“შსს აკადემიას” ახალწვეულს, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრ ლევან ფაცაციას (24.09.88, 198 სმ) დებიუტი მიმდინარე ჩემპიონატის მე-2 წრის მე-6 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, ასპარეზობის ერთ-ერთ ლიდერ “დინამოსთან” მატჩში შედგება.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “შსს აკადემიას” მთავარმა მწვრთნელმა არჩილ ჟღენტმა განუცხადა.
“ფაცაციას დებიუტი მე-5 ტურში “ქუთაისი-2010”-თან უნდა შემდგარიყო, მაგრამ ლევანის ავადმყოფობის გამო არ შედგა. ფაცაცია უკვე გამოჯანმრთელდა და “დინამოსთან” მატჩისთვის ემზადება”, - გვითხრა ჟღენტმა.
ფაცაციამ 2012-13 წლების სეზონი ქვეყნის ვიცე ჩემპიონ “ოლიმპში” გაატარა და გუნდთან ერთად ვერცხლის მედალი აიღო. 2013-14 წლების სეზონი დნიპროძერჟინსკის “დნიპროაზოტში” (უკრაინა) დაიწყო. 2013 წლის დეკემბრის მეორე ნახევარში ერთ-ერთი მატჩის დროს მარჯვენა ხელის ერთ-ერთი თითი მოიტეხა. გამოჯანმრთელების შემდეგ კი “შსს აკადემიაში” ჩაირიცხა.