სტატიები

11:00 | 4.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატების ისტორია. 1992 და 1996 წლები

შვედეთი 1992

გაეროს სანქციით იუგოსლავიის ნაკრებს შვეციის სტადიონებზე ჩასატარებელ ევროპის ჩემპიონატზე წასვლა აეკრძალა და ბალკანელთა ნაცვლად კონტინენტის უპირველეს საფეხბურთო ფორუმზე საასპარეზოდ დანია დაუშვეს. ამ ქვეყნის წამყვანი მოთამაშეები უკვე შვებულებაში იყვნენ და სკანდინავთა მთავარმა მწვრთნელმა რიხარდ მიოლერ-ნილსენმა მხოლოდ მოკლედროიანი წინასატურნირო შეკრების გამართვა მოასწრო.
ფინალური ეტაპის წინ გულშემატკივართა და სპეციალისტთა დიდი ნაწილი საფრანგეთის გამარჯვებას წინასწარმეტყველებდა. სამფეროვნებმა ხომ შესარჩევ ციკლში თავისებური რეკორდი დაამყარეს - რვა მატჩში მათ 20 გოლი გაიტანეს, თანაც, რვავე შეხვედრა მოიგეს. ამასთან, ფრანგთა ქვეჯგუფში ისეთი ძლიერი ნაკრებები ნოხვდენე, როგორებიც ჩეხოსლოვაკია და ესპანეთი იყვნენ. თუმცა, შვეციის სტადიონებზე ევრო84-ის ტრიუმფატორებმა მათთვის სახეიროს ვერაფერს მიაღწიეს. ფრანგებმა შეჯიბრების მასპინძელთან და ინგლისთან მხოლოდ ფრე გაახერხეს, დანიელებთან კი წააგეს. ასეთი რამ ფეხბურთში არცთუ იშვიათად ხდება ხოლმე - ავტორიტეტული მწვრთნელისა და მაღალი კლასის ფეხბურთელთა ნაზავი ადექვატურ შედეგს არ იძლევა ხოლმე. არადა, ფრანგებს მიშელ პლატინი წვრთნიდათ, ნაკრებში კი ერიკ კანტონა, ჟან პიერ პაპენი, დიდიე დეშამი, ლუის ფერნანდესი, ბაზილ ბოლი, ლორან ბლანი, ჟოსელინ ანგლომა თამაშობდნენ. აი, ასეთი გუნდი ჩარჩა ჯგუფში და ფრანგებს სანუგეშოდ მხოლოდ ისღა დარჩათ, რომ ბოლო ადგილი მათმა პრინციპულმა ოპონენტმა ინგლისმა დაიკავა.
ახლა კი ევრო92-ის მთავარ მოქმედ პირს, დანიას დავუბრუნდეთ. ”სამზარეულოს რემონტის დაწყებას ვაპირებდი, როცა სატელეფონო ზარი გაისმა და მითხრეს, ნაკრების ევროპის პირველობისთვის რომ უნდა მომემზადებინა”, - ჩემპიონატის დასრულების შემდეგ იტყვის რიხარდ მიოლერ-ნილსენი. არადა, ასეთი სერიოზული შეჯიბრებისთვის გუნდის სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოსაყვანად სკანდინავიელებს მხოლოდ ორი კვირა ჰქონდათ გამოყოფილი. მათ მდგომარეობას ის მომენტიც ართულებდა, რომ კონტინენტის პირველობაზე მონაწილეობა დანიელთა ფლეიმეიქერმა მიქაელ ლაუდრუპმა იუარა. მომავალმა ჩემპიონმა ტურნირი ინგლისთან ნულოვანი ყაიმით დაიწყო, მეორე მატჩში კი შვედი ფორვარდების ტომას ბროლინისა და მარტინ დალინის განეიტრალება ვერ მოახერხა და დამარცხდა. საწყისი ეტაპის დასკვნით შეხვედრაში კი დანიელებმა შესანიშნავად ითამაშეს, მიშელ პლატინის საფრანგეთს 2:1 სძლიეს და შვედებთან ერთად ჯგუფიდან ნახევარფინალში გავიდნენ.
მეორე ჯგუფში პირველ ადგილზე ევროპის მოქმედი ჩემპიონი ჰოლანდია გავიდა, რომელთა შორის განსაკუთრებით ახალგაზრდა ფორვარდი დენის ბერგკამპი გამოირჩეოდა. ნარინჯისფრებმა მეორე ადგილზე გასულ გაერთიანებული გერმანიის ნაკრებს 3:1 მოუგეს, ფრანკ რაიკაარდსა და რიჰარდ ვიჩგესთან ერთად კი გოლი ბერგკამპის ანგარიშზეც დაირიცხა. ფიასკო განიცადა საბჭოთა კავშირის ნაცვლად მოთამაშე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ნაკრებმა, რომელმაც ერთადერთი ქულით ბოლო ადგილი დაიკავა (მესამე შოტლანდია იყო, რომელმაც გაურკვეველი წარმონაქმნის საფეხბურთო წარმომადგენელს 3:0 მოუგო).  
დარმატული გამოდგა დანიისა და ჰოლანდიის ნახევარფინალი. ჰენრიკ ლარსენის ორ ბურთს ჰოლანდიელებმა ბერგკამპისა და რაიკაარდის ორი გოლით უპასუხეს. თამაშის ხასიათიდან გამოდინარე, წესითა და რიგით, გოლები დამატებით დროშიც უნდა გასულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში კი დანიელთა მეკარე პეტერ შმეიხელმა გაიბრწყინა. მან ევრო88-ის გმირს მარკო ვან ბასტენს მარჯვენა კუთხეში დარტყმული ბურთი აუღო და ფინალში საკუთარი ნაკრები გაიყვანა.
გერმანელთა მიერ შვეციის 3:2 დამარცხების შემდეგ (გამარჯვებულთაგან დუბლი კარლ-ჰაინც რიდლემ მიითვალა) პირველობისთვის გადამწყვეტ მატჩში ცოტა ვინმე თუ მოელოდა დანიელთა წარმატებას, ასე კი მოხდა. გეტებორგში ჩატარებულ გადამწყვეტი მატჩის მეთვრამეტე წუთზე ანგარიში ჯონ იენსენმა გახსნა. ამ შუახაზელს გოლები იშვიათად გაჰქონდა, თუმცა, ერთი ისეთი ”გაისროლა”, ფეხბურთის ისტორიაში შევიდა. გერმანელები ანგარიშის გაყაიმებას ლამობდნენ, მაგრამ მეორე ტაიმის მიწურულს კიმ ვილფორტმა მეორედაც აიღო ალემანთა კარი, შმეიხელმა კი მეტოქეს პრესტიჟის გოლის გატანის საშუალებაც არ მისცა.    

