იუგოსლავია 1976
ჩეხოსლოვაკიის ნაკრების ნახევარმცველის ანტონინ პანენკას მიერ ზუსტად შესრულებულმა თერთმეტმეტრიანმა მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში გამარჯვება და მასთან ერთად ევროპის ჩემპიონობა მოუპოვა ჩეხთა და სლოვაკთა გაერთიანებული ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებს, გადამწყვეტი დარტყმა კი პანენკამ მეტად ორიგინალურად შეასრულა - გერმანელთა მეკარე ზეპ მაიერი კუთხიკენ გადაიწია, ანტონინმა კი ბურთი კარის შუაში გაგზავნა. ამ შესრულებას მრგვიანებით ”ა ლა პანენკა” უწოდეს და ანალოგიურად შეასრულა პენალტი ზინედინ ზიდანმა გერმანიის 2006 წლის მუნდიალზე.
ევროპის 1976 წლის ჩემპიონატი უკანასკნელი იყო, რომლის ფინალურ სტადიაზე მხოლოდ ოთხი მატჩი ჩატარდა და ამ ტურნირის ”რეკორდსაც” ვერასდროს გააუმჯობესებენ. საქმე ისაა, რომ ორივე ნახევარფინალში, ფინალსა და მესამე ადგილისთვის მატჩში დამატებითი დრო დაინიშნა. გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისიდან კონტინენტური ფეხბურთის კულისებს მიღმა მუშავდებოდა პროექტი, რომლის მიხედვითაც ევროპის პირველობა მუნდიალის შესარჩევ ტურნირად უნდა ქცეულიყო. ამ იდეას აქტიურად უჭერდა მხარს უეფას მაშინდელი პრეზიდენტი გუსტავ ვიდერკერი. იგი 1972 წლის ზაფხულში გულის მწვავე შეტევით გარდაიცვალა, მის ნაცვლად იტალიელი არტემიო ფრანკი აირჩიეს, რომელმაც სასტიკად გაილაშქრა ამგვარი ნოვაციის წინააღმდეგ. ფრანკიმ მუშაობის პირველსავე დღეს ყველას გასაგონად განაცხადა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები ერთმანეთისგან ორი დამოუკიდებელი შეჯიბრება რომ იქნებოდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გახლდათ - ყოველ შემთხვევაში, ევრო76-ის საკვალიფიკაციო ტურნირის კენჭისყრის წინ წინა პირველობის შედეგები იქნა გათვალისწინებული და არა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდისა. ევრო76 დიდწილად სენსაციების ტურნირი გახდა. მაგალითისათვის, საკვალიფიკაციო ჯგუფებში ჩარჩენილი ნაკრებების ჩამოთვლაც კმარა - იტალია, ინგლისი, უნგრეთი, პოლონეთი. იმ პერიოდისთვის მადიარებსა და დასავლეთსლავებს ძლიერი ეროვნული გუნდები ჰყავდათ. პოლონეთი ხომ 1974 წელს გერმანიის მუნდიალზე მესამე ადგილზე გავიდა და იგივე მიღწევა ჰქონდა ესპანეთშიც 8 წლის შემდეგ.
კონტინენტის პირველობათა ისტორიაში პირველად დასკვნითი ტურნირი აღმოსავლეთევროპულ ქვეყანაში, იუგოსლავიაში ჩატარდა. შეჯიბრების ორგანიზატორ-მასპინძელთან ერთად საუკეთესო კვარტეტში მოქმედი ჩემპიონი გერმანია, იოჰან კრუიფის ჰოლანდია და ჩეხოსლოვაკია გავიდნენ. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ შეჯიბრება ძალიან მიმზიდველი, დაძაბული და დრამატულიც კი გამოდგა. ერთი შეხედვით, ჩეხოსლოვაკებს წარმატების მიღწევის ყველაზე ნაკლები შანსი ჰქონდათ. თუმცა, ამგვარი მიდგომა არასწორი რომ იყო, ჯერ კიდევ საკვალიფიკაციო ეტაპმა დაადასტურა. ვაცლავ ეჟეკის (მოგვიანებით ეს სპეციალისტი როტერდამის ”ფეიენოორდს” წვრთნიდა, რომელსაც თბილისის ”დინამომ” თასების თასის ნახევარფინალში მოუგო) გუნდმა ”უემბლიზე” ინგლისელებთან 0:3 წააგო, მაგრამ მოგვიანებით პრაღაში 2:1 მოიგო და საბოლოოდ ქვეჯგუფში პირველ ადგილზე დამკვიდრდა. მოულოდნელი გახლდათ უელსელთა მეოთხედფინალში გასვლა. ჯონ ბენჯამინ ტოშაკისა და ლეიტონ ჯეიმსის კარგი თამაშის წყალობით დასავლეთბრიტანელებმა მეორე საკვალიფიკაციო ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს, თუმცა, მეტად ვერ გააკვირვეს საფეხბურთო სამყარო და მეოთხედფინალში იუგოსლავიასთან დათმეს. ამ ეტაპზე ჩეხოსლოვაკიამ კიევის ”დინამოს” მოთამაშეებით დაკომპლექტებულ საბჭოთა ნაკრებს სძლია (2:0, 2:2), გერმანიამ ესპანეთს შანსი არ დაუტოვა, ჰოლანდიელებმა კი მეზობელი და პრინციპული მოწინააღმდეგე ბელგია ორი მატჩის ჯამში 7:1 გაანადგურეს.
იმ დროისთვის ჰელმუტ შიონის გუნდში გერდ მიულერი უკვე აღარ თამაშობდა, სამაგიეროდ, შეტევაში მშვენივრად გამოიყურებოდა მისი მოგვარე დიტერი. ბელგრადში ჩატარებულ ნახევარფინალში მან ჰეთ-თრიკი შეუსრულა იუგოსლავებს (ორი გოლი დამატებითი დროის მიწურულს გაიტანა) და გერმანია კიდევ ერთხელ გაიყვანა ფინალში. არადა, თავიდან სამხრეთსლავები 2:0 დაწინაურდნენ... ოვერტაიმი დაინიშნა მეორე ნახევარფინალშიც. იოჰან კრუიფი უძლური აღმოჩნდა ჩეხოსლოვაკებთან დაპირისპირებისას (1:3), რითაც ბენილუქსელებს ფინალში გასვლისა და გფრ-სთან რევანშის აღების საშუალება მოესპოთ.
პირველობისთვის ჩატარებულ გადამწყვეტ შეხვედრაში შიონის გუნდი ფავორიტი გახლდათ, თუმცა, ჩეხოსლოვაკიას ”უემბლიზე” წაფორხილების შემდეგ ზედიზედ 20 შეხვედრა არ ჰქონდა წაგებული და ალემანებთანაც 2:0 დაწინაურდა. მაგრამ გერმანელების მებრძოლი ხასიათის ამბავი ხომ იცით - მათ ჯერ ერთი ბურთი გაქვითეს, ძირითადი დროის დასრულებამდე წუთით ადრე მეორეც და საქმე საბოლოოდ პენალტების სერიამდე მივიდა. პირველი შვიდი დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა, ამის შემდეგ ული ჰიონესმა ბურთი ”ზეცაში” გაუშვა, ანტონინ პანენკას მიერ შესრულებულ თერთმეტმეტრიანზე კი ზემოთ მოგახსენეთ. ”პენალტის დარტყმაზე პატენტის აღება რომ შეიძლებოდეს, ამას აუცილებლად გავაკეთებდი”, - ხუმრობით ამბობდა ევრო76-ის გმირი.
ფინალი
ჩეხოსლოვაკია - გფრ 2:2 დ.დ. პენალტებით 5:3
1976 წლის 20 ივნისი. ბელგრადი. ”ცრვენა ზვეზდა”. 30 790 მაყურებელი.
გოლები: 1:0 შვეგლიკი (8). 2:0 დო.იაში 25. 2:1 დ. მიულერი (28). 2:2 ჰელცენბაინი (90).
გაფრთხილება: დობიაში, მოდერი.
ჩეხოსლოვაკია: ვიქტორი, პივარნიკი, ონდრუში, ჩაპკოვიჩი, გეგი, დობიაში (ვესელი 94), მოდერი, პანენკა, მასნი, შვეგლიკი (იურკემიკი 80), ნეჰოდა.
მთ. მწვრთნელი: ვაცლავ ეჟეკი.
გფრ: მაიერი, ფოგთსი, ბეკენბაუერი, შვარცენბეკი, დიტცი, ბონჰოფი, ბეერი (ბონგარცი 80), ვიმერი (ფლოე 46), უ. ჰიონესი, დ. მიულერი, ჰელცენბაინი.
მთ. მწვრთნელი: ჰელმუტ შიონი
მატჩისშემდგომი პენალტები: 1:0 მასნი, 1:1 ბონჰოფი, 2:1 ნეხოდა, 2:2 ფლოე, 3:2 ონდრუში, 3:3 ბონგარტცი, 4:3 იურკემიკი, 4:3 უ. ჰიონესი (ხარიხას გადააცილა), 5:3 პანენკა.
მთ. მსაჯი: ს. გონელა (იტალია)
ტურნირის სიმბოლური ნაკრები: ივო ვიქტორი (ჩეხოსლოვაკია), იან პივარნიკი (ჩეხოსლოვაკია), რუუდ კროლი (ჰოლანდია), იაროსლავ პოლაკი (ჩეხოსლოვაკია), ანტონ ონდრუში (ჩეხოსლოვაკია), ფრანც ბეკენბაუერი (გფრ), რაინერ ბონჰოფი (გფრ), ზდენეკ ნეხოდა (ჩეხოსლოვაკია), დიტერ მიულერი (გფრ), ანტონინ პანენკა (ჩეხოსლოვაკია), დრაგან ჯაიჩი (იუგოსლავია).
იტალია 1980
ევროპის 1976 წლის გათამაშებამ ძალიან მიმზიდველად ჩაიარა, ამიტომაც უეფამ დასკვნით სტადიაზე მონაწილე რაოდენობა ოთხიდან რვამდე გაზარდა. ტურნირის მასპინძლობა მეორედ ხვდა წილად იტალიას, თუმცა, ამჯერად, შეჯიბრება განსხვავებული და გაფართოებული ფორმატით ჩატარდა. თავდაპირველად (ისევე, როგორც ადრე) ჯგუფებში შესარჩევი ეტაპი გაიმართა, შემდეგ კი, როგორც მოგახსენეთ, დასკვნით სტადიაზე 8 ეროვნული გუნდი გავიდა, თუმცა, მათ კონტინენტის ჩემპიონობისთვის ბრძოლა ოლიმპიური სისტემით კი არ გააგრძელეს, არამედ, წრიული სისტემით - ოთხ-ოთხი გუნდი ორ ჯგუფში გადანაწილდა, რომელთა გამარჯვებულები ფინალურ მატჩში მონაწილეობის უფლებას იღებდნენ, მეორეადგილოსნებმა კი ბრინჯაოს მედლები გაითამაშეს. კიდევ ერთი სიახლე კი ის გახლდათ, რომ ტურნირის მასპინძელი ქვეყნის ნაკრები ავტომატურად იმკვიდრებდა ადგილს უძლიერეს რვა გუნდს შორის.
ენცო ბეარზოტის დამოძღვრილ მასპინძელთა ნაკრებს რთული ამოცანა ჰქონდათ გადასაჭრელი - მათ ფინალში გასასვლელად ისეთი გრანდები უნდა ჩამოეცილებინათ, როგორებიც ინგლისი და ესპანეთი არიან. ”სკუადრა აძურა” მაინც ფავორიტი იყო, თუმცა, გულშემატკივრებს ერთი რამ ადარდებდათ - იტალიელთა შორის არ იყო დისკვალიფიცირებული ბომბარდირი პაოლო როსი, რომელიც იმხანად ტოტალიზატორთან დაკავშირებით მაქინატორობის გამო სატუსაღოში იჯდა. აპენინელებზე არანაკლებად ფასდებოდა ინგლისელთა საფინალო შანსიც. მათ რიგებს ხომ ”ლივერპულის” ყოფილი და იმ დროისთვის უკვე ”ჰამბურგის” ვარსკვლავი კევინ კიგანი (შესარჩევი ეტაპის საუკეთესო გოლეადორი) იცავდა, რომელიც 1978 და 1979 წლებში ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ბელგიელებმა სწორედ მის განეტირალებაზე გააკეთეს აქცენტი და მოახერხეს კიდეც. ალბიონელთა და ბენილუქსელთა დაპირისპირება 1:1 დასრულდა, ტაბლოზე კი კიგანის გვარი არ აკიაფებულა. ფრედ დასრულდა იტალიისა და ესპანეთის დაპირისპირებაც. მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს ბელგია და იტალიაც. ამ ნაკრებებმა თავის მხრივ, შესაბამისად, ესპანეთსა და ინგლისს სძლიეს და არათუ თანაბარი ქულები (4-4) დააგროვეს, ბურთების შეფარებაც იდენტური ჰქონდათ. გადამწყვეტი კი ბელგიელთა მიერ უფრო მეტი გატანილი გოლი აღმოჩნდა, რის გამოც გი ტისის დამრიგებლობით ბელგიის ეროვნული გუნდი მის ისტორიაში პირველად გავიდა რომელიმე დიდი ტურნირის ფინალში.
