სხვა

12:13 | 12.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ESPN საქართველოშია - სპორტსმენობიდან ჟურნალისტობამდე

11 აპრილს საქართველოს ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი ჯეინ მაკმანუსი ეწვია და ლექცია ჩაუტარა მომავალ ქართველ ჟურნალისტებს. მაკმანუსი 1998 წლიდან მუშაობს სპორტულ ჟურნალისტად სხვადასხვა ამერიკულ გამომცემლობებში, ამჟამად კი ESPN.COM-თვის ამერიკულ ფეხბურთს მიმოიხილავს. მართალია, მისი მოღვაწეობის ძირითადი სფერო ამერიკული ფეხბურთის გაშუქებაა, თუმცა ასევე ძალიან დიდ დროს უთმობს ქალი სპორტსმენების თემატიკაზე წერას და თავად ქალთა სპორტის გულშემატკივარია.

საერთოდ, მისი სიყვარული სპორტისადმი უფრო მეტია ვიდრე უბრალო გულშემატკივრის, რადგან თავად იყო სპორტსმენი წლების განმავლობაში. ბავშვობაში მაკმანუსი კალათბურთელი გახლდათ, თუმცა მისი ბავშვობის პერიოდში სიტუაცია მეტად განსხვავდებოდა დღევანდელისგან და ქალებს სპორტში თავის დასამკვიდრებლად ბევრად უფრო მეტი გარჯა უწევდათ, ვიდრე მამაკაცებს. 2008 წლიდან ჯეინი ასევე დაკავებულია „როლერ-დერბით“ და საკმაოდ კარგი შედეგებიც აქვს. საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ის დღემდე დაინტერესებულია ქალი ათლეტების მდგომარეობით და საკუთარ სვეტებს უძღვნის ამ თემატიკას.

სპორტულ ჟურნალისტად მუშაობა სწორედ სპორტის სიყვარულმა გადააწყვეტინა, თუმცა 15-წლიანი გამოცდილების მიუხედავად, აღიარებს, რომ გაუჭირდება ნბა-ს გაშუქება, რადგან ვერ მოახერხებს ნეიტრალურობის შენარჩუნებას.

აღმოჩნდა, რომ მაკმანუსი „ნიუ-იორკ ნეთსის“ ფანი იყო ბავშვობაში, თუმცა დიდი ხანია კალათბურთის თამაშებს არ დასწრებია, რადგან ისედაც მუდმივად სტადიონებზე ყოფნისგან დაღლილი, შვებულებისას სპორტისგან ისვენებს, ნბა-ს გაშუქებაზე სრული განაკვეთით, ისედაც არასდროს უმუშავია. აქვე დასძინა, რომ ესაა იმის მიზეზი, რომ არც ქართველი კალათბურთელის თორნიკე შენგელიას თამაში უნახავს მის ფავორიტ კლუბში. თუმცა არნახვა სულაც არ ნიშნავს არცოდნას - მან ჩამოთვალა ნბა-ში მოთამაშე (ყოფილი და ამჟამინდელი) ქართველი კალათბურთელები, შემდეგ ახსენა მოჭიდავეები და ისიც თქვა, რომ საქართველოს საკმაოდ განვითარებული აქვს ეს მიმართულება და ბევრი ცნობილი ათლეტი ჰყავდა ამ სახეობაშიც. აქვე აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილია ქართველები მოჭადრაკეებიც. არც ესაა ყველაფერი - ის ასევე იცნობს ქართველ 13 წლამდე გოგონათა საფეხბურთო კლუბის მოთამაშეებს, რომლებიც დისნეის თასზე გაიცნო, ფლორიდაში. საქართველოში ჩამოსვლისთანავე შეხვდა ტანმოვარჯიშე გოგონებსაც...

მაკმანუსის შეფასებით, დღევანდელი ახალგაზრდა მანდილოსნებისთვის ბევრად მარტივია თვითრეალიზაცია სპორტში, ვიდრე მისი ახალგაზრდობის პერიოდში.

მისი თქმით, სპორტი ძალიან აქტუალურია ამერიკაში, თუმცა არა ისე, როგორც ეს წლების წინ იყო. მან ისაუბრა ტენდენციურ ცვლილებებზე, რაც ძირითადად ბეჭდვითი მედიიდან ელექტრონულ მედიაზე გადასვლას გულისხმობს. როგორც აღმოჩნდა, ამერიკაში სპორტული გაზეთების რეიტინგი პრაქტიკულად გაქრა, ყველა ინტერნეტ-გაზეთებზეა გადასული, ხოლო ორივეს ერთად პირდაპირი ტრანსლაციების რეიტინგი ფარავს. რეიტინგების ლიდერი გადაცემა „სუპერბოლია“, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, მთელ ამერიკას აერთიანებს.

