სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების თბილისში დაბრუნებას დაელოდა და ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციასთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია მოაწყო. დღეს სპორტის სამინისტროში ევროპის ჩემპიონატის მედალოსნებიც მივიდნენ. შეგახსენებთ, კლასიკოსებმა ევროპირველობა ერთი ოქროს მედლით ჩაამთავრეს - რევაზ ლაშხი (60 კგ) ევროპის ჩემპიონი გახდა. თავისუფალთაგან კი ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (55 კგ) და დავით მარსაგიშვილმა (84 კგ) თავი ვერცხლის მედლებით გამოიჩინეს, ხოლო დავით ხუციშვილი (74 კგ) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
“მადლობა ნაკრების მწვრთნელებს, მთლიანად ჭიდაობის ფედერაციას და რაღა თქმა უნდა, მოჭიდავეებს, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას მიაღწიეს. მინდა, სპორტის სხვა სახეობების ხელმძღვანელთა გასაგონად ვთქვა, ჭიდაობაში მიღწეული შედეგი პირველყოვლისა მწვრთნელთა კორპუსის და ფედერაციის ხელმძღვანელობის შეხმატკბილებულმა მუშაობამ მოიტანა. მედალოსნებს, როგორც ყოველთვის, შრომა ამჯერადაც სათანადოდ დაუფასდებათ. რევაზ ლაშხი პრემიის სახით 20 ათას ამერიკულ დოლარს მიიღებს. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და დავით მარსაგიშვილი – 15-15 ათასს, ხოლო დავით ხუციშვილი – 10 ათასს. გარდა ამისა, ამ ბიჭებს ყოველთვიური ხელფასიც გაუორმაგდებათ. იმედია, ეს ფინანსური წახალისება მათთვის დამატებითი სტიმული იქნება” – განაცხადა სპორტის მინისტრმა, ლადო ვარძელაშვილმა.
აქვე, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ კახა გეწაძის კომენტარიც:
“პეკინის 2008 წლის ოლიმპიადის შემდეგ ნაკრებში სირთულეები გვქონდა. ეს ბოლო წლების შედეგებშიც გამოჩნდა. ძირითადი ნაკრების ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე გამოსვლებს ვგულისხმობ, თორემ ასაკობრივებს შედეგიანობა არ დაეწუნებოდათ. ეს წარუმატებლობები მნიშვნელოვანწილად იმ პროცესით იყო განპირობებული, რომელიც ნაკრებში მიმდინარეობდა. აქცენტი ახალი გუნდის მშენებლობაზე გაკეთდა და დორტმუნდის ევროპის ჩემპიონატზე გამოჩნდა, რომ მომავლის იმედი უნდა გვქონდეს. ეს შედეგი პირველყოვლისა ბიჭების მონდომებამ, მობილიზებამ, მწვრთნელთა კორპუსის მუხლჩაუხრელმა შრომამ და სახელმწიფოს გვერდში დგომამ მოიტანა. წინ მსოფლიოს ჩემპიონატია, რომელზეც ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ლიცენზიებიც გათამაშდება. ჩვენი ოლიმპიური დევიზია – უკეთ, ვიდრე პეკინში. ეს მართლა ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბიჭები ცდას არ დააკლებენ. იმედია, საქართველოს ჰიმნს მსოფლიოს ჩემპიონატზე 2-3 ჯერ ავაჟღერებთ. რაც შეეხება დავით მარსაგიშვილის ფინალს და ხელიდან გამოგლეჯილ ოქროს მედალს, სამწუხაროდ, ასეთი რამეები მაინც ხდება. ბევრი ვებრძოლეთ და მივაღწიეთ კიდეც, რომ მთლად ძველებურად ვეღარ გვჩაგრავდნენ, მაგრამ ამჯერად მაინც დავიჩაგრეთ”.
ოთარ მაღლაკელიძე