ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” მიჯრით მე-9 მატჩი წააგო და 2008 წლის შედეგი გაიმეორა, ყველა დროის პირად ანტირეკორდამდე კი მაინც ბევრი უკლია: 1996 წელს მილუოკელებმა ზედიზედ 15 შეხვედრა დათმეს და ძალიან უნდა მოინდომონ, აღნიშნულს ახლა რომ გადააჭარბონ.
დეტროიტის “ობორნ ჰილში” გამართულ მატჩს 12 150 მაყურებელი დაესწრო და უკვე პირველი მეოთხედის შემდეგ მშვიდად იყო, რადგანაც “პისტონზი” 20 ქულის სხვაობით იგებდა. მასპინძლებმა საწყისი პერიოდის დასკვნითი წუთები 21:0 (!) მოიგეს და სტუმრები შოკში ჩააგდეს, საბოლოოდ კი, 113:94 იმარჯვეს.
ფაჩულია ამჯერადაც სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებული 17:25 წუთი ნაყოფიერად გამოიყენა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 3-დან 2 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო და 8 ქულას 1 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა წაამატა. ზაზას პასივში მხოლოდ 1 დაკარგვა და 3 პერსონალური ფოლი გახლდათ.
მილუოკელთაგან 10-ქულიან ზღვარს სამმა კალათბურთელმა გადააბიჯა. ესენი ჯონ ჰენსონი (15), გარი ნილი (14) და კრის მიდლტონი (14) იყვნენ, “დეტროიტს” კი ბრენდონ ჯენინგსმა ულიდერა, რომელმაც გასული 4 წელი სწორედ “ბაქსში” გაატარა, “პისტონზში” გადაბარგების შემდეგ კი, ყოფილი გუნდის წინააღმდეგ პირველად ითამაშა და თავი 15 ქულას და 13 პასს მოუყარა.
ფაჩულიას კლუბს 2 მოგება და 11 მარცხი გააჩნია და როგორც ცენტრალურ დივიზიონში, ასევე მთელს აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილი უკავია. “ბაქსს” მომდევნო შეხვედრა 28 ნოემბრის დილას
დეტროიტი – მილუოკი 113:94 (38:18, 27:16, 27:32, 21:28)
შარლოტი – ბოსტონი 86:96 (21:14, 17:33, 28:21, 20:28)
მაიამი – ფინიქსი 107:92 (24:21, 26:26, 29:24, 28:21)
მემფისი – ჰიუსტონი 86:93 (24:20, 20:12, 19:23, 23:38)
დალასი – დენვერი 96:110 (27:32, 24:24, 26:29, 19:25)
იუტა – ჩიკაგო 89:93 ოტ. (23:18. 17:14, 24:24, 14:22, 11:5)
პორტლენდი – ნიუ იორკი 102:91 (34:18, 22:21, 25:30, 21:22)