გამოცდილების გაზიარებისას, თავადაც საკმაოდ კმაყოფილი დარჩა ქართული სპორტული რედაქციების მუშაობის დეტალების გაცნობით. მაგალითად, მოეწონა ტექნოლოგია, რასაც იყენებს „მსოფლიო სპორტი“ საზოგადოებამდე ინფორმაციის სწრაფ რეჟიმში მისატანად: „ზოგადად ყველა ქვეყანას თავისთვის მოსახერხებელი მექანიზმი აქვს, რათა უსწრაფესად მიაწოდოს ხალხს ინფორმაცია, როგორც ვხედავ თქვენც გიპოვიათ ის საუკეთესო გზა“.

თავად 1998 წელს დაიწყო წერა და მაშინ „პეიჯერის“ მსგავს მექანიზმს იყენებდა სტატიის დასაწერად, თუმცა, როგორც აღნიშნა, 1999 წლიდან დღემდე მისი შეუცვლელი ატრიბუტი ლეპტოპი გახდა.

სასტიკად იუარა ვინმე კონკრეტულ სპორტსმენზე ეთქვა, მხარს ვუჭერ, ან ვგულშემატკივრობო, რადგან როგორც განმარტა, კარიერა მისგან ნეიტრალურობას მოითხოვს. თუმცა ჩაძიების შემდეგ, მაინც გამოხატა სიმპათია სერენა უილიამსის მიმართ და აღნიშნა, რომ ძალიან გაუხარდება მისი შვილები უილიამსის გულშემატკივრები რომ იყვნენ, რადგან ის ერთ-ერთი უძლიერესი სპორტსმენი ქალია.

რაც შეეხება დარღვევებს ამერიკის სპორტში, მან გაიხსენა ჩოგბურთელი მარტინა ჰინგისის მაგალითი, რომელსაც პირადად იცნობს. საუბარია, ჰინგისის ჩაგდებულ დოპინგ-ტესტზე, კოკაინის ძალიან მცირე დოზის გამო. თუმცა მის შემთხვევაში, მთელი ჩოგბურთის ასოციაციის დიდი მხარდაჭერისა და მრავალწლიანი მტკიცების ხარჯზე, მარტინამ მოიპოვა სპორტში დაბრუნებისა და ასპარეზობის უფლება.

არც გადაკეთებული ასაკის პრობლემაა მხოლოდ საქართველოს ფენომენი, როგორც აღნიშნა მაკმანუსმა, ასაკის გადაკეთების ფაქტები ძირითადად ბეისბოლში ფიქსირდება, რაც შეეხება ამერიკულ ფეხბურთს, აქაც ისევე, როგორც კალათბურთში, კოლეჯიდან ზრდიან სპორტსმენს და იქვე აკონტროლებენ მას, ასე რომ, მსგავსი შემთხვევები საერთოდ არ ხდება.

სპორტი მაკმანუსის ოჯახში მხოლოდ მისი გატაცება არაა, მისი 10 წლის გოგონა კლდეზე ცოცვით არის დაკავებული, მეორე, უმცროსი, 8 წლის გოგონა კი მამის კვალს დაადგა და ჩოგბურთითაა გატაცებული. 

როგორც გაირკვა, აქ ჩამოსვლამდე მაკმანუსს საქართველოს ისტორია ბევრ ქართველზე კარგად შეუსწავლია, ასევე გაეცნო ქვეყნის გეოპოლიტიკურ მდებარეობას, ასე ვთქვათ, ნამდვილი ჟურნალისტური მახასიათებლები გამოავლინა. განსაკუთრებით აღტაცებით საუბრობს ქართულ საჭმელებზე. როგორც აღმოჩნდა, სტუმარი ახალციხეში რესტორანში დაპატიჟეს და როგორც თავად მაკმანუსი ამბობს, ძალიან თბილი ხალხი და უგემრიელესი საჭმელები დახვდა. განსაკუთრებით ფართო ასორტიმენტმა მოხიბლა, რადგან ხორცის დიდი მოყვარული არაა და ცდილობს ვეგეტარიანული საკვები მიიღოს. ძალიან მოეწონა: ლობიანი, ლობიო, ხაჭაპური და „ყველიანი ხინკლები“.

„ძალიან ლამაზი ქვეყანაა, მაგრამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ თქვენმა კერძებმა დამტოვა!“ - სწორედ ამ სიტყვებით დაიწყო ჯეინ მაკმანუსმა ლექციაც და ინტერვიუც...

0.123524