სტატიები

10:14 | 5.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატების ისტორია. 2000 და 2004 წლები

ბელგია-ჰოლანდია 2000

ფეხბურთის სამშობლოში ჩატარებული ევრო96-ის შემდეგ ერთდროულად ორ ბენილუქსურ ქვეყანაში გამართულმა კონტინენტის მორიგმა პირველობამ გულშემატკივრებს მრავალი დაუვიწყარი მომენტი და მატჩი აჩუქა, ბევრი მოულოდნელი შედეგიც აღინიშნა, გოლების სიმრავლემ კი, რაც შემტევ ფეხბურთს მოჰყვა, მაყურებელს დიდი სიამოვნება განაცდევინა.
ევროპის ჩემპიონატს პირველად ჰყავდა ორი მასპინძელი. ბელგიამ და ჰოლანდიამ, როგორც მოსალოდნელი იყო, მშვენივრად გაართვეს თავი ტურნირის ორგანიზატორობას, ოქროს მედლები კი ძალიან საინტერესო ფინალურ ორთაბრძოლაში გათამაშდა. ორი წლით ადრე ემე ჟაკეს მეთაურობით საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიო პირველობა მოიგო, ამჯერად კი საფრანგეთის არმიის პოლკოვნიკ როჟე ლემერის დამოძღვრილი გუნდი მეტად სოლიდურად გამოიყურებოდა. მუნდიალის შემდეგ სამფეროვანთა ფორვარდებმა ტიერი ანრიმ და დავიდ ტრეზეგემ კიდევ უფრო მოუმატეს და ზინედინ ზიდანსა და კაპიტან დიდიე დეშამთან ერთად ნაკრების ლიდერთა როლში მოგვევლინნენ. ფრანგთა ნაკრებში კი საუკეთესო მაინც ზიდანი გახლდათ. ტურინის ”იუვენტუსის” ნახევარმცველმა ესპანეთთან მეოთხედფინალში უშუალოდ საჯარიმო დარტყმით გაიტანა ულამაზესი გოლი, პორტუგალისთან ნახევარფინალში კი სწორედ ზიზუმ გამოიჩინა თავი ოვერტაიმის დასრულებამდე სამიოდე წუთით ადრე და საკუთარი ნაკრები ფინალში გაიყვანა. ”დარწმუნებული ვარ, ზინედინ ზიდანს თავი რომელიღაც ადგილას ამოტვირფული აქვს, ”დამზადებულია სამოთხეში”. ამ ფეხბურთელს ღვთისგან ყველა საჭირო თვისება აქვს მომადლებული”, - ასე ახასიათებდა ტურნირის მსვლელობისას ფრანგთა ვარსკვლავს უეფას შოტლანდიელი ტექნიკური დირექტორი ენდი როქსბურგი. ზიზუსთან შედარებით შედარებით ფერმკრთალად ბევრი აღირებული დიდოსტატიც კი გამოიყურებოდა. მაგალითად, მადრიდის ”რეალის” შეტევის ლიდერმა რაულმა ფრანგებთან სამეოთხედფინალო მატჩის დამატებით დროში თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, რითაც ესპანეთის ნაკრების საფინალო შანსს ხაზი გადაუსვა. ისე კი, პირენელებმა ჯგუფიდანაც ძლივს გააღწიეს – ისინი იუგოსლავიასთან 2:3 მარცხდებოდნენ და ზედიზედ ორი ბურთის გატანა მხოლოდ ასპარეზობის მიწურულს მოახერხეს. პირველ ეტაპზე მტკიცე ხასიათი პორტუგალიამაც გამოავლინა. მათ ინგლისელებს 3:2 სძლიეს, არადა, თავდაპირველად 0:2-ს აგებდნენ. საბოლოოდ ჯგუფიდან სწორედ პორტუგალია გავიდა, ალბიონელებმა და გერმანელებმა კი მეორე სტადიაზე ვერ გააღწიეს.
შეჯიბრების ერთ-ერთი მასპინძლის, ბელგიისთვისაც ჯგუფური ეტაპი ევრო2000-ზე უკანასკნელი ეტაპი აღმოჩნდა, ჰოლანდიელები კი მეოთხედფინალში რიხით გავიდნენ, დაამარცხეს რა იუგოსლავია 6:1. თუმცა, ნახევარფინალში ფრანკ რაიკაარდის ბიჭებმა დინო ძოფის ”სკუადრა აძურასთან” ვერაფერი გააწყეს. არადა, იტალიელები პირველი ტაიმის დასრულებამდე ათიოდე წუთით ადრე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. ბენილუქსელებმა ამით ვერ ისარგებლეს, სათამაშო უპირატესობის მიუხედავად არათუ სათამაშო ეპიზოდიდან ვერ მოახერხეს ფრანჩესკო ტოლდოს კარის აღება, ორი პენალტიც ვერ გამოყენეს. მატჩისშემდგომი თერთმეტმეტრიანების სერიის დროს კი ჰოლანდიელებმა სამჯერ ვერ მოახერხეს ბურთის ტოლდოს კარის ბადეში მოთავსება, რის გამოც, 1968 წლიდან მოყოლებული პირველად, იტალიელები ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ. მეორე ნახევარფინალური წყვილის დასკვნით წუთებზე უკვე მოგახსენეთ – ფრანგებმა პორტუგალიელებს დამატებით დროში 2:1 სძლიეს და გადამწყვეტ მატჩში აპენინელთა პირისპირ წარსდგნენ.
ფინალური პაექრობის მეორე ტაიმის დასაწყისში მარკო დელვეკიოს ზუსტი დარტყმის შემდეგ ”სკუადრა აძურა” წინ გავიდა. ერთი შეხედვით ჩანდა, ფრანგებს მარცხისგან არაფერი იხსნიდა, მაგრამ მსაჯის მიერ წამატებულ დროში სილვენ ვილტორმა ტოლდოს აჯობა და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა. არადა, ამ მომენტამდე რამდენიმე წუთით ადრე ალესანდრო დელ პიეროს ხელსაყრელი მომენტი შეექმნა, მაგრამ არაზუსტად ითამაშა და ფრანგებს შანსი დაუტოვა, რომელიც ლემერის გუნდმა სათანადოდ გამოიყენა. დამატებითი დროის მეცამეტე წუთზე კი დავიდ ტრეზეგემ მოხდენილი, ეფექტური დარტყმით იტალიელები ნოკაუტში ჩააგდო, თავის პარტნიორებსა და მილიონობით ფრანგ გულშემატკივარს კი ენით აუწერელი სიხარული მოუტანა.   

