კალათბურთი

6:30 | 2.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიამ ბოსტონში გაიბრწყინა

ქართველ ცენტრის ოცმა ქულამ “მილუოკის” სეზონში პირველი გამარჯვება მოუტანა


ზაზა ფაჩულიას ბრწყინვალე თამაშის წყალობით, “მილუოკი ბაქსმა” ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ახალ სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა. მილუოკელებმა ბოსტონში “სელტიქსს” თითქმის უიმედო თამაში შემოუტრიალეს და 105:98 სძლიეს, საქართველოს ნაკრების კაპიტნის მონაგარი კი 20 ქულა, 9 მოხსნა (6 მეტოქის ფარზე), 4 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ სეზონის საწყის მატჩში “ბაქსმა” ნიუ იორკში “ნიქსს” 25-ქულიანი ჩამორჩენა “დაუქაჩა”, თუმცა, მარცხს მაინც ვერ გადაურჩა, ამჯერად კი, მეტოქეს 22 ქულით ჩამორჩა, მაგრამ დიდწილად ქართველი კალათბურთელის ჩინებული გარჯის წყალობით, საწადელს მიღწია.

საინტერესოა, რომ თამაშის სტარტზე 2:0 დაწინაურების შემდეგ, “მილუოკი” მუდმივად მდევრის როლში იყო, ნავსი კი ფაჩულიამ გატეხა, როდესაც საფინალო სირენამდე 43:05 წამით ადრე საჯარიმოები სტყორცნა და სტუმრები ისევ წინ გაიყვანა – 99:98.

დარჩენილ დროში ზაზამ ორქულიანი შეტევა განახორციელა, რასაც საკუთარ ფარზე მოხსნა მიაყოლა და როდესაც მასზე დაჯარიმდნენ, კიდევ 2 საჯარიმო ჩააგდო. სულ ქართველმა კალათბურთელმა 10-დან 10 საჯარიმო გამოიყენა, რასაც 10-დან 5 ორქულიანი წაამატა.

აღსანიშნავია, რომ ზაზა სასტარტო ხუთეულში არც ამჯერად ყოფილა, თუმცა, უშუალო კონკურენტ ლარი სანდერსს ისევ აშკარად აჯობა. სწორედ ამის გამო, მილუოკელთა თავკაც ლარი დრიუს თამაშის დასკვნითი თვრამეტიოდე (!) წუთი ფაჩულია აღარც შეუცვლია.

საბოლოოდ, ზაზამ სტუმართა მხრიდან ყველაზე დიდხანს – 29:36 წუთს იასპარეზა და ამ დროში ბურთი არცერთხელ (!) დაუკარგავს, პასივში კი 4 პერსონალური ფოლი ჰქონდა. ქართველი ცენტრის მოედანზე ყოფნის დროს “ბაქსმა” მეტოქეზე 25 ქულით მეტი ჩააგდო და გასაკვირი არც ის ყოფილა, რომ ფაჩულია შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

მილუოკელებს მომდევნო მატჩი უკვე ხვალ დილით ელით, როდესაც ახალი სეზონის პირველ საშინაო თამაშში “ტორონტო რეპტორზს” მიიღებენ.

0.125721