სტატიები

8:41 | 6.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატების ისტორია. 2008 წელი


ავსტრია-შვეიცარია 2008

კონტინენტის 2008 წლის პირველობის მასპინძლობის ძირითადი კანდიდატები უნგრეთი, ავსტრია-შვეიცარია, საბერძნეთი-თურქეთი და სკანდინავური ქვეყნების ოთხეული (დანია, შვედეთი, ფინეთი, ნორვეგია) იყვნენ. წინასწარ ფავორიტად უმრავლესობა ავსტრიისა და შვეიცარიია ტანდემს მიიჩნევდა და ასეც მოხდა – ევროპის უმთავრესი საფეხბურთო ფორუმის ჩატარების პატივი სწორედ ამ დუეტს ხვდა წილად. 2007 წლის 24 იანვარს, შეჯიბრების სტარტამდე 500 დღით ადრე უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ევრო2008-ის დევიზი გააცხადა – “მიეცი ემოციას სრული გასაქანი”. კონტინენტის 1984 წლის ჩემპიონატის ტრიუმფატორმა განაცხადა, რომ ეს ფრაზა უნდა შეესაბამებოდეს ევროპირველობის ხასიათს: “გუნდები და ცალკეული ფეხბურთელები მატჩის ფინალურ სირენამდე სიხარულს, სინანულს, გამარჯვებით მოპოვებულ ბედნიერებას თუ წაგებით გამოწვეულ გულდაწყვეტას წრფელად უნდა გამოხატავდნენ”.
მოვლენებს წინ თუ გავუსწრებთ, მოგახსენებთ, რომ ავსტრია-შვეიცარიაში ჩატარებულ ტურნირს ემოცია (ფეხბურთელთა ოსტატობასთან ერთად) ნამდვილად არ აკლდა, ჩემპიონობით მოპოვებული ბედნიერება კი ესპანელებმა ემოციურად გამოხატეს. პირენელი გულშემატკივრები 44 წლის განმავლობაში ელოდნენ “ფურია როხას” მიერ ევროპის პირველობის კიდევ ერთხელ დაუფლებას. ლუის არაგონესის დამრიგებლობით იბერიელებმა ბრწყინვალედ ჩაატარეს მთელი ტურნირი და მრავალმილიონიან ქომაგთა ოცნება ვენაში გამართული ფინალური ორთაბრძოლის შემდეგ რეალობად აქციეს.
გადამწყვეტ შეხვედრაში ერთადერთი გოლი ფერნანდო ტორესმა გაიტანა. “ელ ნინიომ” გერმანელთა მცველ ფილიპ ლამს დაასწრო და კარიდან წინ გამოსულ იენს ლემანს ბურთი ზემოთ გადაუგდო. ესპანელებს ბრწყინვალე საშემსრულებლო ანსამბლი ჰყავდათ, მაგრამ საერთო აღიარებით, ნაკრებმა საბოლოო გამარჯვებას დიდწილად ლუის არაგონესის მიერ შექმნილი ჯანსაღი ატმოსფეროს მეშვეობით მიაღწია. “ფურია როხას” მთავარი მწვრთნელი ევროპის ჩემპიონატების მომგებ დამრიგებელთა შორის ყველაზე ასაკოვანი აღმოჩნდა და შემთხვევითი არაა, არაგონესს “ორტალესელი ბრძენი” რომ შეარქვეს.
ესპანელებმა ფეხბურთის გულშემატკივრები ჟინით, დიდი სისწრაფით და შთაგონებული თამაშით მოხიბლეს. მინდვრის შუაგულში ანდრეს ინიესტა და ჩავი ერნანდესი დომინირებდნენ და პარტნიორების ასპარეზობას უნარიანად დირიჟირობდნენ, როგორც ყოველთვის კარს საიმედოდ იცავდა იკერ კასილასი, თავდასხმაში კი საკვანძო როლს დავიდ ვილია (ევროპირველობის 4 მატჩში 4 გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდი გახდა) და ფერნანდო ტორესი ასრულებდნენ. ესპანელებმა ევროპირველობის ფინალური ეტაპი რუსების 4:1 განადგურებით დაიწყეს. ჰეთ თრიკი შეასრულა ვილიამ, რომელმაც მომდევნო შეხვედრაში, შვედების წინააღმდეგაც გამოიჩინა თავი – 2:1. პირენელებმა ქვეჯგუფის მესამე მატჩშიც წინა პირველობის ჩემპიონ საბერძნეთთან იმარჯვეს, მეოთხედფინალში კი პენალტების სერიით “სკუადრა აძურა” ჩამოიშორეს ფინალისკენ მივალი გზიდან.
უნდა აღინიშნოს, რომ ესპანეთი ერთადერთი ნაკრები ნამდვილად არ ყოფილა, რომელმაც მაყურებელი ლამაზი, შემტევი თამაშით მოხიბლა. ჰოლანდიამ საოცარი სიმსუბუქით დაამარცხა მსოფლიოს ფეხბურთის გრანდები. ნიდერლანდელებმა ჯერ იტალიას მოუგეს შთამბეჭდავად, შემდეგ კი მუნდიალ2006-ის ფინალისტ საფრანგეთს სძლიეს დიდი ანგარიშით 4:1. მეოთხეფინალში ჰოლანდიელები რუსეთთან მატჩის წინ აშკარა ფავორიტებად ითვლებოდნენ, მაგრამ გუუს ჰიდინკის დამოძღვრილმა აღმოსავლეთსლავებმა მოულოდნელად ლაღად იასპარეზეს და ნახევარფინალში დამსახურებულად გავიდნენ. თუმცა, კონტინენტის საუკეთესო 4 ნაკრებში მოხვედრა რუსთა “პატალოკი” აღმოჩნდა – ვენაში გამართულ ნახევარფინალში მათ ესპანელებმა 3:0 გადაურბინეს.
მეორე ფინალისტი გერმანია გახდა, რომელმაც მეოთხედფინალში პორტუგალიას 3:2 მოუგო, ნახევარფინალში კი ფათიხ თერიმის თურქეთთან დიდი ბრძოლის გადატანა მოუწია. 90-ე წუთზე გადამწყვეტი გოლი ალემანთა განაპირა მცველმა ფილიპ ლამმა გაიტანა. პირველობისთვის გადამწყვეტ მატჩში კი ლამმა საკუთარ ნაკრებს უსიამოვნება ვერ აარიდა – ჩავის მოხდენილი გადაცემის შემდეგ ფერნანდო ტორესმა მცველსაც დაასწრო, მეკარესაც და ეფექტური გოლი გაიტანა. ტრავმის გამო ფინალში არ უთამაშია დავიდ ვილიას.