ფინალი
საფრანგეთი - იტალია 2:1 დ.დ.
2000 წლის 2 ივლისი. როტერდამი. ”დე კუიპი”. 50 ათასი მაყურებელი.

გოლები: 0:1 დელვეკიო (55). 1:1 ვილტორი (90). 2:1 ტრეზეგე (103 - ”ოქროს გოლი”).
გაფრთხილება: ტურამი - დი ბიაჯო, კანავარო, ტოტი.
საფრანგეთი: ბარტეზი, ტურამი, დესაი, ბლანი, ლიზარიზიუ (პირესი 85), ჯორკაეფი (ტრეზეგე 76), ვიეირა, დეშამი, ზიდანი, დიუგარი (ვილტორი 58), ანრი.
მთ. მწვრთნელი: როჟე ლემერი.
იტალია: ტოლდო, მალდინი, კანავარო, ნესტა, იულიანო, დი ბიაჯო (ამბროზინი 65), პესოტო, ალბერტინი, ფიორე (დელ პიერო 53), ტოტი, დელვეკიო (მონტელა 85).
მთ. მწვრთნელი: დინო ძოფი.
მსაჯი: ანდერს ფრისკი (შვედეთი).

ტურნირის სიმბოლური ნაკრები: ფრანჩესკო ტოლდო (იტლია), ლორან ბლანი (საფრანგეთი), ფაბიო კანავარო (იტალია), პაოლო მალდინი (იტალია), ლილიან ტურამი (საფრანგეთი), პატრიკ ვიეირა (საფრანგეთი), ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი), ლუიშ ფიგუ (პორტუგალია), ედგარ დავიდსი (ჰოლანდია), პატრიკ კლუივერტი (ჰოლანდია), ფრანჩესკო ტოტი (იტალია).


პორტუგალია 2004

ევრო2004-ის სტარტამდე გულშემატკივრები ნაირ-ნაირ პროგნოზს აკეთებდნენ. სახელდებოდა ათეულზე მეტი მეგავარსკვლავი, რომელიც პორტუგალიის სტადიონებზე გაიბრწყინებდა, არც ფავორიტი გუნდების ნაკლებობა იგრძნობოდა, თუმცა, საბოლოოდ ჩემპიონობა ნაკრებმა მოიპოვა, რომლის ჩემპიონობაზეც მისი უერთგულესი ქომაგებიც კი არ ფიქრობდნენ.
შეჯიბრების დაწყების წინ საბერძნეთის ნაკრებს აუტსაიდერთა შორის მოიხსენიებდნენ. არადა, ფეხბურთის მოყვარულებმა და სპეციალისტებმა თითქმის უყურადღებოდ დატოვეს ოტო რეჰაგელის ელადელთა მიერ საკვალიფიკაციო ეტაპზე ნაჩვენები შედეგი და თამაშის ხარისხი. შესარჩევ სტადიაზე ბერძნებმა ორივე სასტარტო შეხვედრა წააგეს, მაგრამ შემდეგ სვლას მკვეთრად უმატეს და ზედიზედ ექვს მატჩში გაიმარჯვეს. და რაც მთავარია, საბერძნეთის ნაკრებისადმი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები არ ითვალისწენებდნენ ერთ უმთავრეს მომენტს - ელადელებს სათავეში რეჰაგელი ედგათ, რომელსაც ბრემენის ”ვერდერში”, ”კაიზერსლაუტერნსა” და მიუნხენის ”ბაიერნში”  წარმატებული მუშაობის შედეგად ”მეფე ოტო” შეარქვეს.
გამოცდილმა სპეციალისტმა გუნდის ცალკეული ფეხბურთელები და სათამაშო რგოლები მჭიდროდ დააკავშირა, გუნდში რკინისებური დისციპლინა დაამყარა, რამაც საბოლოოდ ევროპის წამყვანი ნაკრებები სასოწარკვეთილი დატოვა. პორტოში ჩატარებულ ტურნირის სასტარტო შეხვედრაში  ბერძნებმა მთელი პორტუგალია შოკში ჩააგდეს, დაამარცხეს რა მათი საამაყო ეროვნული გუნდი 2:1. ესპანელებთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ კი ბალკანელებს მეოთხედფინალში გასვლა პრაქტიკულად გარანტირებული ჰქონდათ. მეოთხედფინალში ბერძენთა აწყობილ სათამაშო მექანიზმის წინააღმდეგ იმ მომენტისთვის ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა საფრანგეთმაც ვერაფერი გააწყო, ნახევარფინალში, მართალია, რეჰაგელის გუნდმა ჩეხეთს თამაშით ვერ აჯობა, მაგრამ ყისმათი სლავებზე მეტი გამოიჩინა და ტრაიანოს დელასის ”ვერცხლის გოლის” წყალობით გადამწყვეტ შეხვედრაში მონაწილეობის უფლება დაიბევა.  
ლისაბონის ”და ლუჟზე” გამართული პაექრობამ ამ დონის მატჩის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა. პორტუგალიელთა ბრაზილიელმა მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ ”სასტარტო შოკიდან” გუნდის გამოყვანა მოახერხა და ფინალამდეც მიიყვანა. დასავლეთპირენელ ფეხბურთელებს კი ერთი სული ჰქონდათ, ერთგული ქომაგისთვის საზეიმო განწყობა შეექმნათ. თუმცა, გადამწყვეტ მატჩამდე მისული ბერძნები სტატისტის როლით დაკმაყოფილებას სულაც არ აპირებდნენ. ისევე როგორც ამ გუნდების პირველი დაპირისპირებისას, რეჰაგელის ბიჭები დაცვაში უშეცდომოდ თამაშობდნენ, ნახევარდაცვაში გამოცდილი თეოდორას ძაგორაკისის მეთაურობით დომინირებდნენ, მეორე ტაიმის მეთორმეტე წუთზე კი ფორვარდმა ანგელოს ხარისტეასმა ლამის მთელი პოტუგალია აატირა. მისმა გოლმა საბერძნეთის ნაკრებს გამარჯვება მოუპოვა, რომელსაც თავად ფეხბურთელებიც ჩემპიონატის დაწყებამდე ნაკლებად ელოდნენ.
რეჰაგელის ნაკრების ტრიუმფმა სპეციალისტთა შორისაც სხვადასხვაგვარი რეაქცია გამოიწვია, აი, ჟოზე მოურინიომ კი ელადელთა გაჩემპიონება ლამის ლოგიკურ ამბადაც კი მიიჩნია: ”პირადად ჩემთვის როგორც ფინალური მატჩის, ასევე მთლიანად ტურნირის საბოლოო შედეგი მოულოდნელი სულაც არ ყოფილა. დროდადრო მსოფლიო ფეხბურთში ხდება ცვლილებები, ღირებულებების გადაფასება. ახლაც შემიძლია ვთქვა, რომ ამგვარ მოვლენასთან გვაქვს საქმე - მაღალი რანგის ინდივიდუალისტები სადღეისოდ ისეთ დიდ როლს არ ასრულებენ, როგორც უწინ და წინა პლანზე ავტომატიზმამდე აყვანილი გუნდური მოქმედება გამოდის. ამ ასპექტით კი ბერძნებს იოტისოდენა ხინჯსაც ვერ უპოვიდით. ჩემი აზრით, ოტო რეჰაგელი უდიდესი მწვრთნელია. მან კარგად შეაფასა თითოეული ფეხბურთელის პოტენციალი და მათი გუნდის ინტერესებში ჩაყენება მოახერხა”.

