რაგბი

14:47 | 17.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ევროპაზე “დრაკონები” გაბატონდნენ

ზედიზედ მეორე წელია ევროპის ყველაზე და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სანაკრებო ტურნირზე – “ექვს ერზე” უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პირველობას არავის უთმობს. თუკი შარშან ამ ნაკრებმა ხუთივე რაუნდი ძლევამოსილად განვლო, წლევანდელის პირველ მატჩში საწყის 50 წუთში ირლანდიასთან “ჩავარდა” და გვიანმა გამოფხიზლებამ საშინაო მარცხისგან ვერ იხსნა, მაგრამ დარჩენილ მატჩებში საკუთარი ძალა ყველას აჩვენა და თასი დამსახურებულად შემართა.

კარდიფში “მილენიუმზე” გამართული მატჩი არაოფიციალური ფინალი იყო. ინგლისს ოთხივე თამაში მოგებული ჰქონდა და ერთი შეხედვით უკეთეს პოზიციაში იყო, მაგრამ თუნდაც განვლილი თამაშებიდან გამომდინარე, მცირედი უპირატესობა მაინც მასპინძლების მხარეს იხრებოდა. მოვლენებს გავუსწროთ და ისიც ვთქვათ, რომ ინგლისელებმა უკანასკნელ ოთხ თამაშში მხოლოდ ერთი ლელო გაიტანეს, რაც ძალიან ცოტაა და ამის ფონზე მათი მხრიდან “ექვსი ერის”, თანაც დიდი “სლემით მოგება” უსამართლობა იქნებოდა.

უელსმა არა მხოლოდ მოახერხა ინგლისი დამარცხება - 30:3, არამედ ამ გუნდთან 108 წლის წინ დამყარებული რეკორდიც გააუმჯობესა. 1905 წელს “დრაკონებმა” მეტოქეს 25:0 რომ მოუგეს, ეს იყო მათი ყველაზე დიდი სხვაობით გამარჯვება ინგლისის ნაკრებთან და ახლა ეს სხვაობა 27 ქულამდე გაიზარდა. პრინციპში, უელსელთა ეს თაობა, მით უმეტეს ასეთ მოდუნებულ ინგლისთან, გამარჯვებას, თასის ართმევას და ახალი რეკორდის დამყარებას ნამდვილად იმსახურებდა.

უელსელები თითქოს უფრო მოტივირებული იყვნენ, კარგად ირჯებოდნენ რაქში და არაერთხელ დაათმობინეს ინგლისელებს ბურთი შეტევაში. როცა ამას სახიფათო კონტრშეტევები მოჰყვებოდა, დიდი იყო რომელიმე მათგანის ლელოთი დასრულების ალბათობა და ასეც მოხდა.

მანამდე კი, ლეიგ ჰალფპენის სამ ჯარიმას ოუენ ფარელიმ ერთით უპასუხა და ტაიმი 9:3 დასრულდა. 51-ე წუთზე ჰალფპენიმ მეოთხე ჯარიმა გაიტანა, ხოლო 56-ე წუთზე ინგლისმა ბურთი დაკარგა, ის ალექს კატბერტს მიუვიდა, მანაც სისწრაფეზე ბოლო მცველი ჩამოიცილა და 35-მეტრიანი რეიდი ლელოთი დააგვირგვინა.

ოუენ ფარელს ჯარიმით ჩამორჩენის შანსი მიეცა, მაგრამ მას მესამედან მეორე დარტყმა გაუცუდდა და დანიელ ბიგარმა არეკნით უპირატესობა გაზარდა, ხოლო ერთ წუთში უელსის კიდევ ერთი სწრაფი, კარგი შეტევა, მარჯვენა ალამთან მეორე ლელოთი კვლავ კატბერტმა დააგვირგვინა. ამ ჯერზე გარდასახვაც ზუსტი იყო, ბიგარმა 70-ე წუთზე ჯარიმაც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 30:3.