ფინალი
დანია - გერმანია 2:0
1992 წლის 26 ივნისი. გეტებორგი. ”ულევი”. 37 800 მაყურებელი.

გოლები: იენსენი (18). ვილფარტი (78).
გაფრთხილება: პეხნიკი - როიტერი, ჰესლერი, ეფენბერგი, კლინსმანი, დოლი.
დანია: შემეიხელი, სივებაკი (კრისტიანსენი 66), ნილსენი, ოლსენი, კრისტოფტე, იენსენი, პეხნიკი, ლარსენი, ვილფარტი, ბ. ლუდრუპი, პოულსენი.
მთ. მწვრთნელი: რიჰარდ მიოლერ-ნილსენი.
გერმანია: ილგნერი, როიტერი, ბრემე, კოლერი, ბუხვალდი, ჰესლერი, ჰელმერი, ზამერი (დოლი 46), ეფენბერგი (ტომი 80), რიდლე, კლინსმანი.
მთ. მწვრთნელი: ჰანს-ჰუბერტ (ბერტი) ფოგთსი.
მსაჯი: ბ. გალერი (შვეიცარია).

ტურნირის სიმბოლური ნაკრები: პეტერ შმეიხელი (დანია), ჟოსელინ ანგლომა (საფრანგეთი), ლორან ბლანი (საფრანგეთი), იურგენ კოლერი (გერმანია), ანდრეას ბრემე (გერმანია), რუუდ გულიტი (ჰოლანდია), შტეფან ეფენბერგი (გერმანია), ტომას ჰესლერი (გერმანია), ბრაიან ლაუდრუპი (დანია), დენის ბერგკამპი (ჰოლანდია), მარკო ვან ბასტენი (ჰოლანდია).


ინგლისი 1996

ფეხბურთის სამშობლოში გამართული კონტინენტური პირველობა ნოვაციათა რაოდენობით სარეკორდო აღმოჩნდა. ჯერ ერთი, ფინალურ სტადიაზე მონაწილეთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა, მეორეც საფეხბურთო ევროპის რუკაზე ათეულზე მეტი ახალი გუნდი გაჩნდა და მესამე - ნისლიან ალბიონზე გასამართი ტურნირის წინ პირველად ”ოქროს გოლი” შემოიღეს. მოგვიანებით სწორედ ამ წესმა გაარკვია ევროპის მორიგი ჩემპიონის ვინაობა.
ასე და ამგვარად, 1996 წლის ზაფხულის პირველ თვეს ინგლისში თავი კონტინენტის თექვსმეტმა საუკეთესო ნაკრებმა მოიყარა. ტურნირის მასპინძლები ფეხბურთის სამშობლოში დაბრუნებას ზეიმობდნენ და დიდი იმედიც ჰქონდათ, 1966 წლის მუნდიალის ანალოგიურად ამჯერადაც საბოლოო გამარჯვება მათ დარჩებოდათ. მართლაც ძნელია წარმოიდგინო პლანეტის მეორე სხვა ისეთი ქვეყანა, რომელსაც საფეხბურთო ფორუმის ზეიმად გადაქცევა ისევე შეეძლოს, როგორც ინგლისს. თუმცა, ერთიცაა - ბრიტანელ ფანებს აშფოთებდათ, პოლ გასკოინი და ალან შირერი ძველებურ ფორმაში რომ ვერ იყვნენ. ამის მიუხედავად, ინგლისელთა დამრიგებელმა ტერი ვენეიბლზმა ერთიცა და მეორეც საშეჯიბრო განაცხადში ჩართო და არ გაითვალისწინა ის ფაქტი, შირერს ნაკრებში გამოსვლისას 21 თვის განმავლობაში თავი რომ არ გამოეჩინა. ალანმა მწვრთნელი არჩევნის სისწორე პირველსავე მატჩებში დაამტკიცა. შვეიცარიასთან