ინტერვიუები

11:01 | 3.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიო კაპელო: "ყოველი წაგება ბზიკის ნაკბენივით მწარედ მახსოვს"

გასულ კვირას “კამპ ნოუზე” პრიმერადივიზიონური “ელ კლასიკო” ჩატარდა, მომავალ უიკენდზე კი ტურინში “დერბი დ’იტალიად” წოდებულ მატჩში ერთმანეთს “იუვენტუსი” და “ინტერი” შეხვდებიან. ამიტომაც სულაც არაა გასაკვირი, “ტუტოსპორტის” კორესპონდენტი ინგლისის ნაკრების ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელთან ფაბიო კაპელოსთან საუბრისას აქცენტს უპირველესად “ბიანკონერისა” და “ნერაძურის” დაპირისპირებაზე რომ აკეთებდა.
- სინიორ ფაბიო, რამდენიმე დღის წინ მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება კატალონიის დედაქალაქისკენ იყო მიპყრობილი, სადაც ესპანურ “ელ კლასიკოდ” წოდებული “ბარსელონასა” და “რეალის” შეხვედრა ჩატარდა. მომავალ უიკ-ენდზე კი იტალიაში მორიგი “დერბი დ’იტალია” შედგება, რომელშიც ერთმანეთის პირისპირ პრინციპული მოწინააღმდეგეები, “ინტერი” და “იუვენტუსი” წარსდგებიან. შეგიძლიათ შეადაროთ ერთურთს “ელ კლასიკო” და “დერბი დ’იტალია”?
- ტურინული და მილანური კლუბების (ვგულისხმობ “მილანსაც”) დაპირისპირება ყოველთვის მნიშვნელოვანია. ამ გუნდებს ხომ მთელი ქვეყნის მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი ჰყავთ. შეხვედრებსაც განსაკუთრებული ქვეტექსტი აქვთ, რადგანაც ამ 2 ქალაქს შორის პაექრობა სპორტის სხვადასხვა სახეობებშიც მძაფრია და საზოგადოებრივი ცხოვრების რამდენიმე ასპექტითაც. ასე რომ, იტალიური დერბები “ელ კლასიკოს” დაძაბულობითა და მოტივაციით არაფრით ჩამოუვარდება. განსხვავება კი მხოლოდ ისაა, რომ სხვადასხვა მომენტთან ერთად, კასტილიურ-კატალონური დაპირისპირება პოლიტიკურ ხასიათსაც ატარებს.
- “დერბი დ’იტალია” მართლაც განსაკუთრებული მოვლენაა აპენინის ნახევარკუნძულის საფეხბურთო ცხოვრებაში თუ ორივე კლუბის ქომაგები მას ზედმეტად “ბუქავენ”?
- საქმე მხოლოდ “იუვენტუსისა” და “ინტერის” ქომაგებზე არაა – ეს გუნდები არა მხოლოდ ერთმანეთში არკვევნ ურთიერთობას, დიდწილად “სკუდეტოს” ბედიც წყდება. უპირველესად, სწორედ აქედან მოდის მაღალი დაძაბულობა. “დერბი დ’იტალია” პრაქტიკულად სათასო ფინალის ტოლსწორი მატჩია.
- რას ელით მომავალი შეხვედრისგან?
- “ინტერი” ძლიერი გუნდია, რომელიც კარგადაა დაკომპლექტებული და სათამაშო მექანიზმიც აწყობილი აქვს. სადღეისოდ “ნერაძური” იტალიია საუკეთესო კლუბია, რასაც მისი ბოლოდროინდელი შედეგები ადასტურებენ. “იუვენტუსს” რაც შეეხება, “ბიანკონერი” უწინდელ მოწინავე პოზიციაზე დაბრუნებას ლამობს. ტურინელები ხომ ათწლეულების განმავლობაში სერია A-ში ლიდერები იყვნენ.
- სერია A-ს მოგების შანსი “ინტერს” მეტი აქვს თუ “იუვენტუსს”?
- წინ კიდევ გრძელი სატურნირო დისტანციაა, ამიტომაც 11-ქულიანი უპირატესობა ჟოზე მოურინიოს გუნდს მშვიდად ყოფნის უფლებას არ აძლევს, თუმცა, თუკი “ნერაძურიმ” “ბიანკონერის” სძლია, მისი დაწევა ძალიან გაჭირდება.
- “ინტერს” “იუვენტუსთან” შედარებით მხოლოდ ქულათა უპირატესობა აქვს?
- მილანელები ბოლო წლების განმავლობაში აძლიერებდნენ შემადგენლობას, რაც მათ სადღეისოდ ლავირების საშუალებას აძლევს, “კალჩოპოლის” სკანდალის გამო კი ყველაზე მეტად ტურინელები დაზარალდნენ. მართალია, “იუვემ” გასულ ზაფხულს შემადგენლობა განაახლა და რამდენიმე მაღალი კლასის მოთამაშე დაიმატა, მაგრამ გუნდის მექანიკურად, რამდენიმე თვეში მომძლავრება პრაქტიკულად შეუძლებელია. მოდით მივცეთ კიდევ დრო “იუვენტუსსაც” და ჩირო ფერარასაც.
- ერთი წუთით თავი “ბებერი ქალბატონის” მთავარ მწვრთნელად წარმოიდგინეთ. საკუთარი გუნდის წინააღმდეგ თამაშისას “ინტერის” რომელი ფეხბურთელის ხილვა არ გსურთ ყველაზე მეტად?
