“თუ ახლაც ლეო მესის მისცეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდება, მაშინ დავიჯერებ, რომ მსოფლიო ფეხბურთს მართლა მაფია მართავს”, – მეუბნება ერთ-ერთი ნაცნობი ”რეალის” ქომაგი, რომელიც დარწმუნებულია, რომ თუკი სამართალი არსებობს, პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს წლეულს მაინც უნდა მიანიჭონ მსოფლიოში საუკეთესოს ტიტული.
ცხოვრებაში ყველაზე ძალიან რაც მიჭირს, ეს ერთი გუნდის ”სიყვარულით დაბრმავებულ” ადამიანებთან კამათია და როგორც წესი, მათთან საუბრისას, ვცდილობ, რომ ჩემი შეხედულებები რაც შეიძლება ნაკლებად გავამხილო, რადგან თუკი ადამიანს თავისი საყვარელი გუნდის იქით გახედვა არ შეუძლია, მასთან უბრალოდ არგუმენტების მოყვანასაც კი ეკარგება აზრი.
ვინ იმსახურებს წლეულს ყველაზე მეტად მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას?! ჩემი ნება რომ იყოს, მსოფლიოში საუკეთესოდ წლევანდელ “კოპა ამერიკაზე” ურუგვაის ნაკრების ტრიუმფის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს – დიეგო ფორლანს დავასახელებდი, მაგრამ ვიცი, რომ ასე არ იქნება და ამგვარ არჩევანში კომპეტენტურ ხალხს ვერც გავამტყუნებთ, რადგან სადაც კი გაიხედავთ, ყველგან ”რეალი”-“ბარსელონას” მტრობასა და რონალდუ-მესის დაპირისპირებაზე საუბრობენ. ხოლო, რაზეც ბევრს საუბრობენ (თუნდაც მკვეთრად უარყოფითი კონტექსტით) საბოლოო ჯამში, მაინც სწორედ ის არის პოპულარული.
”ბარსელონა” რომ შესანიშნავი გუნდია და ლეო მესი რა სასწაულების შემძლეცაა, ეს ყველამ კარგად ვიცით. ან ჟოზე მოურინიოს დამოძღვრილი ”რეალი” თავისი სასწაულმოქმედი პორტუგალიელი ბომბარდირით, რითია კატალონიელებზე ნაკლები? მაგრამ, ბოლო წლებში, მადრიდულ-კატალონიურმა დაპირისპირებამ სხვა ყველა მოვლენა იმდენად გადაფარა და დაჩრდილა, რომ ხშირად ობიექტურობაზე პრეტენზიის მქონე ადამიანებსაც კი ავიწყდებათ ის ცხადი ჭეშმარიტება, რომ ფეხბურთის თამაში, ესპანეთის გარდა, არც სხვა ქვეყნებში ეშლებათ და კრიშტიანუსა და ლაიონელის მიღმა, კიდევ სხვა უამრავი ფეხბურთელია, რომლებმაც მიმდინარე წელიწადში შესანიშნავად ითამაშეს.
ფორლანსა და “კოპა ამერიკაზე” მშვენივრად მოთამაშე სხვა ურუგვაელებსაც რომ თავი დავანებოთ, რას ვერჩით ზლატანსა და პატოს? ეშლი კოულსა და ფრენკ ლამპარდს? სტევან იოვეტიჩსა და მარიო გომესს? ანდა ვისზე ნაკლები ბიჭები არიან არიენ რობენი, უეინ რუნი, კარლოს ტევესი და ჩიჩარიტო? მათ უმეტესობას ხომ თავი წლეულსაც არ დაუზოგავს? თუკი მთავარი განმსაზღვრელი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, მაშინ შარშან ეს თასი მილანის ”ინტერმა” დაისაკუთრა და საუკეთესოდ რატომ არ აღიარეს ვესლი სნეიდერი, სამუელ ეტოო, ან დიეგო მილიტო?
ესეც არ იყოს, მადრიდის ”რეალისა” და კრიშტიანუ რონალდუს მიერ გასულ სეზონში მოპოვებული ესპანეთის კინკილა თასის საპირწონედ, ”მანჩესტერ იუნაიტედის” და უეინ რუნის ინგლისის პრემიერლიგაში გამარჯვება რატომ არ უნდა დადგეს? არაფერი მაქვს საწინააღმდეგო ესპანური საკლუბო ფეხბურთის გრანდებთან და მათ ლიდერებსაც განუზომლად დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ნამდვილად არ იქნება მოსაწონი ამ ორი ესპანური გიგანტის გამოისობით, რომ სხვა ევროპული კლუბები და ფეხბურთელები დაიჩაგრონ. თუკი წლეულსაც საუკეთესოს წოდებას ლეო მესის, ანდა მის პორტუგალიელ მუდმივ მეტოქეს მისცემენ, ამ ფაქტს ვერავინ გავაპროტესტებთ, რადგან სრული აბსურდი იქნება იმის მტკიცება, რომ ერთი ან მეორე არ იმსახურებს ასეთ აღიარებას. მაგრამ, თუკი სულ ასე გაგრძელდა, ეს გრძელვადიან პერსპექტივაში, სავარაუდოდ, ძალიან ცუდ შედეგებს გამოიწვევს.
”20 წელია, რაც მიუნჰენის ”ბაიერნს” ვგულშემატკივრობ. ამ ხნის განმავლობაში, ჩემი გუნდის ფეხბურთელი - ოლივერ კანი - მხოლოდ ერთხელ დაასახელეს ევროპის საუკეთესოდ. ძირითადად, ყურადღება სულ ესპანეთსა და ინგლისში მოთამაშე ფეხბურთელებზეა გადატანილი. არადა, საცოდაობა არ არის, რომ არიენ რობენს, ამ დიდებულ ფეხბურთელს ჯერ კიდევ არ ღირსებია აღიარება?!” – ეს სიტყვები ერთ-ერთ ქართულ ინტერნეტფორუმზე ”ბაიერნის” გულდამწვარმა ქართველმა ქომაგმა დაწერა. მოგატყუებთ თუ ვიტყვი იმას, რომ ბოლომდე მესმის ამ ადამიანის, რადგან თუკი მას აქვს წუწუნის უფლება, მაშინ რაღა უნდა ვთქვათ, ყველგან და ყველაფერში დაჩაგრული გაბრიელ ბატისტუტას გულშემატკივრებმა... თუმცა, მიუნჰენური კლუბის ქომაგის ამ შეხედულებას ნამდვილად აქვს არსებობის უფლება და რაც მნიშვნელოვანია, მის მსგავსად ”ლივერპულის”, ”ბორუსიას”, ”იუვენტუსისა” და ევროპის სხვა დიდი კლუბების გულშემატკივრებიც ფიქრობენ. მოკლედ, წლეულს საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენისას დიდი ამბები იქნება მოსალოდნელი და ცნობილ პოლიტიკურ გამოთქმას თუ მოვიშველიებთ, ”ევროპა ცვლილებების მოლოდინშია!”.
ლევან სეფისკვერაძე