იტალიის ნაკრები ხელწამოსაკრავი გუნდი რომ აღარაა, მით უმეტეს რომში, 2013 წლის “ექვს ერზე” უკვე მეორედ გამოჩნდა. პირველ ტურში საფრანგეთის ძლევის შემდეგ, იტალიელებმა დასკვნით მატჩში ირლანდია 22:15 დაამარცხეს და 2000 წლიდან მოყოლებული, რაც ამ ტურნირში მონაწილეობენ, მეორედ მოიპოვეს ერთ სეზონში 2 გამარჯვება.

იტალიელთა წარმატება, მათი კარგი თამაშის გარდა, ირლანდიელთა ცუდმა გარჯამაც განაპირობა. სტუმრები ხშირად აგებდნენ საკუთარ დერეფნებს, ხშირად ჯარიმდებოდნენ და სამჯერ დაისაჯნენ სინბინით. კიდევ ერთი, ტრავმებმა მათ თამაშში, პირველივე ტაიმში შეიტანა იძულებითი ცვლილებები.

პედი ჯექსონმა ირლანდია რომ დააწინაურა, ლუჩიანო ორკერამ 2, გონსალო გარსიამ კი ერთი ჯარიმით უპასუხეს. ჯექსონმა ტაიმის ბოლოს ჯარიმით ჩამორჩენა კი შეამცირა, მაგრამ 49-ე წუთზე ირლანდიელებმა ჩათვლის მოედნის ხაზზე თავი ვერ დაიცვეს და ჟანბატისტა ვენდიტიმ მატჩის ერთადერთი ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა.

ჯექსონმა 3 ჯარიმით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა და ანგარიში 16:15 გახდა, მაგრამ დასკვნითი 15 წუთი სრულად მასპინძლებისა იყო, რომლებმაც კიდევ 2 ჯარიმა მიითვალეს და 1997 წლიდან მოყოლებული ირლანდიასთან პირველი გამარჯვება მოიპოვეს.

ირლანდიას ყველაფერი წინ ელოდა. თუკი ფრანგები შოტლანდიის 16 ქულაზე მეტი სხვაობით დამარცხებას ვერ მოახერხებდნენ, მაშინ ბოლო ადგილი სწორედ მათი საკუთრება იქნებოდა. ეს ფრანგებმაც კარგად იცოდნენ და მაგრად მოინდომეს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი პირველი ტაიმი უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ, სტუმრებმა მათი მრავალფაზიანი იერიშები დიდი თავგანწირვის ხარჯზე მოიგერიეს, თავად კი საწყის 15 წუთში 2 ჯარიმა გაიტანეს და ტაიმი 6:0 მოიგეს.

მეორე ტაიმში ფრანგებმა ტემპს კიდევ უფრო უმატეს და ფრედერიკ მიხალაკმა 13 წუთში მასპინძლები 9:6 დააწინაურა (3 ჯარიმა), მაგრამ ხუთ წუთში წონასწორობა აღდგა.

65-ე წუთზე ფრანგებს ხუთწუთიანი აფეთქება ჰქონდათ, უესლი ფოფანამ და მაქსიმ მედარმა ლელოები რომ მიითვალეს მიხალაკმა და მაქსიმ მაშენომ გარდასახვები გამოიყენეს და ერთ ჯარიმას მათთვის ბოლო ადგილის თავიდან არიდება შეეძლო, მაგრამ აქეთ მიიღეს კონტრშეტევა, ტიმ ვიზერმა ერთი საპასუხო ლელო გაიტანა, ჯექსონმა რეალიზაცია გამოიყენა და მასპინძლები ხუთ მატჩში პირველად მოპოვებული გამარჯვების მიუხედავად, ბოლო ადგილზე დარჩნენ.

 

1

უელსი

5

4

0

1

122-66

8

2

ინგლისი

5

4

0

1

94-78

8

3

შოტლანდია

5

2

0

3

98-107

4

4

იტალია

5

2

0

3

75-111

4

5

ირლანდია

5

1

1

3

72-81

3

6

საფრანგეთი

5

1

1

3

73-91

3

0.316614