ფინალი
გერმანია – ესპანეთი 0:1
2008 წლის 29 ივნისი. ვენა. ”ერნსტ ჰაპელ შტადიონი”. 51 428 მაყურებელი.

გოლი: ტორესი (33)
გაფრთხილება: კასილასი (42), ბალაკი (42), ტორესი (75), კურანი (88).
გერმანია: ლემანი, ფრიდრიხი, მერტესაკერი, მეცელდერი, ლამი (იანსენი, 46), ფრინგსი, ჰიტცლფელგერი (კურანი, 58), შვაინშტაიგერი, ბალაკი (კ), პოდოლსკი, კლოზე (გომესი, 78).
მთ. მწვრთნელი: იოაჰიმ ლიოვი.
ესპანეთი: კასილასი (კ), სერხიო რამოსი, პუიოლი, მარჩენა, კაპდევილია, ინიესტა, მარკუშ სენა, ჩავი, ფაბრეგასი (ალონსო, 64), სილვა, ტორესი (გუისა, 78).
მთ. მწვრთნელი: ლუის არაგონესი.
მსაჯი: რობერტო როზეტი (იტალია).
ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად ფერნანდო ტორესი დაასახელეს.

ტურნირის სიმბოლური ნაკრები: იკერ კასილასი (ესპანეთი), ფილიპ ლამი (გერმანია), კარლეს პუიოლი (ესპანეთი), კარლოს მარჩენა (ესპანეთი), იური ჟირკოვი (რუსეთი), ლუკა მოდრიჩი (ხორვატია), მარკუშ სენა (ესპანეთი), ჩავი (ესპანეთი), ჰამით ალტინტოპი (თურქეთი), ანდრეი არშავინი (რუსეთი), დავიდ ვილია (ესპანეთი).

გოჩა კაჭარავა



 

0.131602