ძიუდო

11:18 | 26.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ევროპას ლიპარტელიანიც წაეხმარა

ძიუდოში ევროპისა და აზიის ნაკრებების დაპირისპირება ევროპის გამარჯვებით დასრულდა. რუსეთის ქალაქ ტიუმენში გამართულ სანახაობაში მონაწილეობა საქართველოს ნაკრების წევრებმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) და ვალერი ლიპარტელიანმაც (90 კგ) მიიღეს.

ევროპელთა წარმატებაში წვლილი მხოლოდ ლიპარტელიანმა შეიტანა, რომელმაც სამხრეთკორეელ კიუ-ვონ ლის ვაზარით მოუგო. ჭრიკიშვილი კი უზბეკ იახიო იმამოვთან იუკოთი დამარცხდა.

ევროპა და აზია ერთმანეთს შერეული გუნდებით დაეჭიდნენ და საბოლოო გამარჯვებული მამაკაცთა და ქალთა შვიდ-შვიდი შეხვედრის შეჯამებით გამოვლინდა. 14 ბრძოლიდან 10 ევროპელებმა მოიგეს, 4 - აზიელებმა.

რუსმა ალესია კუზნეცოვამ (48 კგ) მონღოლი ურანცეცეგ მუნხბატი დაამარცხა. იაპონელმა ნაოჰიშა ტაკატომ (60 კგ) - რუსი არსენ გალსტიანი. რუმინელმა ანდრეა ჩიტუმ (52 კგ) – იაპონელი იუკი ჰაშიმოტო, უკრაინის სახელით მოჭიდავე გიორგი ზანთარაიამ (66 კგ) - ყაზახი აზამატ მუკანოვი, პორტუგალიელმა ტელმა მონტეირომ (57 კგ) - მონღოლი სუმიია დორიასურენი, ჰოლანდიელმა დექს ელმონმა (73 კგ) - მონღოლი ცაგანბაატარ ჰაშბაატარი, იაპონელმა კანა აბემ (63 კგ) - ჰოლანდიელი ანიჩქა ვან ემდენი.

ჭრიკიშვილის წაგების შემდეგ საერთო ანგარიში 5:3 გახდა, მაგრამ აზიელებმა ანგარიშის სათავისოდ შეტრიალების იმედი მალევე დაკარგეს - გერმანელმა ლაურა ვარგას-კოხმა (70 კგ) კორეელ სეონგ-იეონ კიმს სძლია, ლიპარტელიანმა კი ევროპის უპირატესობა 4 ქულამდე გაზარდა - 7:3.

აზიელთაგან ბოლო ქულა სამხრეთკორეელმა გიონგ-მი იეონმა (78 კგ) აიღო, უნგრელი აბიგელ იოს ძლევით. შემდეგ კი ... ჰოლანდიელმა ჰენკ ხროლმა (100 კგ) უზბეკი სოიუბ ყურბანოვი დაამარცხა, სლოვენიელმა ლუსია პოლავდერმა (+78 კგ) – სამხრეთკორეელი იუნგ-ეუნგ ლი, ხოლო რუსმა ალექსანდრ მიხაილინმა (+100 კგ) - ყირგიზი იური კრაკოვეცკი.

0.119832