კალათბურთი

19:26 | 5.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულია ახალგაზრდა კალათბურთელებს შეხვდა და სპორტის მუზეუმი მოინახულა

5 მაისს, კალათბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი და NBA-ს კლუბ “მილუოკ ბაქსის” წევრი, ცენტრალური თავდამსხმელი ზაზა ფაჩულია ახალგაზრდა, მომავალ კალათბურთელებს შეხვდა, მათთან ერთად ქართული სპორტის მუზეუმს ესტუმრა და საკუთარი სათამაშო მაისური უსახსოვრა, რომლითაც “ატლანტა ჰოუქსში” თამაშობდა.

აღნიშნული მუზეუმი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შენობაშია განთავსებული, სადაც თავმოყრილია ქართველი სპორტსმენების მიერ მოგებული მედლები, თასები, სიგელები და ნაირგვარი ტიტულები. იქ ნახავთ სხვადასხვა სინჯის ოლიმპიურ მედლებს, მსოფლიო, ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის თასებს.

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ მოზარდი სპორტსმენების მუზეუმში სტუმრობის ტრადიცია მიმდინარე წელს დანერგა, რითაც ახალგაზრდა თაობას ქართული სპორტის ისტორიას აცნობს.

ფაჩულიამ მოზარდებისა და მასმედიისთვის რამდენიმე კითხვას უპასუხა.

ფაჩულიამ ჯერ მოზარდების კითხვებს უპასუხა, რომელთაგან ზოგი გულუბრყვილო და ბავშვური იყო.

-       რატომ აირჩიეთ კალათბურთი?

-       თუ გავითვალისწინებთ, რომ დედაჩემი (მარინა კოდუა) კალათბურთელი იყო, შეიძლება ითქვას, ოჯახური ტრადიცია გავაგრძელე. სიმაღლეც (210 სმ) ხელს მიწყობდა და ამ ფაქტორმაც ითამაშა გარკვეული როლი, რათა კალათბურთს გავყოლოდი.

-       კალათბურთის გარდა სპორტის სხვა სახეობები თუ გიტაცებთ?

-       მიყვარს ჩოგბურთი, ფეხბურთი, განსაკუთრებით ამერიკული ფეხბურთი.

-       ხომ არ ნანობთ კალათბურთს რომ გაჰყევით?

-       რა თქმა უნდა, არა.

-       “ატლანტა ჰოუქსიდან” თქვენი ნებით წამოხვედით?

-       კი, ჩემი ნებით წამოვედი.

-       NBA-ში ყველაზე უფრო რომელ გუნდში გინდათ, რომ ითამაშოთ?

-       იქ, სადაც ვთამაშობ.

-       NBA-ში ბევრ კალათბურთელთან მეგობრობთ?

-       ვმეგობრობ, მაგრამ მხოლოდ მოედნის გარეთ. მოედანზე ის შენი მეტოქეა და რა თქმა უნდა, ვერ იმეგობრებ.

-       ვინ არის თქვენი საყვარელი კალათბურთელი?

-       ბავშვობაში მაიკლ ჯორდანი იყო, ამჟამად დიდ პატივს ვცემ ტიმ დანკანს და მიმაჩნია, რომ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია.

-       NBA-ში თამაში თქვენი სურვილი იყო?

-       სურვილი კი არა, ოცნება იყო, რომელიც 19 წლის ასაკში ავიხდინე. თავიდან ვნერვიულობდი, ცოტა გამიჭირდა, მაგრამ თავდაუზოგავად ვვარჯიშობდი  და რაღაცას მეც მივაღწიე. მომავალში შეიძლება თქვენც შეგხვდეთ წინააღმდეგობები, მაგრამ გული არ უნდა გაიტეხოთ. ჩემი ისტორიის ერთ დეტალს მოგიყვებით. დაახლოებით თქვენი ხნის ვიქნებოდი, როცა საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებში ვერ მოვხვდი. ამით გული არ გამიტეხავს და კიდევ უფრო მონდომებით დავიწყე ვარჯიში. კალათბურთთან ერთად სწავლაშიც საუკეთესოები უნდა იყოთ, რომელიც ცხოვრებაში აუცილებლად გამოგადგებათ.

ბავშვებთან საუბრის დასრულების შემდეგ ფაჩულიამ მასმედიის კითხვებს უპასუხა.

-       როგორი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე ბავშვებთან შეხვედრამ?

-       მიყვარს ბავშვები და მათთან შეხვედრა ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებს. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო აქ შეხვედრა, სადაც სპორტის მუზეუმია.

-       მათ მიერ დასმულ რომელ კითხვას გამოარჩევდით?

-       ყველა კითხვა ნორმალური იყო. ამ ღონისძიებით ძალიან კმაყოფილი დავრჩი.

შეხვედრის ბოლოს ზაზა ფაჩულიამ მოზარდ კალათბურთელებს ავტოგრაფები დაურიგა.

0.139552