საქართველოს ეროვნული ნაკრების მსუბუქი ფორვარდი ლევან ფაცაცია (198 სმ. 95 კგ.), უკრაინის სუპერლიგის ბინადარ დნიპროძერჟინსკის “დნიპრო აზოტის” წევრი გახდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Eurobasket.com ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ფაცაცია საკალათბურთო კლუბ “სოხუმის” აღზრდილია. თამაშობდა “გრან კანარიასა” (ესპანეთი) და “ბარსელონას” (ესპანეთი) ასაკობრივ გუნდებში. შემდეგ რამდენიმე წელი აშშ-ის კოლეჯების გუნდში გაატარა.
2010-11 წლების სეზონის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფლეი ოფში “სოხუმს” ეხმარებოდა. 2011-12 წლების სეზონიც “სოხუმში" გაატარა, 2012-13 წლებში კი “ოლიმპში” ითამაშა და გუნდთან ერთად ვერცხლის მედალი, სუპერთასი და მიხეილ ქორქია-ზურაბ საკანდელიძის მემორიალი მოიგო.
ლევანს ქვეყნის ეროვნულ გუნდშიც მუდმივად იწვევენ და 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაცო ეტაპზეც ითამაშა, სადაც 6 მატჩში მისი საშუალო მონაგარი 1.0 ქულა და 1.8 მოხსნა იყო.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ჩემპიონატიდან ქართველი კალათბურთელი უცხოურ კლუბში კარგა ხანია არ წასულა, ფაცაციას ტრანსფერი უდაოდ გამორჩეულ ფაქტად უნდა მივიჩნიოთ.
Eurobasket.com-ი ქართველ ფორვარდს დნიპროძერჟინსკელთა სასტარტო ხუთეულის წევრად მოიაზრებს, სადაც მის გარდა ამერიკელი დონალდ საიმსი, ლიტველი გედიმინას მაცეინა და უკრაინელები – რომან გუმენიუკი და სერგეი კოვალი ფიგურირებენ.
აქვე ვთქვათ, რომ გასულ სეზონში “დნიპრო აზოტმა” 39 ტურში 11 გამარჯვება იზეიმა და ბოლოსწინა ადგილი დაიკავა.
სწორედ ამიტომ, მომავალი სეზონისთვის დნიპროძერჟინსკელებმა ახალ დამრიგებელ ვიკტორ კობზისტის უხმეს. ეს უკანასკნელი ბოლო წლებში კიევის “ბუდიველნიკში” ჯერ – ზვეზდან მიტროვიჩის შემდეგ კი, აინარს ბაგატსკისის თანაშემწედ მუშაობდა.