კალათბურთი

16:51 | 13.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტი უკრაინაში აღარ ჩატარდება

ახალი ფორმატით, პლეი-ოფში 16 ნაკრები გავა

2015 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი უკრაინაში აღარ გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება ფიბა-ევროპამ სპეციალურ სხდომაზე მიიღო, რომელიც ორგანიზაციის ხელმძღვანელთა უკრაინაში ვიზიტის კვალად შედგა.

ფიბა-ევროპას პრეზიდენტი თურგაი დემირელი უკრაინაში პირადად ჩავიდა და ადგილობრივთა მხრიდან გარკვეული გარანტიების მიღებას ცდილობდა, თუმცა, როგორც სჩანს, მსგავსს ვერაფერს მიაღწია. გასაკვირიც არაა. ქვეყანას, რომელშიც ფაქტობრივად საომარი ქმედებები მიმდინარეობს, ევრობასკეტს არავინ დაუტოვებდა.

უახლოეს პერიოდში ფიბა-ევროპა ახალი მასპინძლის მოსაძიებლად კონკურსს გამოაცხადებს და განაცხადების მიღება 31 ივლისამდე იქნება შესაძლებელი, ხოლო თუ სად შედგება ევრობასკეტ-2015, მაქსიმუმ 30 სექტემბერს გახდება ცნობილი.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში სიტუაცია გამწვავდა, ევროპის ჩემპიონატის მიღების სურვილი 16-მდე ქვეყანამ გამოთქვა, ფავორიტებად კი საფრანგეთს, ესპანეთს და თურქეთს ასახელებენ.

ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც. გაირკვა ისიც, რომ 2015 წლის ევრობასკეტი 5-20 სექტემბერს ახალი ფორმატით გაიმართება. 24 ფინალისტი ტრადიციულად ოთხ ექვსგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება, მე-2 ჯგუფური ეტაპის ნაცვლად კი, პირდაპირ მერვედფინალები დაიგეგმა, სადაც ჯგუფების ოთხ-ოთხი საუკეთეო გავა.

შეგახსენებთ, რომ მომავალი პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირი მომავალ აგვისტოს შედგება და საქართველოს საკალათბურთო ნაკრები E ჯგუფში პორტუგალიას, ჩეხეთს და უნგრეთს ეთამაშება.

შესარჩევ ციკლში 26 ნაკრები შვიდ ჯგუფშია გადანაწილებული, საიდანაც ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლებას პირველადგილოსნები და ექვსიც საუკეთესო მეორეადგილოსანი მიიღებს.

აღნიშნული 13 გუნდის გარდა, ფინალში თამაში უკვე დაბევებული აქვთ უკრაინას, ესპანეთს, ესტონეთს, საფრანგეთს, სლოვენიას, ხორვატიას, ლიტვას, სერბეთს, ფინეთს, საბერძნეთს და თურქეთს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114867