სასტარტო შეხვედრაში მან ანგარიში გახსნა, შირერმა თავი გამოიჩინა შოტლანდიასა და ჰოლანდიასთანაც. ჰაილენდერებს ინგლისელებმა 2:0 მოუგეს, მეორე ბურთი კი გასკოინის ანგარიშზეა. ჰოლანდიელები კი ვენეიბლზის შეგირდებმა შირერისა და ტედი შერინგემის დუბლებით 4:1 გაანადგურეს. ბენილუქსელებისთვის კი გადამწყვეტი პატრიკ კლუივერტის გოლი აღმოჩნდა, რომლის წყალობითაც ნარინჯისფრებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს და მომდევნო ეტაპისკენ გზა შოტლანდიელებს ჩაუკეტეს.
იტალიელებმა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა დანიელებმა ჯგუფური ბარიერი ვერ გადალახეს. მეოთხედფინალში კარელ პობორჟსკის ზუსტმა დარტყმამ პორტუგალია საუკეთესოთა ოთხეულს მიღმა დატოვა, ასევე მინიმალური სხვაობით მოუგო გერმანიამ ხორვატიას (2:1, გადამწყვეტი ბურთი კი მატიას ზამერმა ჩაიწერა აქტივში), ორ დანარჩენ მეოთხედფინალში კი გამარჯვებულის ვინაობა მატჩისშემდგომი პენალტების სერიამ გაარკვია. ინგლისმა ესპანეთთან და საფრანგეთმა ჰოლანდიასთან უგოლო ყაიმით დაასრულეს ასპარეზობები, საფეხბურთო ლატარეაში კი ბრიტანელებმა პირენელებს, სამფეროვნებმა კი ბენილუქსელებს სძლიეს. ბედის ირონიით კი ინგლისელებმაცა და ფრანგებმაც ნახევარფინალები სწორედ პენალტების სერიის შედეგად დათმეს. ამ უკანასკნელმა ჩეხებთან წააგო და დასავლეთსლავებს 20 წლიანი პაუზის შემდეგ ევროპის ჩემპიონობის კიდევ ერთხელ დაუფლების შანსი მისცა. მეორე ნახევარფინალში ალან შირერმა ანგარიში უკვე მესამე წუთზე გახსნა, თუმცა, შტეფან კუნცმა წონასწორობა მალევე აღადგინა და შემდგომში, დამატებითი დროის ჩათვლით, მეტოქეთა საგოლე მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. თერთმეტმეტრიანთა სერიაში კი ინგლისელთა მცველ გარეთ საუთგეითს არ გაუმართლა და ფინალში გერმანია გავიდა.
”უემბლიზე” შეკრებილი 76 ათასი მაყურებლისა და მილიონობით სატელევიზიო აუდიტორიის წინაშე გერმანელებს წინა გადამწყვეტ მატჩში წაგების რეაბილიტაცია სურდათ. ამ ამოცანის გადაჭრა კი მხოლოდ მას შემდეგ მოხერხდა, რაც ბერტი ფოგთსმა მინდორზე ოლივერ ბირჰოფი შეუშვა. ”უდინეზესა” და ”მილანის” გოლეადორმა ჯერ პატრიკ ბერგერის მიერ გატანილი გოლი გაქვითა, დამატებითი დროის მეხუთე წუთზე კი ჩეხებს ”ოქროს გოლი” გაუტანა. დასავლეთსლავთა მეკარე პეტერ კოუბას არაფერი დარჩენოდა, გარდა სიმწრისგან გაზონზე გაშხლართვისა.

