ფაბიო კაპელოს მიმართ ინგლისში ჯერ კიდევ ფრთხილი დამოკიდებულება აქვთ. ნაკრებისგან, რომელიც 2008 წლის ევროპის ჩემპიონატს მიღმა დარჩა, იტალიელმა სპეციალისტმა ბრძოლისუნარიანი გუნდი ჩამოაყალიბა, რომელიც სამხრეთ აფრიკის მუნდიალის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება. Telegraph-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კაპელო საუბრობს თანამედროვე ფეხბურთზე, საკუთარ სამუშაო მეთოდებზე და განვლილ საფეხბურთო კარიერაზე.
- როგორ ფიქრობთ, ყველაზე მეტად რაზე გადააქვთ დღევანდელ ფეხბურთელებს ყურადღება თავიანთი ძირითადი სამუშაოსგან?
- მე მათგან ვითხოვ მოედანზე ყოფნის დროს მაქსიმალურ კონცენტრაციას. ფეხბურთს მიღმა მათი ცხოვრება განსაკუთრებით არ მაინტერესებს. მაგრამ ფეხბურთელს თავად უნდა ესმოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის სამუშაო. მის თამაშს ხომ უამრავი გულშემარტკივარი ადევნებს თვალს. ჩემი მიზანია ფეხბურთელებს ვარჯიშების დროს გავაგებინო, რომ მათი პერსონალური ცხოვრება ხელშეუხებელია, მაგრამ თამაშის დროს ისინი საკუთარ ქვეყანას წარმოადგენენ. ფეხბურთელებმა კარგი მაგალითი უნდა მისცენ ბავშვებს, რომლებიც მათ აღმერთებებ.
- რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც ინგლისის ნაკრები?
- ჯერ კიდევ ახალგაზრდობიდან მოყოლებული განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდი ინგლისის ნაკრებს. ყოველთვის მსურდა მისი გაწვრთნა. მომწონს ინგლისის ნაკრების მატჩებზე არსებული ატმოსფერო. ინგლისელები არიან ფიზიკურად ძლიერები, თამაშობენ ტექნიკურ ფეხბურთს და პატივს სცემენ მეტოქეს. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მეტოქე ფეხბურთელების, გულშემატკივრების და საერთოდ ფეხბურთის პატივისცემას. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდობაში მსურდა ინგლისში თამაში, შემდეგ კი ნაკრების, ან რომელიმე ინგლისური კლუბის გაწვრთნა. იტალიის ნაკრების მიმართ ინტერესი არასდროს გამომითქვამს – ძალიან კარგად ვიცნობ იტალიელ ხალხს და იქაურ ფეხბურთს.
- არ გეშინოდათ იმ გუნდის გაწვრთნის, რომელიც ევროპის 2008 წლის ჩემპიონატზე ვერც კი მოხვდა?
- საკმაოდ რთული პროცესი იყო. ფეხბურთელები საკუთარ თავს არ გვანდნენ, გულშემატკივრები კი შოკში იყვნენ. საჭირო გახდა ახალი კოლექტივის ჩამოყალიბება და ამასთან ერთად გულშემატკივართა ძლიერი მხარდაჭერა. გარდა ამისა, საჭირო იყო მოთამაშეთა ფსიქოლოგიისთვის ყურადღების მიქცევა.
- ცოტა ხნის წინ უეინ რუნიმ განაცხადა, რომ ფაბიო კაპელო მკაცრ მამას ჰგავს. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- ჩვენ ძალზე ცოტა დრო გვაქვს ერთმანეთის უკეთ გასაცნობად. შესაძლოა, ამიტომ რჩებათ ფეხბურთელებს ჩემზე ასეთი შთაბეჭდილება. ვალდებული ვარ ვიყო მკაცრი, რადგან ნაკრებს მოსამზადებლად სულ რამდენიმე დღე აქვს.
- ანუ, არ მოგწონთ ასეთი შედარება?
- რატომაც არა. ეს კარგიცაა. თავის დასაცავად ვიტყვი, რომ ვინც კარგად მიცნობს, იცის, როგორ მიყვარც ცხოვრება და როგორ ვაფასებ კარგ იუმორს.
- მაგრამ ალბათ არა გასახდელში...
- ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციაზე. ჩვენი მდგომარეობა ჰგავს პიანინოზე დაკვრას, როდესაც ზუსტად იცი რომელ კლავიშს უნდა დააჭირო. ზოგჯერ საჭიროა გაბრაზება, შენი ძალის ჩვენება, ზოგჯერ კი სიმშვიდის შენარჩუნება. ჩემი მუშაობის სტილი ჯერ კიდევ მწვრთნელობის დასაწყისში ჩამოყალიბდა და მას შემდეგ მისი ერთგული ვარ. შესვენების დროს ფეხბურთელებისთვის აუცილებელია 2-3 წუთი სიჩუმე. თუ ვინმე ამ სიჩუმეს არღვევს, ვთხოვ გაჩუმებას. ყველას სჭირდება აზრების მოკრება და დამშვიდება. საუბარს მხოლოდ მას შემდეგ ვიწყებ, როდესაც ყველა დამშვიდდება და მზად იქნება ჩემს მოსასმენად.
