ბუქარესტის ნაციონალურ არენაზე, „ბილბაოსთან“ დამაჯერებლად მოგებით, მადრიდის „ატლეტიკო“ უეფას თასს მეორედ დაეუფლა. მადრიდელთა წარმატება მათი ლიდერის, რადამელ ფალკაოს ბრწყინვალე თამაშმა განაპირობა. კოლუმბიელმა სუპერთავდამსხმელმა დუბლი პირველივე ტაიმში გაიფორმა, ხოლო მე-2 ნახევარში, მას მხარი კიდევ ერთმა სამხრეთამერიკელმა - დიეგომ აუბა.
მას შემდეგ, რაც პრესტიჟით მე-2 საკლუბო ევროტურნის ევროპის ლიგა დაერქვა, ამ ტურნირზე „ატლეტიკო“ და ფალკაო ბრწყინავენ. სახელშეცვლილი გათამაშების პირველი სეზონი მადრიდული გუნდის ტრიუმფით დასრულდა. მე-2 სეზონში, „პორტუმ“ ფალკაოს ხარჯზე მოიგო - კოლუმბიელმა ევროტურნირების რეკორდი დაამყარა და ერთ გათამაშებაში 17 გოლი გაიტანა. უეფას ეგიდით გამართული ტურნირების მორიგი რეკორდი ფალკაომ უკვე „ატლეტიკოსთან“ ერთად დაამყარა - მისმა გუნდმა, ზედიზედ 12 თამაში მოიგო.
ბუქარესტში გამართული თამაში ნომინალური მასპინძლების უპირატესობით დაიწყო და ფალკაომ ანგარიში მე-7 წუთზე გახსნა. კოლუმბიელმა ბურთი მარჯვენა ფლანგზე, საჯარიმოს კუთხესთან ახლოს მიიღო, ამორებიეტა მოატყუა და ირაისოსს შორეულ ზედა კუთხეში აუღებელი დაურტყა. კოლუმბიელმა თავდამსხმელმა გულშემატკივრებს ფინალის ძალიან ლამაზი დასაწყისი აჩუქა.
შეხვედრის 34-ე წუთზე, იტურასპემ ბურთი საკუთარ საჯარიმოში მოიპოვა, მაგრამ იგი მეტოქეს მალევე ჩააბარა, რასაც მადრიდელთა შეტევა მოჰყვა. მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შეჭრილმა არდა თურანმა კარისკენ ზურგით მდგომ ფალკაოს უპასა, ხოლო მადრიდელთა მე-9 ნომერმა, აურტენეჩე ცრუ მოძრაობით მოატყუა და 6 მეტრიდან დარტყმით, მორიგი ეფექტური გოლი გაიტანა.
პირველ ტაიმში, გოლის გატანის 2 შანსი ჰქონდა „ბილბაოს“ ცენტრფორვარდსაც, მაგრამ სახიფათო სიტუაციებიდან, ლორენტემ ორივეჯერ არაზუსტად დაარტყა. ერთხელ, შორეული გასროლით სცადა ანგარიშის შემცირება იკერ მუნიაინმა, მაგრამ ახალგაზრდა შემტევს კუარტუამ აჯობა.
მე-2 ნახევარი „ბილბაოს“ აქტიურობით დაიწყო, მაგრამ ბასკები რეალურად სახიფათო მომენტების შექმნას კარგა ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ. 70-ე წუთზე, გოლის გატანის შანსი იბაი გომესს მიეცა, მაგრამ ხელსაყრელი სიტუაციიდან, შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელმა არაზუსტად დაარტყა. სამ წუთში, კურტუას კარს უკვე დე მარკოსის სახიფთო დარტყმა ასცდა. გავიდა კიდევ 4 წუთი და გოლის გატანა სუსაეტამ სცადა, მაგრამ საჯარიმოს გარედან მისი დარტყმულიც არაზუსტი გამოდგა. 79-ე წუთზე, ტოკეროს დარტყმა საკუთარ თავზე მცველმა მიიღო, რის შემდეგაც, ბურთი მეკარის საჯარიმოს წინა ხაზთან მყოფ ირაოლას მიუვიდა, მაგრამ მას გატანა მეტოქემ არ დაანება.
შეხვედრის ბოლო წუთებში, „ატლეტიკო“ საკუთარ საჯარიმოსთან იყო გამაგრებული და მეტოქეს კონტრშეტევებით აწუხებდა. მე-80 წუთზე, ერთ-ერთი ასეთი იერიშის დროს, ფალკაოს მორიგ ბრწყინვალე თამაშს 2 მეტოქის მოტყუაბა და კოლუმბიელის დასარტყმელ პოზიციაზე გასვლა მოჰყვა, მაგრამ „ბასკები“ ამჯერად ძელმა იხსნა.
ხუთ წუთში, მადრიდელებმა კონტრშეტევით მაინც იხეირეს. დიეგომ ბურთი მოედნის ცენრტთან ახლოს მიიღო, საჯარიმოს გარეთ ერთი, ხოლო შიგნითაც ერთი მეტოქე მოატყუა და კურტუას შორეულ კუთხეში დაურტყა - 3:0 და ფინალს ინტრიგა დაეკარგა.
მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე, იბაი გომესმა შეხვედრის ბოლო სახიფთო დარტყმა განახორციელა, რის შემდეგაც, მალევე, მსაჯის საფინალო სასტვენი გაისმა და „ატლეტიკო“ ევროპის ლიგის 2011-12 წლების ევროპის ლიგის გათამაშების ტრიუმფატორი ოფიციალურად გახდა.
ატლეტიკო-ბილბაო 3:0 (2:0)
ბუქარესტი, “არენა ნაციონალა” 52347
ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა, ხუანფრანი, გოდინი, მირანდა, ფილიპე, სუარესი, გაბი, დიეგო (კოკე 90), ადრიანი (სალვიო 88), თურანი (დომინგესი 90+2), ფალკაო.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე.
ბილბაო (4-3-3): ირაისოსი, ირაოლა, მარტინესი, ამორებიეტა, აურტენეჩე (გომესი 46), ანდერ ერერა (ტოკერო 63), იტურასპე (პერესი 46), დე მარკოსი, სუსაეტა, ლორენტე, მუნიანი.
მწვრთნელი: მარსელო ბიელსა.
გოლები: 1:0 ფალკაო (7), 2:0 ფალკაო (34), 3:0 დიეგო (85).
გაფრთხილებები: ფალკაო 26 - ანდერ ერერა 22, ამორებიეტა 64, პერესი 75, სუსაეტა 90.
მსაჯი: ვოლფგანგ შტარკი (გერმანია).
ბურთის ფლობა: 40%-60%, დარტყმა: 12 (6)-9 (4), კუთხური: 3-8, თამაშგარე: 2-3, სეივი: 3-2, ჯარიმა: 25-13.
ბომბარდირები
ფალკაო („ატლეტიკო“) – 12, ჰუნტელაარი („შალკე“) – 10, ადრიანი („ატლეტიკო“) – 12, სუარესი („ანდერლეხტი“), ლიორენტე („ბილბაო“) – 7, სიჩევი („ლოკომოტივი“), ვოლფსვინკელი („სპორტინგი“) – 6.