ფეხბურთი

22:14 | 25.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ეტოო: “გვარდიოლას, როგორც მწვრთნელს, არაფერი დაუმტკიცებია”

ლონდონის “ჩელსის” კამერუნელი თავდამსხმელი სამუელ ეტოო თავის ყოფილ მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას აკრიტიკებს.

2009 წელს, ეტოომ “ბარსელონა” სწორედ გვარდიოლას გამო დატოვა. როგორც ირკვევა, მწვრთნელს და ფეხბურთელს კარგი ურთიერთობა არც მათი ერთად მუშაობის ერთი წლის განმავლობაში ჰქონდათ.

“გვარდიოლას თავიდანვე შევახსენე, რომ ის დიდი ფეხბურთელი არასდროს ყოფილა. ის კარგი ფეხბურთელი იყო, ეს მართალია. როგორც მწვრთნელს, მას არაფერი დაუმტკიცებია. როდესაც გუნდში მოვიდა, მან გასახდელში არსებული სიტუაციის შესახებ არაფერი იცოდა.

გვარდიოლას ჩემთან პირდაპირ საუბრის გამბედაობა არასდროს ჰყოფნიდა. ის სხვა ფეხბურთელების საშუალებით მეკონტაქტებოდა. ჩავიმ მითხრა, რომ გუნდს ჩემი შენარჩუნება სურდა, მაგრამ პეპთან უნდა მესაუბრა. ვუპასუხე, რომ ამას არასდროს ვიზამდი. თუ ის არ მცემდა პატივს, მეც ამითვე ვუპასუხებდი.

პეპი მიხსნიდა როგორ უნდა იმოძრაოს თავდამსხმელმა. ვუთხარი, რომ ის ნორმალური არ იყო. სიმართლე ისაა, რომ პეპი საფეხბურთო საკითხებს პატივს არ სცემს.

გული იმაზე დამწყდა, რომ მოიგონეს ისტორიები, რომლებიც შემდეგ პრესამ გაავრცელა. კლუბს ჩემი უზბეკეთში გაყიდვა უნდოდა. დარჩენა გადავწყვიტე და ვთქვი, რომ მომავალში მათ ბოდიშის მოხდა მოუწევდათ.

როდესაც “ინტერში” ვთამაშობდი, გვარდიოლამ ხელი მხოლოდ კამერების წინ ჩამომართვა. მატჩის წინ ის არც მომსალმებია.” – განაცხადა ეტოომ BeIN Sports-ის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ეტოო ერთადერთი ფეხბურთელი არაა, რომელიც გვარდიოლას აკრიტიკებს. კატალონიელი სპეციალისტის მიმართ თავისი ანტიპათია არაერთხელ დააფიქსირა ზლატან იბრაჰივმოვიჩმა, რომელიც “ბარსელონაში” სწორედ ეტოოს შემცვლელად მიიწვიეს.

0.120368