ფინალი
გერმანია - ჩეხეთი 2:1 დ.დ.
1996 წლის 30 ივნისი. ლონდონი. ”უემბლი”. 73 611 მაყურებელი.

გოლები: 0:1 ბერგერი (59-პენ). 1:1 ბირჰოფი (73). 2:1 ბირჰოფი (95 - ”ოქროს გოლი”).
გაფრთხილება: ჰელმერი, ზამერი, ციგე - ხორნიაკი.
გერმანია: კეპკე, ბაბელი, ზამერი, ჰელმერი, შოლი (ბირჰოფი 69), შტრუნცი, აილტსი (ბოდე 46), ჰესლერი, ციგე, კლისნსმანი, კუნცი.
მთ. მწვრთნელი: ჰანს-ჰუბერტ (ბერტი) ფოგთსი.
ჩეხეთი: კოუბა, რადა, კადლეცი, სუხოპარეკი, ხორნიაკი, ბეიბლი, ნედვედი, ნემეცი, პობორჟსკი (შმიცერი 88), კუკა, ბერგერი.
მთ. მწვრთნელი: დუშან უგრინი.
მსაჯი: პ. პაირეტო.

ტურნირის სიმბოლური ნაკრები: ანდრეას კეპკე (გერმანია), ლორან ბლანი (საფრანგეთი), მარსელ დესაი (საფრანგეთი), მატიას ზამერი (გერმანია), პაოლო მალდინი (იტალია), პოლ გასკოინი (ინგლისი), კარელ პობორჟსკი (ჩეხია), დიტერ აილტსი (გერმანია), ალან შირერი (ინგლისი), ხრისტო სტოიჩკოვი (ბულგარეთი), დავორ შუკერი (ხორვატია).


გოჩა კაჭარავა




 

0.123401