- მაიკონის, თუმცა, იგი დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს. მაიკონი “ინტერისთვის” ფრიად მნიშვნელოვანი მოთამაშეა, რომელიც ნებისმიერ სათამაშო ეპიზოდში ყოველთვის მიზანმიმართულად მოქმედებს. მას წამის განმავლობაში ასპარეზობის მიმდინარეობის შეცვლა შეუძლია. მოწინააღმდეგის საჯარიმო მოედანთან მიახლოებულ მაიკონს მეტად სახიფათო გადაცემის შესრულება შეუძლია. ალბათ, იმასაც მკითხავთ, ჟოზე მოურინიოს პოსტი რომ მეკავოს, მომავალ “დერბი დ’იტალიაში” რომელი ტურინელი მოთამაშის დასვენებას ვისურვებდი. პორტუგალიელის ადგილას არჩევანს ჯიჯი ბუფონზე გავაკეთებდი.
- პირადად თქვენთვის რას ნიშნავს “დერბი დ’იტალია”?
- როდესაც ფეხბურთელი ვიყავი, ყველასთვის საოცნებო გახლდათ “ინტერის” დამარცხება. მას შემდეგ კი, რაც “იუვენტუსს” ჩავუდექი სათავეში, მთავარ ოპონენტად “მილანი” გვყავდა.
- “ინტერის” წინააღმდეგ თამაშისას ყველაზე მეტად რომელი მატჩები გახსენდებათ?
- დაპირისპირება იტალიის სუპერთასზე. ტურინში ხუან სებასტიან ვერონის გოლით დავმარცხდით. არგენტინელი იმხანად “სან სიროზე” “ჩელსიდან” იყო განათხოვრებული. ისე კი, მოგებები არასდროს მახსოვს, აი, დამარცხება ჩემთვის ბზიკის ნაკბენივით მწარეა და არასდროს მავიწყდება.
- “იუვენტუსის” პრეზიდენტად გახდომის შემდეგ ჟან კლოდ ბლანმა განაცხადა, რომ ყოველმხრივ შეეცდება “იუვენტუსს” მესამე ვარსკვლავი (იტალიაში კლუბებს თითო ვარსკვლავს სკუდეტოს ათჯერ მოპოვების შემთხვევაში ანიჭებენ-ავტ.) მალე მოუპოვოს. საამისოდ კი კლუბს ჯერ 2005 და 2006 წლებში მოპოვებული საჩემპიონო ტიტული უნდა დაუბრუნონ. ამ წლებში პირველობა სწორედ თქვენ მოაგებინეთ “ბებერ ქალბატონს”, თუმცა, “კალჩოპოლის” სკანდალის შემდეგ “იუვენტუსს” ორივე სკუდეტო ჩამოართვეს...
- არ მსურს ახალი დისკუსიის წამოწყება ამ საკითხზე. მხოლოდ ერთს მოგახსენებთ – “იუვენტუსმაც” და მეც ორივე სკუდეტო პატიოსანი თამაშით მოვიგეთ. 
- წლების განმავლობაში ჩირო ფერარას დამრიგებელი იყავით და მას კარგად იცნობთ. როგორ სამწვრთნელო კარიერას უწინასწარმეტყველებთ ყოფილ შეგირდს?
- ჩირო ყოველთვის ლიდერი იყო და კარიერის მიწურულს ვამჩნევდი, მწვრთნელობა რომ ჰქონდა გადაწყვეტილი. ფერარა მინდორზე და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე ამბებს ყურადღებით აკვირდებოდა. მოთამაშეობისას მას თამაშის “წაკითხვა” კარგად შეეძლო, დიდი გამოცდილება დააგროვა და სადამრიგებლო საქმეშიც წარმატებას მიაღწევს.
- რატომ უჭირთ დიეგოსა და სამუელ ეტო’ოს სერია A-სთან ადაპტირება?
- გაიხსენეთ “იუვენტუსში” გადასვლის შემდეგ ნახევარი წლის განმავლობაში როგორ უჭირდა მიშელ პლატინის. შემდეგ კი მან ზედიზედ სამჯერ მოიპოვა სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირის ტიტული, სხვა რეგალიებზე რომ არაფერი ვთქვათ. მესმის, გულშემატკივრები სულსწრაფები რომ არიან, ჟურნალისტებს კი მეტის მოთმენა მოგეთხოვებათ.
- რამდენიმე წლის წინ ახლოს იყავით “ინტერის” მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავებასთან, მაგრამ კლუბის პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ კონტრაქტი რობერტო მანჩინისთან გააფორმა. რატომ?
- ამ კითხვით მორატის მიმართეთ.
- საუბრის ბოლოს, “დერბი დ’იტალიას” დავუბრუნდეთ. როგორ დასრულდება “იუვენტუსისა” და “ინტერის” მორიგი დაპირისპირება?
- ყოველთვის ცუდი პროგნოზისტი ვიყავი, ამიტომაც შედეგზე ვერაფერს მოგახსენებთ, ლამაზი თამაშის ხილვის სურვილი და იმედი კი ნამდვილად მაქვს. 
მოამზადა გოჩა კაჭარავამ


 

0.120379