ფეხბურთი

18:57 | 13.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ეტოოს მოურინიოსთან მუშაობა უნდა

მახაჩყალის “ანჟის” კამერუნელი ვარსკვლავი სამუელ ეტოო ფეხბურთის პორტუგალიელ სპეციალისტთან, ჟოზე მოურინიოსთან კვლავ მუშაობის სურვილს გამოთქვამს.

“მოურინიო ერთადერთი და განუმეორებელია. კარიერის განმავლობაში, არაერთ მწვრთნელთან მიმუშავია, მაგრამ ასეთი განსაკუთრებული ხასიათი მხოლოდ მოურინიოს ჰქონდა.

“ინტერში”, მოურინიოსთან ერთად, ბევრი ტიტული მოვიგე და ამიტომ, მასთან ერთად მუშაობა კვლავ მსურს.

“ჩელსი” კარგი გუნდია, მაგრამ მე და ჩემი აგენტი სხვა წინადადებებსაც განვიხილავთ და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ.” – ციტირებს ეტოოს სიტყვებს Football Italia.

ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც ეტოო “ბარსელონაში” თამაშობდა, ხოლო მოურინიო “ჩელსის” პირველად წვრთნიდა, ამ გუნდების ერთ-ერთი დაპირისპირების შემდეგ, პორტუგალიელის ქმედებებით გაღიზიანებულმა ეტოომ განაცხადა, რომ ის მოურინიოსთან ერთად არასდროს იმუშავებდა. თუმცა, მოგვიანებით, მათი გზები “ინტერში” გადაიკვეთა და “განსაკუთრებულმა” ეტოოზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. მას შემდეგ, კამერუნელი პორტუგალიელის ქებას არ ერიდება.

როგორც ცნობილია, “ანჟი” მზადაა გუნდის ნებისმიერ ლიდერს შეელიოს. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ეტოოს შეძენის სურვილს “ნაპოლი” და “ჩელსი” გამოთქვამენ და 32 წლის აფრიკელი თავდამსხმელი არცერთ ამ გუნდში თამაშის წინააღმდეგი არაა.

0.113959