ფინალი
პორტუგალია - საბერძნეთი 0:1
2004 წლის 4 ივლისი. ლისაბონი. ”და ლუჟი”. 65 518 მაყურებელი.

გოლი: ხარისტეასი (57).
გაფრთხილება: კოშტინია, ნუნუ ვალენტე - ბასინასი, სეიტარიდისი, ფისასი, პაპადოპულოსი.
პორტუგალია: რიკარდუ, ჟორჟე ანდრადე, კოშტინია (რუი კოშტა 60), ფიგუ, პაულეტა (ნუნუ გომეში 71), მიგელი (პაულუ ფერეირა 44), ნუნუ ვალენტე, რიკარდო კარვალიუ, რონალდო, მანიშე, დეკუ.
მთ. მწვრთნელი: ლუიშ ფელიპე სკოლარი.
საბერძნეთი: ნიკოპოლიდისი, სეიტარიდისი, დელასი, ბასინასი, ძაგორაკისი, იანაკოპულოსი (ვენეტიდისი 76), ხარისტეასი, ფისასი, ვრიზასი (პაპადოპულოსი 82), კაპსისი, კაცურანისი.
მთ. მწვრთნელი: ოტო რეჰაგელი.
მსაჯი: მარკუს მერკი (გერმანია).

ტურნირის სიმბოლური ნაკრები: პეტერ ჩეხი (ჩეხეთი), ტრაიანოს დელასი (საბერძნეთი), რიკარდუ კარვალიუ (პორტუგალია), იურკას სეიტარიდისი (საბერძნეთი), ჯანლუკა ძამბროტა (იტალია), მანიშე (პორტუგალია), პაველ ნედვედი (ჩეხია), თეოდორას ძაგორაკისი (საბერძნეთი), მილან ბაროში (ჩეხეთი), კრიშტიანუ რონალდო (პორტუგალია), უეინ რუნი (ინგლისი).

გოჩა კაჭარავა
 

0.166985