მეორე ჯგუფში ყველას წინა პირველობის ფინალისტმა გფრ-მ აჯობა. მისმა ახალმა დამრიგებელმა იუპ დერვალმა ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი, 20 წლის ბერნდ შუსტერი (თამაშის მანერით იგი გიუნტერ ნეტცერს ჩამოჰგავდა) და ფორვარდი კარლ-ჰაინც რუმენიგე დააწინაურა. ორივემ მშვენივრად ითამაშა, გუნდის ცენტრალური თავდამსხმელი ჰორსტ ჰრუბეში კი ამბობდა: ”ბერნდი ჩვენი გუნდის საუკეთესო მოთამაშეა. იგი მთელ კოლექტივს კრავს”. ალემანებმა ჯერ წინა ჩემპიონატის ფინალში დამარცხებისთვის ჩეხოსლოვაკიაზე ჯავრი იყარეს, შემდეგ კიდევ ერთ ”ძველ” მოწინააღმდეგეს ჰოლანდიას 3:2 მოუგეს და საქვეჯგუფო ბოლო მატჩში ბერძნებთან ”დაისვენეს” - 0:0. ასე და ამგვარად, გადამწყვეტ მატჩში ერთამანეთს გერმანელები და გი ტისის ”წითელ ეშმაკები” შეხვდნენ. ”სკუადრა აძურას” წარუმატებლობამ კი ისე დაწყვიტა გული იტალიელ გულშემატკივრებს, მათ რომის ოლიმპიურ სტადიონზე მისვლა დაიზარეს და გადამწყვეტი მატჩის მსვლელობისას ტრიბუნები ლამის სანახევროდ ცარიელი იყო. ფინალი საინტერესო გამოვიდა. მეათე წუთზე ჰრუბეშმა გერმანია დააწინაურა, შესვენების შემდეგ კი ბელგიელებმა ინიციატივა ხელთ იპყრეს და წინასამატჩო სტატუს-კვოც აღადგინეს. გადამწყვეტი გოლი კი ისევ ”ჰამბურგის” ცენტრფორვარდ ჰორსტ ჰრუბეშის ანგარიშზეა. საინტერესოა აღინიშნოს, რომ იგი დერვალმა იტალიაში მხოლოდ იმიტომ წაიყვანა, რომ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ფეხი მოიტეხა კლაუს ფიშერმა. ჰრუბუშის გადამწყვეტი გოლის დროს კი ასისტენტად რუმენიგე მოგვევლინა.
და ბოლოს ერთიც - იტალიის ევროპის პირველობის შემდეგ მესამე ადგილისთვის მატჩი აღარ გამართულა. კონტინენტის ჩემპიონატის ბოლო ბრინჯაოს მედალოსანი კი ჩეხოსლოვაკიაა, რომელმაც პენალტების სერიით მასპინძელ იტალიას მოუგო.
ფინალი
გფრ - ბელგია 2:1
1980 წლის 22 ივნისი. რომი. ოლიმპიური სტადიონი. 47 864 მაყურებელი.
გოლები: 1:0 ჰრუბეში (10). 1:1 ვან დერ ეიკენი (72-პენ). 2:1 ჰრუბეში (89).
გაფრთხილება: კ-ჰ. ფიორსტერი - ლ. მილეკამპი, ვან დერ ეიკენი, ფ. ვან დერ ელსტი.
გფრ: შუმახერი, კალტცი, შტილიკე, კ-ჰ. ფიორსტერი, დიტცი, ბრიგელი (კულმანი 55), ჰ. მიულერი, ჰრუბეში, კ-ჰ რუმენიგე, ალოფსი.
მთ. მწვრთნელი: იუპ დერვალი
ბელგია: პფაფი, გერეტსი, მეუვსი, რენკინი, მილეკამპი, კოოლსი, ვან დერ ეიკენი, ვან მური, კულემანსი, ფ. ვან დერ ელსტი, მომენსი.
მთ. მწვრთნელი: გი ტისი
მსაჯი: რაინეა (რუმინეთი)
ტურნირის სიმბოლური ნაკრები: დინო ძოფი (იტალია), კლაუდიო ჯენტილე (იტალია), გაეტანო შირეა (იტალია), კარლ-ჰაინც ფიორსტერი (გფრ), ჰანს-პეტერ ბრიგელი (გფრ), მარკო ტარდელი (იტალია), იან კულემანსი (ბელგია), ბერნდ შუსტერი (გფრ), ჰანსი მიულერი (გფრ), კარლ-ჰაინც რუმენიგე (გფრ), ჰორსტ ჰრუბეში (გფრ).
გოჩა კაჭარავა