- მოგვიყევით იმ დროზე, როდესაც თავად იყავით ფეხბურთელი...
- ბავშვობაში მფრინავი ვიყავი. მიყვარდა ფრენა, მაგრამ შემდეგ ფეხბურთმა გამიტაცა და სწორედ იგი იქცა ჩემს ძირითად საქმიანობად. ვიყავი ნახევარმცველი, ვთამაშობდი ნაკრებში და ინგლისელებს გოლიც კი გავუტანე. 1973 წელს ჩვენ პირველად გავიმარჯვეთ “უემბლის” სტადიონზე. საერთო ჯამში, კამყოფილი ვარ ჩემი საფეხბურთო კარიერით. მუხლზე ტრავმის სამჯერ მიღების შემდეგ ფეხბურთელთა უმრავლესობისთვის კარიერა სრულდება. მაგრამ მე მაინც მოვახერხე თამაშის გაგრძელება და ვიასპარეზე ისეთ გუნდებში, როგორებიც არიან “რომა”, “იუვენტუსი” და “მილანი”. რამდენიმეჯერ გავხდი იტალიის ჩემპიონი. ვერც კი წარმოიდგენთ რას ნიშნავს, როდესაც მუხლი გამუდმებით გტკივა. მოდანზეც, სატრენაჟორო დარბაზში და სახლშიც კი მუდმივად მტკიოდა.
- ბევრად შეიცვალა მას შემდეგ ფეხბურთი?
- ძალიან. როდესაც თამაშს ვიწყებდი, მაშინ ყველა ცდილობდა მოეგროვებინა ფული და უზრუნველყოფილი მომავლისთვის ბიზნესი დაეწყო. ახლა ფეხბურთელებს იმხელა ხელფასები აქვთ, რომ ისედაც ახერხებენ უზრუნველად ცხოვრებას. დღესდღეობით მნიშვნელოვანია შოუ. დღეს შესაძლებელია ახალგაზრდა ფეხბურთელიც კი მალე გამდიდრდეს.
- მწვრთნელებისთვის ეს არაა პრობლემა?
- არა, რა თქმა უნდა. უნდა გვესმოდეს როგორ სამყაროში გვიწევს ცხოვრება. გარდა ამისა, მწვრთნელი თავად გამოიმუშავებს ფულს და არ შეიძლება ამან იგი არ გაახაროს.
- თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელებს უყვარდეთ?
- ზოგიერთ ფეხბურთელს უყვარხარ იმ შემთხვევაში, თუ შენ მას მუდმივად ათამაშებ ძირითად შემადგენლობაში. ვისაც ძირითადად სათადარიგოთა სკამზე უწევს ჯდომა, მას არ მოსწონხარ. ერთხელ ერთმა იტალიელმა მწვრთნელმა მითხრა, რომ მას ფეხბურთელმა ასეთი ტექსტით მიმართა – “ბოს, თქვენთან ლაპარაკი მსურს. ყოველდღიურად თავდაუზოგავად ვვარჯიშობ, ყველაფერს ვაკეთებ რაც შემიძლია, მაგრამ ზოგჯერ მაინც სათადარიგოთა სკამზე ვზივარ. რატომ ხდება ასე”. მწვრთნელმა კი უპასუხა: “გსურს გაიგო რატომ? უბრალოდ მე მსურს, რომ გუნდმა მოიგოს”. ყველა მწვრთნელს სურს მოგება. ვბრაზდები მაშინ, როდესაც გუნდი თავის პოტენციალს ვერ იყენებს. ბევრ მწვრთნელს აინტერესებს რატომ ხდება ასე. უბრალოდ საჭიროა გამუდმებით სწავლა. ყოველი დღე ახალ გაკვეთილს იძლევა.
- ინგლისის ნაკრებში მუშაობა მოსალოდნელზე რთული აღმოჩნდა, თუ იოლი?
- ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ მაქვს. წაგება ყოველთვის უსიამოვნოა. ზოგჯერ ფიქრობ – “რა მარტივია ყველაფერი”. შემდეგ კი ყველაფერი შემობრუნდება.
- ამჟამად რა დეტალზე მუშაობთ?
- ინგლისის ნაკრები ყოველთვის ცუდად ატარებს გასვლით თამაშებს. მსურს ამ კომპონენტის გაუმჯობესება. ჩემს კარიერაში ყველაზე წარმატებული გუნდები, “მილანი” და “რეალი” ყოველთვის კარგად თამაშობდნენ გასვლაზე. ინგლისის ნაკრებს ჰყავს კარგი ფეხბურთელები, რომლებთან ერთადაც შესაძლებელია დადებითი შედეგების მიღწევა.
მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა