ინტერვიუები

10:55 | 3.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონი "დინამოს" "ძირითადზე" და "მილანზე" ოცნებობს

საქართველოში დაბადებულ-გაზრდილი და უკრაინის მოქალაქეობის მქონე ცენტრალური მცველი, თემურ ფარცვანია, ჯერ კიევის “დინამოს” ძირითად გუნდში მოხვედრას გეგმავს, ხოლო შემდეგ “მილანში” თამაშზე ფიქრობს.
“დინამოს” ძირითად გუნდში მოხვედრა მინდა, მერე კი, “მილანში” გადასვლაზეც არ ვიტყოდი უარს. თუმცა, ამისთვის მუშაობა და მუშაობაა საჭირო. იტალიური და ინგლისური ფეხბურთი მომწონს, ასევე, ესპანეთის ჩემპიონატიც მაინტერესებს. მთავარია, პროფესიონალად ჩამოვყალიბდე, ხოლო წარმატება თანდათან მოვა” - ამბობს კიევის “დინამოს”ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში 18 წლის ფარცვანია, რომელმაც წლეულს, უკრაინის 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებთან ერთად, ევროპის ჩემპიონატი მოიგო.
- ფეხბურთში როგორ მოხვდით?
- მამაჩემი ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ არა პროფესიონალურ დონეზე. პატარა რომ ვიყავი, ყოველთვის მეუბნებოდა - “ფეხბურთელი უნდა გახდეო”. ვერ გეტყვით, რომ ფეხბურთი სისხლში მქონდა. უბრალოდ, მშობლებმა ბავშვთა საფეხბურთო სკოლაში მიმიყვანეს. მოგვიანებით, თამაშს მოვუმატე და 14 წლის როდესაც გავხდი, მწვრთნელები ამბობდნენ, რომ საკმაოდ პერსპექტიული ვარ და კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელებაც შემიძლია. კიევის “დინამოში” თამაში ყოველთვის მსურდა. მამამ მითხრა, რომ სინჯებზე კიევში უნდა წავსულიყავით. “დინამოს” საფეხბურთო აკადემიაში ჩარიცხვის შემდეგ, უკრაინის მოქალქეობა მივიღე. 16 წლის ასაკში “დინამო 2”-ში გადამიყვანეს და თამაში პროფესიონალურ დონეზე დავიწყე.
- თქვენი პირველი მწვრთნელი ვინ იყო?
- საქართველოში ელგუჯა ქომეთიანთან ვვარჯიშობდი, ხოლო კიევში გადასვლის შემდეგ, ფეხბურთის თამაშის სწავლა ვიაჩესლავ სემიონოვთან და სერეგეი ჟურავლიოვთან განვაგრძე.
- მოქალაქეობა რატომ შეიცვალეთ? თამაში უკრაინის ნაკრებში გსურდათ?
- საქმე ნაკრებში ნამდვილად არაა. უბრალოდ, საფეხბურთო სკოლის დამთავრების შემდეგ, თამაში უკრაინის პირველ ლიგაში მიწევდა, სადაც გუნდში ლეგონერების ყოფნა აკრძალულია. მსგავსი პრობლემები რომ არ შემქმნოდა, მოქალაქეობა შევიცვალე.
- საქართველოდან კიევში ჩამოსულს, ადაპტაცია გაგიჭირდათ?
- პირველ დღეს, როდესაც კიევში ჩამოვედი, ალბათ, მინუს 30 გრადუსი იყო და ასეთ სიცივეს შეუჩვეველი ვიყავი. თუმცა, ერთი წლის შემდეგ, ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგა და ბოლომდე ადაპტირებული ვარ. როდესაც სადმე მივდივარ და მერე კიევში ვბრუნდები, თავს, როგორც საკუთარ სახლში, ისე ვგრძნობ. რა თქმა უნდა, სამშობლოც მენატრება ხოლმე.
- უკრაინელებსა და ქართვე¬ლებს საერთო რა აქვთ?
- ქართველებიც და უკრაინე¬ლებიც ძალინ სტუმართმოყვარე არიან.
- დედა თუ ჩამოდის ხოლმე სტუმრად თქვენი თამაშების სანახავად?
- მშობლები ძალიან მქომაგობენ. მამა ცდილობს ხოლმე კიევში ჩამოსვლასა და მატჩებზე დასწრებას, დედა კი - არა. ის ძალიან ნერვიულობს და ამიტომ, მირეკავს და ტელეფონით იგებს, როგორ ვითამაშე.
- “დინამოს” ბაზაზე ცხოვრობთ თუ ბინა გაქვთ ნაქირავები?
- კლუბი ჩემთვის ბინას ქირაობს. “დინამოში” მოხვედრა და მის რიგებში თამაში ჩემი ოცნებაა. იქ ყველა პირობაა შექმნილი, რომ კონცენტრაცია მხოლოდ ფეხბურთზე მოახდინო.
- უფროს დინამოელებს უმცროსების მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვთ?
- “დინამო 2”-ში რომ ჩავირიცხე, აქ ასაკით უფროსი ფეხბურთელები - ალიევი, ოლეინიკი, მოროზიუკი თამაშობდნენ. ისინი ყოველთვის ცდილობდნენ დაგვხმარებოდნენ და ნორმალურად აეხსნათ, რა და როგორ უნდა გაგვეკეთებინა. დღესდღეობით, გუნდში 1992 წელს დაბადებული ფებურთელები დაგვემატნენ და ახლა უკვე ჩვენ ვასწავლით მათ.
- 2009 წელს, თქვენთვის ერთ-ერთი გამორჩეული მოვლენა, ალბათ, უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში მიწვევა იყო?
- ნაკრების ადმინისტრატორმა დამირეკა და ეს ინფორმაცია გადმომცა. როდესაც შეკრებაზე გამოვცხადდი, მთავარ მწვრთნელს, პაველ იაკოვენკოს პირადად ვესაუბრე. მან ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. გუნდთან ერთად შეკრება გავიარე, მაგრამ ბელგია-უკრაინის მატჩში მონაწილეობა არ მიმიღია და სათადარიგოებს შორის ვიყავი.
- ყველაზე მეტად რომელი მცველის თამაში მოგწონთ?
- ჩემი კერპი “ბარსელონას” მცველი კარლეს პუიოლია.

მოამზადა ლაშა თაბაგარმა


 

0.413313