშნავია, რომ თურქეთის ნაკრების წევრი გამოირჩა “ჯაზის” მხრიდანაც – ენეს კანტერმა თამაში 27 ქულით და 14 მოხსნით დაასრულა.

“მილუოკიმ” 47 მარცხის ფონზე მე-12 გამარჯვება იზეიმა და როგორც ცენტრალურ დივიზიონში, ასევე მთელს აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზე რჩება. ფაჩულიას კლუბი მომდევნო შეხვედრას 6 მარტის დილას საკრამენტოში “კინგზთან” ჩაატარებს.

მორიგი შეხვედრა გამართა თორნიკე შენგელიას “ჩიკაგომ”, თუმცა, ქართველი ფორვარდი მოედანზე არ გამოჩენილა. “ბულსი” ამჯერად შენგელიას ყოფილ კლუბს “ბრუკლინ ნეთსს” ესტუმრა და 80:96 წააგო.

ჩიკაგოელთაგან ორმაგ დუბლს (10 ქულა, 13 მოხსნა) კარლოს ბუზერი გამორჩა, ხოლო ბრუკლინელებს დერონ უილიამსმა (20 ქულა) და ჯო ჯონსონმა (19 ქულა) ულიდერეს. “ნეთსის” ბოსნიელმა ლეგიონერმა მირზა ტელეტოვიჩმა 14:06 წუთს ითამაშა, თუმცა, 5-ვე სამქულიანი ააცილა და უქულოდ დარჩა.

“ჩიკაგო” 33 მოგებით და 27 მარცხით ცენტრალურ დივიზიონში მე-2 პოზიციაზეა, აღმოსავლეთ კონფერენციაში კი მე-4 საფეხურზე გახლავთ. 6 მარტის დილას “ხარები” “დეტროიტ პისტონზს” ესტუმრებიან.

 

მილუოკი – იუტა 114:88 (30:21, 25:27, 40:19, 19:21)

მილუოკი: ილიასოვა (31 ქ.), ფაჩულია (14 ქ.), ნაიტი (11 ქ.), უოლტერსი (10 ქ.), მიდლტონი (9 ქ.); სეშნსი (14 ქ.), ედრიენი (8 ქ. 11 მ.), ანტეკოუნმპო (8 ქ.), ჰენსონი (6 ქ. 7 მ.), მაიო (3 ქ.), რადულიცა.

იუტა: ჰეივორდი (20 ქ.), ბერკი (7 ქ.), ჯეფერსონი (7 ქ.), უილიამსი (5 ქ.), ფეივორსი (2 ქ.); კანტერი (27 ქ. 14 მ.), ბერკსი (12 ქ.), ევანსი (4 ქ.), გარეტი (2 ქ.), გობერი (2 ქ. 4 დ.), რაში.

 

ბრუკლინი – ჩიკაგო 96:80 (27:18, 23:24, 26:17, 20:21)

ბრუკლინი: უილიამსი (20 ქ. 6 პ.), ჯონსონი (19 ქ.), ლივინგსტონი (14 ქ. 5 ჩ.), პირსი (14 ქ. 7 მ.), პლამლი (6 ქ.); კირილენკო (7 ქ.), ტორნტონი (3 ქ.), ანდერსონი (2 ქ.), ტელეტოვიჩი, კოლინზი.

ჩიკაგო: ბატლერი (13 ქ.), ბუზერი (10 ქ. 13 მ.), ნოა (10 ქ.), დანლივი (8 ქ. 7 მ.), ჰაინრიხი (5 ქ.); ოგასტინი (16 ქ.), გიბსონი (12 ქ.), ფრედეტი (2 ქ.), სნელი (2 ქ.), მოჰამედი (2 ქ.).

0.11404