ზაზა ფაჩულიას “მილუოკიმ” ნბა-ს მოქმედ ჩემპიონსა და ახლაც პირველობის ერთ-ერთ უმთავრეს კანდიდატ “მაიამის” უმასპინძლა და ისე დამარცხდა, წარმატების შანსი არ ჰქონია. მაიამელებმა ოთხივე პერიოდში აჯობეს მასპინძლებს და საბოლოოდ 21 ქულის სხვაობით – 88:67 გაიმარჯვეს.
ქართველმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა, მაგრამ მოედანზე მხოლოდ 18 წუთი გაატარა. ფაჩულიამ 6-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 4 ქულით დაასრულა. ზაზა ფარზე უფრო აქტიური იყო და თავი 6 მოხსნას მოუყარა, რასაც 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაყოლა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.
მილუოკელთაგან დიდად გამორჩეული არავინ ყოფილა. ბომბარდირ რამონ სეშენსს მხოლოდ 15 ქულა ჰქონდა. მაიამელთაგან კრის ბოშმა 14 ქულა ჩააგდო, სამ კალათბურთელს კი 13-13 ქულა ჰქონდა – ლებრონ ჯეიმსს, ტონი დაგლასს და რაშარდ ლუისს.
“მილუოკი” მომდევნო მატჩს 31 მარტს, სტუმრად “დეტროიტთან” გამართავს.
www.gbf.ge